რუსული სახელისუფლებო პროპაგანდისტული მედია TASS-ის ცნობით, უკრაინაში ბრძოლისთვის მობილიზებულ რუს სამხედროებს შეეძლებათ, ომში წასვლამდე სპერმა უფასოდ გაყინონ.
გამოცემა ინფორმაციას რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროდან რუსეთის ადვოკატთა კავშირის პრეზიდენტის, იგორ ტრუნოვისადმი გაგზავნილ წერილზე დაყრდნობით ავრცელებს.
რუსეთის ადვოკატთა კავშირმა პრემიერმინისტრს მიმართა თხოვნით, შეექმნათ კრიობანკი რუსეთის იმ მოქალაქეების გენეტიკური მასალის შესანახად, ვინც უკრაინაში ომში მონაწილეობს.
“რუსეთის ფედერაციის ჯანდაცვის სამინისტრომ ფედერალური ბიუჯეტიდან განსაზღვრა ფინანსური მხარდაჭერის შესაძლებლობა ჩანასახოვანი უჯრედების (სპერმატოზოიდების) უფასოდ კონსერვაციისა და შენახვისთვის იმ მობილიზებული მოქალაქეებისთვის, ვინც სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში 2022-2024 წლებში მიიღებენ მონაწილეობას” - აცხადებს ტრუნოვი.
ტრუნოვის თქმით, შენახული გენეტიკური მასალის შემდგომში რეპროდუქციული ტექნოლოგიებისთვის უფასო გამოყენება დარეგულირდება კანონით, იმ შემთხვევაში თუ იარსებებს მითითებები ჯანმრთელობის სავალდებულო დაზღვევის ფარგლებში.
მისი ცნობით, რუსეთის ადვოკატთა კავშირი ახლა გეგმავს, მსგავსი სამედიცინო დახმარების მიწოდებას რამდენიმე იმ ქალისთვის, ვისი ქმრებიც უკრაინის წინააღმდეგ იბრძვიან.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 21 სექტემბერს რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა და აღნიშნული ქმედება "რუსეთის სუვერენიტეტის დასაცავად აუცილებელ ნაბიჯად" მოიხსენია.
პუტინის თქმით, სამხედრო სამსახურში გაწვევას დაექვემდებარებიან რეზერვში მყოფი მოქალაქეები და, უპირველეს ყოვლისა, შეიარაღებულ ძალებში მომსახურე, გარკვეული სამხედრო გამოცდილების მქონე მოქალაქეები. რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს ცნობით, გაწვევა 300 ათას რეზერვისტს შეეხებოდა.
24 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა რუსეთში სამხედრო მობილიზაციისა და ომში მონაწილეობის შესახებ სისხლის სამართლის კოდექსში შესწორებებს ხელი მოაწერა.
კანონმდებლობის მიხედვით, მობილიზაციისას გაწვევის შემთხვევაში სამხედრო სამსახურში არ გამოცხადება ან გაქცევა დასჯადი ხდება და 5-დან 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ეს ეხება, როგორც რეზერვში მყოფ სამხედრო პერსონალს, ასევე ხელშეკრულებით მყოფ სამხედროებს.
მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ პოტენციური გაწვევის თავიდან ასარიდებლად მობილიზაციით გათვალისწინებულმა ჯგუფებმა რუსეთის მასობრივად დატოვება დაიწყეს.
31 ოქტომბერს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა გამოაცხადა, რომ რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია დასრულდა. ამავე დროს, მან აღნიშნა, რომ დანამდვილებით არ იცის, საჭიროა თუ არა ამასთან დაკავშირებით ცალკე განკარგულების გაცემა.
პირველ ნოემბერს კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ თავდაცვის სამინისტრომ გაუგზავნა დეპეშები სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის ოფისებს „ნებისმიერი გამოძახების შეჩერებისა და შემდგომი გაუვრცელებლობის შესახებ“. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ პუტინის ბრძანება 21 სექტემბრის ნაწილობრივი მობილიზაციის დაწყების შესახებ შესრულდა - 300 000 ადამიანი გამოიძახეს.
4 ნოემბერს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვითაც მობილიზებულ სამხედრო პერსონალს და ხელშეკრულებით დაქირავებულ ჯარისკაცებს 195 000 რუბლი გადაეცემათ (დაახლოებით 3 000 დოლარი).