logo
ENG



საგარეო ამბობს, რომ ქორიძეს გათავისუფლებისას მობილობის შესახებ აცნობეს

02 დეკ 202215:19
3 წუთის საკითხავი
clock 1005

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განმარტავს, რატომ გაათავისუფლეს უსაფრთოხების პოლიტიკის და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის თანამდებობიდან ზურა ჯაფარიძის ცოლი ნატა ქორიძე.

მათი თქმით, პოზიცია, რომელსაც ქორიძე იკავებდა, გაუქმდა, მას კი "შემდგომი დასაქმების მიზნით" მობილობის შესახებ აცნობეს.

უწყების განცხადება:

"საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატში რეორგანიზაცია გამოცხადდა მიმდინარე წლის სექტემბერში. აღნიშნულის მიზეზი გახდა ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ამოცანებიდან გამომდინარე რიგი სტრუქტურული ერთეულების გაძლიერების საჭიროება, მათი გამსხვილება დეპარტამენტიდან დირექტორატის ფორმატში, რამაც მოითხოვა შესაბამისი საშტატო ერთეულების ოპტიმიზაცია. მათ შორის ცვლილება შეეხო დეპარტამენტს, სადაც საქმიანობდა ჩვენი კოლეგა ქალბატონი ნატა ქორიძე.

კერძოდ, იმის გათვალისწინებით, რომ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია წარმოადგენს სახელმწიფოს კონსტიტუციურ ვალდებულებას, რომლის აღსრულება არის საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტული მიმართულება, სამინისტროში რეორგანიზაციის შედეგად შეიქმნა უსაფრთხოების პოლიტიკისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გენერალური დირექტორატი, აღნიშნულმა ცვილილებამ გამოიწვია აქამდე დეპარტამენტში არსებული საშტატო ერთეულების ოპტიმიზაცია, მათ შორის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის პოზიციის გაუქმება. დაგეგმილი რეორგანიზაციის შესახებ ეცნობა სამინისტროს ცენტრალური აპარატის თანამშრომლებს კანონით დადგენილ ვადებში. მათ შორის ქალბატონ ნატა ქორიძეს გაფრთხილება სტრუქტურულ ერთეულში განსახორციელებელი ცვლილებების შესახებ მიუვიდა კანონით დადგენილ ვადებში და ასევე ეცნობა რომ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, შემდგომი დასაქმების მიზნით, მასთან მიმართებაში ხორციელდება მობილობის პროცესისთვის საჭირო ღონისძიებები".

დღეს, 2 დეკემბერს ქორიძემ დაწერა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროდან რეორგანიზაციის მიზეზით გაათავისუფლეს.

ქორიძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით პარლამენტის ვიცესპიკერმა გია ვოლსკიმ თქვა, რომ ზურა ჯაფარიძე "საქართველოს წინააღმდეგ" მოქმედი ოპოზიციონერია და არ შეიძლება მისი ოჯახის წარმომადგენელი მუშაობდეს იქ, სადაც საიდუმლო ინფორმაციაზე აქვთ წვდომა.


close დახურვა