logo
ENG



შსს: საგარეჯოში სროლის შედეგად მოკლული პოლიციელი ოთარ ღვინაშვილია

20 იან 202310:33
3 წუთის საკითხავი
clock 917
2023/01/20/xwv2r1kbe1q0z27.png

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საგარეჯოში მომხდარის შედეგად მოკლული პოლიციელი კახეთის პოლიციის დეპარტამენტის რაიონული სამმართველოს უფროსი დეტექტივი, უფროსი ლეიტენანტი ოთარ ღვინაშვილია.

"შინაგან საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს რაიონული სამმართველოს უფროსი დეტექტივის, პოლიციის უფროსი ლეიტენანტის - 1985 წელს დაბადებული ოთარ ღვინაშვილის გარდაცვალების გამო და თანაუგრძნობს გარდაცვლილის ოჯახს, თანამშრომლებსა და ახლობლებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს რაიონული სამმართველოს უფროსი დეტექტივი, პოლიციის უფროსი ლეიტენანტი ოთარ ღვინაშვილი საგარეჯოში, ერთ-ერთი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის ეზოდან სროლის შესახებ მიღებულ გამოძახებაზე კოლეგასთან ერთად გამოცხადდა.

თავდამსხმელმა პოლიციელებს ერთ-ერთი საცხოვრებელი ბინიდან ცეცხლი გაუხსნა. მიყენებული ჭრილობების შედეგად, პოლიციის უფროსი ლეიტენანტი, ოთარ ღვინაშვილი გარდაიცვალა.

საგარეჯოში მომხდარის შედეგად გარდაცვლილია პოლიციის თანამშრომელი, 4 მოქალაქე და ასევე, თავდამსხმელი.

სხეულის სხვადასხვა დაზიანება მიიღო ხუთმა პირმა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 236-ე მუხლებით გრძელდება", - აცხადებენ შსს-ში.

***

საგარეჯოში ყოფილმა სამხედრომ, ნოდარ ათუაშვილმა საცხოვრებელი კორპუსის აივნიდან მოქალაქეებს ცეცხლი გაუხსნა. დაიღუპა 5 ადამიანი, მათ შორის 1 პოლიციელი, ასევე დაჭრილია 5 ადამიანი. 

ექიმის განცხადებით, დაჭრილების მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ერთ-ერთი დაშავებული კატასტროფის ბრიგადამ თბილისში გადაიყვანა, 4 კი საგარეჯოში, ჯეო ჰოსპიტალსში აგრძელებს მკურნალობას.

თავდამსხმელმა თავი მოიკლა.

თავდასხმის დაწყებისას, სახლში იმყოფებოდა ათუაშვილის შვილიც, რომელმაც ცეცხლის გახსნის შემდეგ სახლი დატოვა.

ყოფილი სამხედრო ნოდარ ათუაშვილი 2006 წლიდან მუშაობდა უწყებაში, ხოლო 2021 წელს სამსახური დატოვა.

თავდასხმის დეტალები - სრულად 


close დახურვა