logo
ENG



ენმ-ის ნაწილი მელიას მოუწოდებს, მოიწვიოს პოლიტსაბჭო და ჩანიშნოს პარტიაში არჩევნები

02 დეკ 202211:13
3 წუთის საკითხავი
clock 448

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრთა ნაწილი პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელიას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ მოიწვიოს პოლიტსაბჭოს სხდომა, რათა ჩანიშნოს პარტიაში თავმჯდომარის არჩევნების კონკრეტული თარიღი.

როგორც პარტიაში გამართულ ბრიფინგზე ენმ-ის წევრმა ლევან ბეჟაშვილმა თქვა, "პროცესის გადადება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არ იქნება ნაციონალური მოძრაობისთვის და პარტიის ინტერესების საწინააღმდეგო გადაწყვეტილება იქნება".

"ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში მიმდინარეობს პარტიის განახლების პროცესი, დაგეგმილია ახალი თავმჯდომარის არჩევა, შესაბამისად, ამ მიზნით შექმნილი იყო ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის არჩევის საორგანიზაციო სამუშაო ჯგუფი. ამ ჯგუფმა გუშინ დაასრულა სხდომა, მომზადებულია დოკუმენტი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს არჩევნების დარეგულირება. შერჩეულია ელექტრონული პლატფორმები, რომელთან დაკავშირებითაც საბოლოო გადაწყვეტილება პოლიტსაბჭომ უნდა მიიღოს.

პროცესის დაყოვნება, გადადება, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არ იქნება ნაციონალური მოძრაობისთვის, ეს პარტიის ინტერესების საწინააღმდეგო გადაწყვეტილება იქნება, ამიტომ მნიშვნელოვანია, ყველა მხარემ მოვითხოვოთ არჩევნების დროულად ჩატარება. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ განისაზღვროს არჩევნების კონკრეტული თარიღი, ჩატარდეს საორგანიზაციო სამუშაოები, ამისათვის მივმართავთ პარტიის თავმჯდომარეს, პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის საარჩევნო შტაბის წარმომადგენლები, დაუყოვნებლივ მოწვეულ იქნეს პოლიტსაბჭოს სხდომა, ჩაინიშნოს სხდომა, განისაზღვროს წესი და დადგინდეს არჩევნების კონკრეტული თარიღი. ვფიქრობთ, რომ პოლიტსაბჭოს სხდომა უნდა ჩატარდეს ორშაბათს, 5 დეკემბერს, ეს შესაძლებელია ყველა გათვლებით, ამიტომ ამ გადაწყვეტილებას სჭირდება პარტიის მოქმედი ხელმძღვანელობის კეთილი ნება", - თქვა ბეჟაშვილმა.

***

9 ნოემბერს ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში შიდა პარტიული არჩევნები, მათ შორის ახალი თავმჯდომარის არჩევა მოითხოვეს. იმავე დღეს პარტიის მოქმედმა თავმჯდომარემ ნიკა მელიამ არჩევნებში მონაწილეობაზე მზადყოფნა გამოთქვა, თუმცა აღნიშნა, რომ ამ საკითხზე თანაგუნდელებმა "ნაჩქარევი განცხადება გააკეთეს".

საკუთარი კანდიდატურები დააყენეს გიორგი ჩალაძემ და გიორგი მუმლაძემაც. 16 ნოემბერს მონაწილეობის სურვილი გამოთქვა ლევან ხაბეიშვილმაც და გამოვიდა ინიციატივით, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით შეიქმნას შტაბი, რომელსაც გიორგი ჩალაძე უხელმძღვანელებს. მოგვიანებით ჩალაძემ კანდიდატურა მოხსნა.


close დახურვა