logo
ENG



ცისკარიშვილი ენმ-ის არჩევნებზე: ხმების 60%-ზე მეტი, დარწმუნებული ვარ, იქნება ხაბეიშვილის

26 იან 202300:57
3 წუთის საკითხავი
 
2023/01/26/5dnrvygpgd5dnl3.png

ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივნის, პეტრე ცისკარიშვილის განცხადებით, დარწმუნებულია, რომ პარტიაში თავმჯდომარეობის არჩევნების მეორე ტური საჭირო არ გახდება და პირველივე ტურში ლევან ხაბეიშვილი ხმათა უმრავლესობით გაიმარჯვებს. ამის შესახებ მან გიორგი თარგამაძის ფორმულაში ისაუბრა.

"მე დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან დამაჯერებელი უპირატესობით ლევან ხაბეიშვილი პირველივე ტურში გაიმარჯვებს იმიტომ, რომ მას დიდი მხარდაჭერა აქვს. 4 კანდიდატია და სხვა ორ კანდიდატს, ნიკა მელიას არ ვგულისხმობ, არ აქვს ხმების იმ რაოდენობისა და პროცენტის მობილიზების რესურსი, რომ მეორე ტური ამან გამოიწვიოს იმიტომ, რომ ხმების 50, 60%-ზე მეტიც, მე დარწმუნებული ვარ, რომ იქნება ლევან ხაბეიშვილის, ჩვენ გვაქვს ჩვენი მონაცემები. სწორედ ამაზე ვმუშაობთ, ვეხმიანებით ადამიანებს", - განაცხადა მან.

პარალელურად, მელია აღნიშნავს, რომ ენმ-ის არჩევნებში "ან იმარჯვებს ღირსება, პრინციპები" ან "უღირსობას და უპრინციპულობა, ან ზნეობა ან უზნეობა, ფული ან პატიოსანი შრომით მიღწეული შედეგი". მისი თქმით, პარტიისთვის ეს გამოწვევა უმნიშვნელოვანესია, რადგან ეს განსაზღვრავს ნაციონალური მოძრაობის მომავალს.

ნაციონალური მოძრაობის ვებგვერდზე თავმჯდომარის ასარჩევად მოქალაქეების რეგისტრაცია ხვალ 10:00 საათზე სრულდება. რეგისტრაცია და ხმის მიცემა ელექტრონულად, ე.წ. ბლოკჩეინის სისტემის გამოყენებით განხორციელდება. ხმის მიცემა 28 იანვარს დაიწყება და 30 იანვრამდე გაგრძელდება.

პარტიაში შექმნილია სპეციალური ჯგუფი, რომელიც ამოწმებს, ვინ გადის რეგისტრაციას, ხომ არ აქვთ მათ ყალბი ანგარიში, ან ხომ არ არიან სხვა პარტიის ამომრჩევლები. პროცესს თავმჯდომარეობის ოთხივე კანდიდატის შტაბების წარმომადგენლებიც აკვირდებიან.

9 ნოემბერს ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში შიდა პარტიული არჩევნები, მათ შორის ახალი თავმჯდომარის არჩევა მოითხოვეს. იმავე დღეს პარტიის მოქმედმა თავმჯდომარემ ნიკა მელიამ არჩევნებში მონაწილეობაზე მზადყოფნა გამოთქვა, თუმცა აღნიშნა, რომ ამ საკითხზე თანაგუნდელებმა "ნაჩქარევი განცხადება გააკეთეს".

საკუთარი კანდიდატურები დააყენეს გიორგი ჩალაძემ და გიორგი მუმლაძემაც. 16 ნოემბერს მონაწილეობის სურვილი გამოთქვა ლევან ხაბეიშვილმაც და გამოვიდა ინიციატივით, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით შეიქმნას შტაბი, რომელსაც გიორგი ჩალაძე უხელმძღვანელებს. მოგვიანებით ჩალაძემ კანდიდატურა მოხსნა. 12 დეკემბერს საკუთარი კანდიდატურა დააყენა ნონა მამულაშვილმაც.


close დახურვა