logo
ENG



რუსეთის ჯარში გაწვევაზე გამოუცხადებლობა 10 წლამდე პატიმრობით დაისჯება - ცვლილებები კანონში

24 სექ 202220:05
3 წუთის საკითხავი
 
2022/09/24/woqa7ocbrtent3g.jpg

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა რუსეთში სამხედრო მობილიზაციისა და ომში მონაწილეობის შესახებ სისხლის სამართლის კოდექსში შესწორებებს ხელი მოაწერა.

კანონმდებლობის მიხედვით, მობილიზაციისას გაწვევის შემთხვევაში სამხედრო სამსახურში არ გამოცხადება ან გაქცევა დასჯადი ხდება და 5-დან 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ეს ეხება, როგორც რეზერვში მყოფ სამხედრო პერსონალს, ასევე ხელშეკრულებით მყოფ სამხედროებს.

რუსეთის პარლამენტმა ეს შესწორებები მობილიზაციის გამოცხადებამდე მიიღო.

სამხედრო დავალებების შეუსრულებლობა, შეტაკებებში მონაწილეობაზე უარი ან სამხედრო სამსახურის ხელმძღვანელობისთვის წინააღმდეგობის გაწევა, მსახურების წესების დარღვევა, სამხედრო საკუთრების დაკარგვა ასევე დასჯადი ხდება.

კანონმდებლობის მიხედვით, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრებათ იმ კონტრაქტორ სამხედროებს, ვინც რეზერვებიდან სამხედრო წვრთნებისთვის გამოძახების შემთხვევაში არ გამოცხადდება ან მსახურების ადგილს ნებართვის გარეშე დატოვებს.

სასჯელია განსაზღვრული ბრძოლისას ნებაყოფლობითი დანებებისა და გაქცევის შემთხვევაშიც და 3-დან 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს: „მაგრამ თუ სამხედრომ ამგვარი დანაშაული პირველად ჩაიდინა, მიიღო ზომები მის გათავისუფლებისთვის, დაუბრუნდა მსახურების ადგილს და ტყვეობაში ყოფნისას სხვა დანაშაული არ ჩაიდინა, მაშინ ის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდება“ - წერია კანონში.

სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით მაროდიორობა 6-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

შესწორებები ასევე შეეხება ხელშეკრულების შესრულებას - კონტრაქტის პირობების განმეორებითად დარღვევის შემთხვევაში სასჯელი 4-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

იმ შემთხვევაში კი თუ კონტრაქტორი ჯარისკაცი სამხედრო დავალებას არ შეასრულებს ან ჯარს 5 მლნ რუბლამდე ზიანს მიაყენებს მას 5-დან 10 წლამდე პატიმრობა დაემუქრება.

დანაშაულის დამამძიმებელ გარემოებებად მიიჩნევა სამხედრო მსახურების წინააღმდეგ დანაშაულები არა მხოლოდ შეიარაღებული კონფლიქტის შემთხვევაში, არამედ ასევე "მობილიზაციის, საომარი მდგომარეობის ან ომში ყოფნისას".

სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილი ეს შესწორებები ძალაში მათი გამოქვეყნების დღიდან, 24 სექტემბრიდან შევიდა.

 

21 სექტემბერს ვლადიმერ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. მისი თქმით, სამხედრო სამსახურში გაწვევას დაექვემდებარებიან რეზერვში მყოფი მოქალაქეები და, უპირველეს ყოვლისა, შეიარაღებულ ძალებში მომსახურე, გარკვეული სამხედრო გამოცდილების მქონე მოქალაქეები.

რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს ცნობით, გაწვევა 300 ათას რეზერვისტს შეეხება.

რას გულისხმობს და ვის ეხება რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია?

რუსულმა დამოუკიდებელმა გამოცემამ Novaya Gazeta.Europe-მა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში წყაროზე დაყრდნობით განაცხადა, რომ სამხედრო მობილიზაციის შესახებ დადგენილების მეშვიდე, საიდუმლო პუნქტი, თავდაცვის სამინისტროს საშუალებას აძლევს, 1 მილიონამდე ადამიანი გაიწვიოს.

რუსეთში მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ რამდენიმე დიდ ქალაქში მობილიზაციის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები დაიწყო და დღესაც გრძელდება. პოლიციამ აქციებზე უკვე ასობით მოქალაქე დააკავა.

დაკავებული მოქალაქეები წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაჰყავთ, სადაც სამხედრო სამსახურში გაწვევისთვის საჭირო უწყისებს გადასცემენ. ამასთან, იმართება შეკრებები, სადაც მოქალაქეები პუტინის გადაწყვეტილებას მიესალმებიან.

 

close დახურვა