ირანის გენერალური პროკურორი, მოჰამედ ჯაფარ მონტაზერი აცხადებს, რომ ქვეყანა მორალის პოლიციას გააუქმებს. მის კომენტარს DW და სხვადასხვა საერთაშორისო გამოცემა ავრცელებს.
როგორც მონტაზერიმ თქვა, "მორალის პოლიციას არაფერი აქვს საერთო სასამართლოსთან". დამატებითი დეტალები ამ გადაწყვეტილების შესახებ ცნობილი არ არის, კერძოდ, უცნობია შეიქმნება თუ არა მსგავსი ჯგუფი განსხვავებული სახელით. ამასთან, არ ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, გაიყვანა თუ არა ხელისუფლებამ საპროტესტო აქციებზე მობილიზებული ჯგუფები ქუჩებიდან.
მედიები არაფერს წერენ არც იმაზე, შეიცვლება თუ არა ჰიჯაბის ტარების სავალდებულო კანონი. ადგილობრივი გამოცემები აღნიშნავენ, რომ "ზნეობრივი" დანაშაულებისთვის სასიკვდილო განაჩენი და სამართალწარმოება გაგრძელდება.
მას შემდეგ, რაც არაერთი მცდელობის მიუხედავად, ირანის ხელისუფლებამ 2,5-თვიანი პროტესტის ჩახშობა ვერ შეძლო, ირანის გენერალურმა პროკურორმა განაცხადა, რომ ჰიჯაბის ტარების სავალდებულო კანონს გადახედავდნენ.
ჰიჯაბის კანონების მიხედვით, რომელიც 1979 წლის რევოლუციის შემდეგ მიიღეს, ყველა ქალი ვალდებულია, საჯარო სივრცეებში ეხუროს თავსაბურავი და ეცვას მოშვებული ტანისამოსი, რომელიც მის სხეულს დაფარავს.
ირანის მორალის პოლიციას კი მათ შორის ევალება დარწმუნდეს, რომ ირანელი ქალები ამ კანონს ემორჩილებიან. კანონმდებლობის მიხედვით, ჰიჯაბის წესების დარღვევა ჯარიმას, დაკავებას ან გაროზგვას ითვალისწინებს.
ირანში მასშტაბური საპროტესტო ტალღა 22 წლის სტუდენტის, მაჰსა ამინის მკვლელობას მოჰყვა - ის მორალის პოლიციამ ჰიჯაბის ტარების წესების დარღვევის საბაბით დააკავა და სცემა, რის შედეგადაც ქალი 16 სექტემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა.
უწყება ამტკიცებდა, რომ მაჰსა ამინის გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა იყო, თუმცა ეს უარყო ოჯახმა და აღნიშნა, რომ ქალს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები არ ჰქონია. ოფიციალური ვერსიისგან განსხვავებული იყო თვითმხილველების განცხადებებიც, როგორც ისინი ჰყვებოდნენ, მაჰსა ამინი პოლიციამ დაკავების შემდეგ ფურგონში სცემა.
მაჰსა ამინის სიკვდილის შემდეგ ირანის ქუჩებში ათასობით ქალი გამოვიდა - სოლიდარობის გამოხატვის მიზნით, დემონსტრანტები წვავდნენ ჰიჯაბებს, მათი მთავარი სლოგანი გახდა "ქალი, ცხოვრება, თავისუფლება". უსაფრთხოების ძალები პროტესტის ჩახშობას ძალის გამოყენებით ცდილობდნენ.
ოფიციალური ინფორმაციით, სექტემბრის შემდეგ ანტისამთავრობო აქციებზე 200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, თუმცა განსხვავებულ რაოდენობას ამბობენ უფლებადამცველი ორგანიზაციები - მათი განცხადებით, დემონსტრაციების დროს დაღუპულთა რიცხვი 400-ს აღწევს. ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის ხელმძღვანელი კი ამბობს, რომ აქციების დროს, სულ მცირე, 300 მონაწილე დაიღუპა. ამასთან, როგორც გასულ კვირას გაეროს უფლებათა დაცვის უფროსმა ვოლკერ ტურკმა განაცხადა, ჯამში დააკავეს 14 000-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის ბავშვები.
ამინის მკვლელობის შემდეგ ირანის მორალის პოლიციას აშშ-მა სანქციები დაუწესა - სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ქალის დაკავებასა და დაღუპვაზე სწორედ ეს უწყება იყო პასუხისმგებელი. მოგვიანებით აშშ-მა მაჰსა ამინის მკვლელობისა და ირანში მასობრივი დემონსტრაციების დაშლისთვის ირანის ხელისუფლების 12 წარმომადგენელსა და 2 კომპანიას დამატებითი სანქციები დაუწესა.
გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 24 ნოემბრის გადაწყვეტილებით, შეიქმნება საგამოძიებო მისია, რომელიც ირანში სექტემბრის შემდეგ დაწყებული მასობრივი პროტესტების ჩახშობის საქმეებს გამოიძიებს.