logo
ENG



უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების ისტორიები
ავტორი: ანა მსხალაძე
07 დეკ 202219:28
2481

უკრაინაში 18 მარტს დაღუპული დავით რატიანი ოკუპირებული აფხაზეთიდან იყო - იბრძოდა 2008 წელს აგვისტოს ომშიც და იმყოფებოდა სამშვიდობო მისიით ავღანეთშიც, სადაც ტერაქტის დროს ადამიანის გადარჩენისთვის ჯილდოც მიიღო. ჰქონდა 27-წლიანი სამხედრო კარიერა, რომელიც ასაკის გამო, 50 წლისამ დაასრულა. ამის შემდეგ ანტისაოკუპაციო ჯგუფში გაწევრიანდა და საოკუპაციო ხაზზე ხშირად დადიოდა.

"ყოველი გასვლის შემდეგ, ბრუნდებოდა ძალიან დათრგუნული იმ ამბით, რომ ოკუპანტი ქვეყანა აპატარავებდა და აპატარავებდა ჩვენს მიწებს", - გვიყვება მისი ცოლი, ია შაშვიაშვილი.

სანამ დავით რატიანი ომში წასვლის გადაწყვეტილებას მიიღებდა, ის და მისი ცოლი ღამეებს ათენებდნენ საინფორმაციო გადაცემების ყურებაში და უკრაინას მთელი ოჯახით უჭერდნენ მხარს. ერთ დღესაც რატიანმა ოჯახს განუცხადა, რომ უკრაინელების დასახმარებლად ომში მიდიოდა, რადგან დღეს საქართველოს ბედი მათთან ერთად წყდებოდა.

"ჩვენ შოკი მივიღეთ, ისე გული მიგრძნობდა, რომ ამას გააკეთებდა. ვერავინ გავბედეთ შეწინააღმდეგება, მეტიც, დედამ სამხედრო ჩანთა თავისი ხელით გაუმზადა. ბავშვებს ესაუბრა, უთხრა, რომ ომში, პირველ რიგში, მათ გამო მიდიოდა, რადგან თავისუფლებისთვის მებრძოლი უკრაინის გამარჯვება საქართველოს გამარჯვებასაც ნიშნავდა. მისი თქმით, ამ ომში უკრაინის მარტო დატოვება ღალატის ტოლფასი იყო".

ოჯახთან ბოლო კომუნიკაცია დაღუპვამდე ორი დღით ადრე ჰქონდა - შემდეგ ვეღარ უკავშირდებოდნენ, მაგრამ იას ქმრის ხმოვანი შეტყობინება ამშვიდებდა, სადაც ეუბნებოდა, რომ ყოველთვის, შესაძლოა, ვერ ეპასუხა. მისი დაღუპვის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ნახა.

 

დავით რატიანი

"18 მარტს გავიგე, რომ ომში ორი ქართველი დაიღუპა, ტირილი ამივარდა, მაგრამ არ დავუშვი, რომ ეს შეიძლება, დათო ყოფილიყო. ჯიუტად ვურეკავდი, შემდეგ სოციალურ ქსელში მისი ფოტო დაიდო, ის თავზარდამცემი წუთები არასდროს დამავიწყდება, ყველაფერი გაჩერდა ჩემში".

გია ბერიაშვილი, რომელიც ასევე 18 მარტს დაიღუპა, რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლთა რიგებში ისე ჩაირიცხა, რომ ოჯახისთვის არაფერი უთქვამს. მას საზღვარგარეთ წასვლა ხშირად უწევდა, ამიტომ ოჯახს ეგონა, რომ ეს მორიგი საქმიანი გასვლა იყო. მისმა ცოლმა, ქეთი ხელაძემ სიმართლე მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ გაიგო. გია ამის შემდეგაც ცდილობდა, ახლობლებს არ ენერვიულათ და ყველაფერს არ უყვებოდა.

"არ ამბობდა, რომ ბრძოლაში და წინა ხაზზე იყო, ერთხელაც არ უხსენებია. ჩვენც არ გვიეჭვია არასდროს, გვეგონა, რომ უბრალოდ დამხმარედ იყო წასული", - გვიყვება ქეთი.

უკრაინაში ორი ქართველის დაღუპვის შესახებ ქეთიმ მედიაში წაიკითხა, თუმცა არც კი დაუშვია, რომ ერთ-ერთი მისი ქმარი იქნებოდა - ეს მხოლოდ მოგვიანებით უთხრეს. გია ბერიაშვილი 45 წლის ასაკში დაიღუპა. ერთი წლით ადრე, სანამ პენსიაში გავიდოდა, პოლიციის პოლკოვნიკად მუშაობდა, თუმცა უპირველეს ყოვლისა, იყო პროფესიონალი სამხედრო, ხოლო 1996 წლიდან პირველი თაობის სპეცრაზმელი.

მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს ომშიც, რის შემდეგაც ღირსებისა და მამაცობის ორდენებით დააჯილდოვეს. ქეთი ამბობს, რომ აგვისტოს ომმა უკრაინაში წასვლაში დიდი როლი ითამაშა.

"გიას რაც ვიცნობ, მთელი ცხოვრება რუსეთის მოძულე იყო, ამ დიქტატორის და ბოროტების იმპერიის. არ გაჩერდებოდა, ჩვენ რომც გვცოდნოდა და გვეხვეწა, არ გაჩერდებოდა, ეს საერთო მტერი იყო, მარტო იმათი ხომ არ არის ეს ომი".

ახლა დაღუპული სამხედრო სურვილებს ქეთი აჟღერებს - სამომავლოდ მშვიდობა, ომის მალე დასრულება და რუსული ბოროტების იმპერიის დამარცხება უნდა, რადგან დარწმუნებულია, რომ გიას მიზანიც ეს იყო.

"სიკვდილის შემდეგ კი არ გამხდარა გმირი, გია სულ გმირი იყო ჩვენთვის".

26 მარტს ქალაქ ირპენთან დაიღუპა აფხაზეთიდან დევნილი დავით გობეჯიშვილიც. ის მექსიკის გავლით ამერიკაში გადასვლას აპირებდა, თუმცა როცა ომი დაიწყო, ცოლს უთხრა, ახლა ამერიკაში კი არა, უკრაინაში უნდა მივდიოდეო. ოჯახი ამის წინააღმდეგი იყო, თუმცა ამას დავითის გადაწყვეტილება არ შეუცვლია. პოლონეთში ჩაფრენის შემდეგ, 21 მარტს გეზი უკრაინისკენ აიღო და ცოლს გზიდან შეატყობინა. 

"ჩავვარდით პანიკაში, ბავშვები დავრაზმე, ეხვეწებოდნენ შვილებიც, მეც ვეხვეწებოდით, ისე ცუდად ვიყავი, 4 დღე საწოლიდან საერთოდ ვერ ვდგებოდი. იქიდან მიმტკიცებდა, მაინცდამაინც ჩემს შვილებამდე უნდა მოვიდნენ? მაინცდამაინც ჩემს ქვეყანაში უნდა მოვიდნენო?", - გვიყვება დავით გობეჯიშვილის ცოლი, მარიკა კუბლაშვილი.

შვილები განსაკუთრებით სთხოვდნენ, რომ წასვლა გადაეფიქრებინა, თუმცა მათი დარწმუნება მოახერხა - უყვებოდა სოხუმზე და ამბობდა, რომ ოკუპანტებმა წაართვეს ბავშვობა, ბებია-ბაბუის საფლავები, მოუკლეს ძალიან ბევრი მეგობარი.

"ჩემი შვილები ტყიბულში დაბადებულ-გაზრდილები არიან და სულ ეუბნებოდა, ახლა, სადაც არ უნდა წახვიდეთ, ტყიბული ხომ სულ მოგენატრებათო? თქვენ ჩამოსვლის უფლება მაინც გექნებათო და მე ერთხელ ჩემი სოხუმისთვის გადამახედაო".

როგორც მარიკას ქმრის თანამებრძოლები უყვებიან, იმ ხუთი დღის განმავლობაში ჯოჯოხეთი გაიარა, რადგან იბრძოდა ირპენში, ყველაზე ცხელ წერტილებში. თუმცა ოჯახმა ამაზე არაფერი იცოდა - მათ ეუბნებოდა, რომ კიევში იყო და საფრთხე არ ემუქრებოდა.

დავით გობეჯიშვილი იბრძოდა აფხაზეთის ომში, იყო პარტიზანი და მონაწილეობადა ჩეჩნეთის ომშიც. მარიკა ამბობს, რომ ახლა მოგონებებით ცხოვრობენ - შვილები კი თანდათან აცნობიერებენ, როგორი მამა ჰყავდათ.

"ახლა ჩემი შვილები მეუბნებიან, დედა, თურმე ვისი შვილები ვყოფილვართო. რა მამაცი, უშიშარი ყოფილა და რამდენი რამე ჰქონია გაკეთებულიო".

დავით გობეჯიშვილი

15 მაისს ქალაქ იზიუმში რატი შურღაიას დაღუპვის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია. უკრაინაში რომ ომი დაიწყო, ის დედასთან ერთად პოლონეთში იმყოფებოდა სამუშაოდ - იქ წასვლა მას შემდეგ მოუწიათ, რაც პანდემიის დროს სამსახურები დაკარგეს. სწორედ იქ უთხრა დედას, რომ ომში მიდიოდა. შვილისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია, რადგან იცოდა, მას არანაირი ძალა არ შეაჩერებდა.

"ჰოდა, წავიდა და წავიდა. გზაში იყო, როცა შეტყობინება დავაწიე - ვიფიქრე, ინერვიულებს, ჯერ ომში მიდის და იმასაც ნერვიულობდა, მე რომ მტოვებდა. მივწერე: დედიკო, შენ სწორი გადაწყვეტილება მიიღე-მეთქი და მომწერა, შენ ყველაზე კარგი დედა ხარ ამ ქვეყანაზეო", - გვეუბნება რატი შურღაიას დედა, ნინო პაპასკირი.

ნინო პაპასკირს მთელი ის პერიოდი ეგონა, რომ რატი არა წინა ხაზზე, არამედ კიევში იყო, რადგან შვილი ასე ეუბნებოდა. თუმცა აღმოჩნდა, რომ იმ დროს ის ხან ხარკოვში იბრძოდა, ხან იზიუმში. 9 აპრილს ერთ-ერთი შეტაკების დროს, როცა ნიკა შანავა და დავით მენაბდიშვილი დაიღუპნენ, რატიმ კონტუზია მიიღო - მისი კლინიკაში ყოფნა აუცილებელი იყო, თუმცა იმ მიზეზით, რომ თანამებრძოლების მარტო დატოვება არ უნდოდა, საავადმყოფო მეორე დღესვე დატოვა. 

"მთელი ერთი თვე ფეხზე იდგა და ყველა საბრძოლო მოქმედებაში მიიღო მონაწილეობა. ბოლოს მეუბნებოდა, რომ თავი მტკივაო, ვეუბნებოდი, წამოდი აქეთ იმკურნალე და შემდეგ წადი-მეთქი, მაგრამ არაო, ბიჭებს ფიცი გვაქვს ერთმანეთთან დადებული, რომ სანამ ცოცხლები ვართ ერთმანეთს არ დავტოვებთო. დაახლოებით, ერთი თვის შემდეგ გული გაუსკდა".

დედას ეუბნებოდა, რომ სანამ არ გაიმარჯვებდნენ, უკან არ დაბრუნდებოდა. ნინო პაპასკირი ამბობს, რომ ასეთი ხასიათი ჰქონდა, ბოლომდე უნდა დახარჯულიყო. ფიქრობს იმასაც, რომ რატიმ მთელი ცხოვრება ამ დღისთვის იცხოვრა.

"თითქოს, ღმერთმაც და თვითონაც თავისი თავი შემოინახა ამ თავდადებისთვის, ასე მოიტანა მისი ცხოვრება აქამდე".

ქალაქ ლისიჩანსკში ოკუპანტებთან შეტაკებას 42 წლის ალუდა ზვიადაური 18 ივნისს ემსხვერპლა. მას მანამდე ჯარი ჰქონდა გავლილი, თუმცა ომში გამოცდილება არ ჰქონია. იმ პერიოდში სამუშაოდ ესტონეთში იმყოფებოდა და ომში ისე წავიდა, ოჯახმა არაფერი იცოდა.

ბიძამისი, ნუგზარ ჭინჭარაული იხსენებს, რომ როცა გარკვეული პერიოდის განმავლობაში მათ აღარ დაჰკავშირებია, თავად დაურეკა. სწორედ ამ დროს აღმოაჩინა, რომ უკვე კიევში იყო. ერთი თვის განმავლობაში სთხოვდა, რომ დაბრუნებულიყო, თუმცა გადაწყვეტილება ვერ შეაცვლევინა.

ბრძოლა იმ პერიოდში ყველაზე ცხელ წერტილში, ლუჰანსკის ოლქში მოუწია. ლისიჩანსკში იყო, როცა ოკუპანტმა სნაიპიერებმა ესროლეს და მოკლეს, სწორედ მაშინ, როცა სხვების გადარჩენას ცდილობდა.

"როგორც ამბობენ, დაჭრილი უკრაინელი გამოჰყავდა, ერთი გამოუყვანია, მეორე რომ გამოიყვანა, მოკლეს. კილომეტრ-ნახევარი უთრევია ის ბიჭები".

10 ივლისს დაიღუპა კახა გოგოლი. ის ოკუპანტების წინააღმდეგ ბრძოლას სულ რამდენიმე დღეში შეუერთდა. ომის დაწყების შემდეგ, ყოფილი მებრძოლები შეეხმიანნენ ერთმანეთს და 27 თებერვალს უკვე უკრაინის ტერიტორიაზე იყვნენ. ირაკლი ფიფიამ, კახას ნათესავმა და მეგობარმა ამის შესახებ პირველ მარტს შეიტყო. ამბობს, რომ გადაწყვეტილებას სიხარულით არ შეხვედრია, თუმცა იცის, არაფერი შეიცვლებოდა.

"კახა 17 წლის იყო, როცა აფხაზეთის ომი დაიწყო და ასაკის გამო არ წაიყვანეს. გაიპარა და დაახლოებით, ერთი კვირის შემდეგ გაიგო ოჯახმა. ამის შემდეგ, საქართველოსთვის შეძლებისდაგვარად ყველგან და ყოველთვის იბრძოდა, მონაწილეობდა 2008 წლის ომში. დამოუკიდებლობისა და საქართველოს გამარჯვების ხაზი ბოლო წუთამდე მისთვის გადიოდა და დღესაც გადის უკრაინის გამარჯვებაზე", - გვეუბნება ირაკლი.

კახა გოგოლი

კახა გოგოლი ოკუპირებულ აფხაზეთში, ზემო ფშაფში დაიბადა, იქ გაატარა მთელი ბავშვობაც. ირაკლი ფიფია ამბობს, რომ კახა უკრაინაში ყოფნის პერიოდში ძალიან მხნედ იყო და ოჯახს ამშვიდებდა.

"ერთადერთი რაზეც წუხდა ის იყო, რომ უნდოდა თავისი ოჯახის წევრების ნახვა და ჩამოსვლა, ყველასთან მოფერება, ძალიან მოსიყვარულე იყო".

10 ოქტომბერს დაიღუპა ედიშერ კვარაცხელია, რომელიც 2015 წლის შემდეგ უკრაინაში იმყოფებოდა. მისი თანამებრძოლი, გიორგი უბირია, რომელიც ახლა ქალაქ ბახმუტშია, გვეუბნება, რომ ედიშერი რაც უკრაინაში ჩავიდა, სულ ომში იყო. ბოლოს იბრძოდა როგორც დონეცკის, ასევე, ლუჰანსკის ოლქებში.

"როგორც ყველა მეომარს შეეფერება, ისეთი ხედვა ჰქონდა ომის მხრივ - სულ წინ იყურებოდა, სულ ბრძოლისკენ იწეოდა, პროფესიონალი ჯარისკაცი იყო, თავისი საქმე 5 თითივით იცოდა, მენაღმე იყო".

ბოლო კომუნიკაცია თანამებრძოლებს შორის ედიშერის დაღუპვამდე ორი დღით ადრე შედგა. როცა გიორგი უბირია პოზიციების მიმართულებით გადაადგილდებოდა, დილით მეგობარმა დაურეკა და ეს ინფორმაცია შეატყობინა. მას ორი შვილი და ცოლი დარჩა. 

40 წლის გუგა გაგნიძე ოკუპანტებთან კონტაქტურ ბრძოლაში დაიღუპა. მანამდე რამდენიმე წლის განმავლობაში ის ჩეხეთში იმყოფებოდა. ომის დაწყების შემდეგ ოჯახთან წასვლის იდეა გააჟღერა, თუმცა წინ დიდ წინააღმდეგობას შეხვდა. მისი და, მედეა გაგნიძე იხსენებს, რომ მათი რეაქცია გუგას ძალიან გაუკვირდა.

გუგა გაგნიძე

"იმ პერიოდში თავისი დუმილით მოიგო, გაგვაჩუმა და დაგვაჯერა, რომ თითქოს გადაიფიქრა ამაზე ლაპარაკი, ოღონდ შეგვარცხვინა მეც და დედაც. დედას უთხრა, რომ მე მეგონა, შენ სხვანაირად გამზარდეო, სხვა სულისკვეთებით ვარ გაზრდილიო და მე თუ ახლა იქ არ წავედი, თქვენ მერე ვინ დაგიცავთ აქო, მაგრამ გაბრაზებული იყო, ამას რომ გვეუბნებოდა", - გვიყვება მედეა.

თუმცა გუგა უკრაინაში აპრილის ბოლოსკენ მაინც წავიდა, ისე, რომ ოჯახისთვის არაფერი უთქვამს. მათთან კონტაქტი ხმოვანი შეტყობინებებით ჰქონდა, რა დროსაც, მედეა დაინტერესდა, ხომ არ უმალავდა მისი ძმა რამეს.

"მე არ ვიყავი ამისთვის მზად, მე დღემდე არვარ ამისთვის მზად. სინამდვილეში ეს ტვირთია, მაგრამ ეს არის ძალიან საამაყო, რომ მყავს ასეთი ძმა. მე ჩემი ძმის ისტორიაზე, განვლილ გზაზე უნდა გავზარდო ჩემი პატარა".

"ვკითხე, ხომ არ მიმალავ რამეს, რამე საშიშს ხომ არ აკეთებ-მეთქი, არაო, დაიკონა, ნუ გეშინიაო, მე მარტო ხე გამომაქვს ტყიდანო, ჩეხეთში ვარო, უბრალოდ ინტერნეტი არ არის აქ და ამიტომ ვერ გენახებიო. მე ვიფიქრე, თუ დედას უმალავს რამეს, მე აუცილებლად მეტყვის-მეთქი, იმიტომ, რომ მე რაღაცნაირად შევეხიდები ამ ტყუილში-მეთქი, მაგრამ, მეც დამიმალა".

ბოლო კომუნიკაცია მასთან 23 ოქტომბერს ჰქონდა. მას შემდეგ, რამდენიმე დღე არაფერი იცოდა. მხოლოდ 27 ოქტომბერს დაუკავშირდა უცნობი პირი:

"უცნობი პირი მწერს, ვინ ხართ თქვენ გუგა გაგნიძის? მოვიცელე, ოღონდ მე ამ დროს არ ვფიქრობ, რომ უკრაინაშია. ვიფიქრე, რაღაც უბედურება შეემთხვა-მეთქი და ვკითხე, ცოცხალია-თქო? ის მწერს, თქვენი ნომერი მომწერეთ, ან დედის ნომერი, ეს ძალიან მნიშვნელოვანიაო და შემდეგ გაქრა. 

ავტეხე უკვე ამბები, მოძიება, საელჩო ჩავრიე, უკვე გავიგე, რომ გუგა უკრაინაშია და ცხელ წერტილებში იბრძვის. 29-ში ვინმე გუგას მეგობრად მეცნობა, რომ უკრაინელი თანამებრძოლი ვარო და მისამძიმრებს უკვე - გავიგე დღეს ექთნები საუბრობენ, რომ შენი მეგობარი გუგა გმირულად დაიღუპა ომშიო. იქიდან დაიწყო შემდეგ ჩემი ჯოჯოხეთი".

ერთადერთი, ვინც გუგას იქ ყოფნის შესახებ იცოდა, მისი მეგობარი ირაკლი ალხაზაშვილი იყო. ირაკლი გვიყვება, რომ გუგა 25-ე ბრიგადის მეორე ბატალიონის საცეცხლე-მოიერიშეს ოცეულის მეთაური იყო. 

"ეს ნიშნავს, რომ ვიდრე იერიშზე გადავა არტილერია, ამ დივიზიის დანაყოფები ახორციელებენ როგორც კოორდინატების გადაცემას, შესაბამისად დაზვერვას. ანუ პირდაპირი კონტაქტის საფრთხე აქვთ მოწინააღმდეგის ცოცხალ ძალასთან. ამიტომ ფაქტობრივად, ის დანაყოფი პირველი მიდიოდა ყველგან, ყველა ტიპის დავალების შესრულების დროს და იყო ყველაზე ცხელ წერტილებში".

გუგა ჯერ ოცეულის უფროსი გახდა და წარდგენილი იყო ასეულის ხელმძღვანელობაზეც. 10 ოქტომბერს ის რამდენიმე დღით საქართველოში ჩამოვიდა, თუმცა 17-ში უკვე უკრაინის ტერიტორიაზე უნდა ყოფილიყო, რის გამოც საქართველო 16 ოქტომბერს დატოვა. თუმცა როგორც საქართველოში ყოფნის პერიოდში ირაკლის უთხრა, 15 ნოემბრისთვის დაბრუნებას გეგმავდა.

"იქ წასვლის მიზეზის და მიზანიც იყო იმ ბოროტებაზე წინააღმდეგობის გაწევა. არ იყო არც რომელიმე პოლიტიკური ძალის ან რომელიმე ნიშნით გამსჭვალული, მისთვის ერთადერთი იყო, პატრიოტული სულისკვეთება".

2 ნოემბერს გავრცელდა ინფორმაცია ნიკოლაევის ოლქში ოკუპირებული აფხაზეთიდან დევნილი, ლევან სახელაშვილის დაღუპვის შესახებ. ის პროფესიონალი სამხედრო იყო - 2006 წლიდან მსახურობდა, მონაწილეობდა 2008 წლის ომშიც. მისი და, თეა სახელაშვილი გვიყვება, რომ უკრაინაში წასვლა ომის დაწყებიდან მალევე გადაწყვიტა და ჩასვლის დღიდან ყველაზე ცხელ წერტილებში იბრძოდა. 

"სიმართლე გითხრათ, არ დამიწყია წინააღმდეგობა, ვუთხარი, რომ საშიშია-მეთქი, მაგრამ გადაწყვეტილი ჰქონდა. თავისი გადაწყვეტილება იყო, არავის ზეწოლა არ ყოფილა.

მისი მიზანი იყო, პირველ რიგში, რომ თავის მებრძოლებთან ერთად ყოფილიყო, დახმარებოდა უკრაინას. სულ იძახდა, ცოტაც და აფხაზეთსაც დავუბრუნებთო".

ლევან სახელაშვილი

თეამ ძმის დაღუპვის შესახებ სოციალური მედიით გაიგო, მანამდე შეტყობინება გაუგზავნა და დარწმუნებული იყო, რომ პასუხს მიიღებდა, მაგრამ ასე არ მოხდა.

"უზომოდ კეთილი იყო, სულ ვეუბნებოდი, თავს გაუფრთხილდი და მეუბნებოდა, შენ ახლა ორი შვილი გყავს და განსაცდელში რომ ჩაცვივდნენ, ხომ არ დატოვებ ისეო? ასე უყურებდა ყველაფერს, მისთვის უცხო ადამიანიც კი ახლობელი იყო, როცა გასაჭირში იყო".

ახლა დედასთან ინახება ის დროშა, რომელიც ლევანს მუდამ თან დაჰქონდა - დროშაზე უკრაინაში მებრძოლი ქართველების ხელმოწერები და მათ მიერ დატოვებული წარწერებია. 

უკრაინაში რუსეთის ომს 2022 წლის 24 თებერვლიდან 33 ქართველის სიცოცხლე ემსხვერპლა. მათგან ხუთი 3 დეკემბერს ბახმუტთან ახლოს ოკუპანტებთან სასტიკ შეტაკებებში დაიღუპა.



close დახურვა