logo
ENG



პრიგოჟინი: კიდევ ერთხელ ვადასტურებ სოლედარის გათავისუფლებას და უკრაინის ჯარისგან გაწმენდას

12 იან 202301:34
3 წუთის საკითხავი
 
2023/01/12/l37x7rt74qcc1x4.png

რუსეთის კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის მფლობელი, ევგენი პრიგოჟინი მორიგ განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ რუსეთმა უკრაინის დონეცკის ოლქის ქალაქ სოლედარზე სრული კონტროლი დაამყარა.

განცხადება პრიგოჟინის პრესსამსახურმა გაავრცელა.

მისი თქმით, სოლედარის ტერიტორია სრულად "გაიწმინდა უკრაინის ჯარის დანაყოფებისგან". პრიგოჟინი აცხადებს, რომ შეტაკებებისას დაიღუპა 500-მდე ადამიანი და "ქალაქი სავსეა უკრაინელი ჯარისკაცების გვამებით".

„კიდევ ერთხელ მინდა დავადასტურო სოლედარის ტერიტორიის სრული გათავისუფლება და გაწმენდა უკრაინის ჯარის დანაყოფებისგან. მშვიდობიანი მოქალაქეები გაიყვანეს, განადგურდნენ უკრაინის შეიარაღებული ძალების მებრძოლები, ვისაც დანებება არ სურდათ. დაიღუპა 500-მდე ადამიანი. მთელი ქალაქი სავსეა უკრაინელი ჯარისკაცების გვამებით. არცერთ ჰუმანიტარულ დერეფანზე საუბარი არ შეიძლება. დავიწყოთ ნაღმებისგან გაწმენდა” - აცხადებს ევგენი პრიგოჟინი.

პრიგოჟინის ახალ განცხადებას არ გამოხმაურებია უკრაინა. 

დღეს საღამოს, პრიგოჟინის განცხადების გავრცელებამდე ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ სოლედარში ბრძოლები გრძელდება და დონეცკის მიმართულებით უკრაინელები რუსულ ჯარებს წინააღმდეგობას უწევენ.

„ახლა ტერორისტული სახელმწიფო და მისი პროპაგანდისტები ცდილობენ თავი მოაჩვენონ, რომ ჩვენი ქალაქის სოლედარის - ქალაქის, რომელიც ოკუპანტებმა თითქმის მთლიანად გაანადგურეს - რაღაც ნაწილი ვითომ რუსეთის რაღაც მიღწევაა“ - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დღევანდელ ვიდეომიმართვაში.

ბახმუტის აღების წარუმატებელი მცდელობის შემდეგ რუსულმა ძალებმა ახლომდებარე ქალაქ სოლედარს შეუტიეს. 

9 იანვარს უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსებმა  სოლედარზე ახალი ძლიერი შეტევა დაიწყეს. ომის კვლევის ინსტიტუტის ცნობით, ვაგნერის ჯგუფმა კონცენტრირება სოლედარზე მოახდინა, სადაც მათი თქმით, ყველაზე დიდი საბრძოლო მზადყოფნაა.

გამოცემა The Guardian-მა ასევე დღეს განაცხადა, რომ რუსეთის დაქირავებული ჯგუფის "ვაგნერის" ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის ინფორმაციით, მისმა ძალებმა დაასრულეს უკრაინის ქალაქ სოლედარის აღება.

უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის მიმართულების სარდლობის პრესატაშემ, სერხი ჩერევატიმ კი რუსეთის მიერ გავრცელებული ინფორმაცია უარყო და განაცხადა, რომ ქალაქ სოლედარს ოკუპანტები არ აკონტროლებენ.

დღეს საღამოს CNN-მა უკრაინაში, სოლედარის სიახლოვეს მყოფ გადამღებ ჯგუფზე დაყრდნობით განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები სოლედარში იბრძვიან და მათი უკან დახევის ნიშნები არ არის.

გამოცემის ცნობით, ფრონტიდან რამდენიმე კილომეტრში მყოფი უკრაინელი სამხედროები სიმშვიდეს ინარჩუნებენ და ასრულებენ ტექნიკურ და ლოგისტიკურ სამუშაოებს. მათი თქმით, ადგილზე უკრაინელების უკან დახევის ან ჯარების გაყვანის ნიშნები არ არის.

CNN-ის ჟურნალისტის თქმით, ისინი კონტაქტზე არიან უკრაინელ სამხედროსთან, რომელიც ახლა სოლედარში იბრძვის. ეს სამხედროც უარყოფს რუსეთის განცხადებებს, რომ რუსეთი ქალაქს სრულად აკონტროლებს.

 

close დახურვა