logo
ENG



პროკურატურა: შსს ბათუმში ქალის გარდაცვალებას ძალადობის და განზრახ მკვლელობის მუხლით იძიებს

28 იან 202318:57
3 წუთის საკითხავი
clock 684

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბათუმში ახალგაზრდა ქალის გარდაცვალებაზე გამოძიება განზრახ მკვლელობის და ძალადობის მუხლებით დაიწყო.

აღნიშნულ ფაქტზე შსს-მ გამოძიება თავდაპირველად თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო. უწყების თქმით, მოგვიანებით სისხლის სამართლის საქმეზე კვალიფიკაცია შეიცვალა და გამოძიება ამ ეტაპზე ძალადობისა და განზრახ მკვლელობის მუხლებით მიმდინარეობს.

აღნიშნულ საქმეზე დაკავებულია ერთი ადამიანი. შსს-ს ცნობით, მას ბრალდება ძალადობის მუხლით აქვს წარდგენილი.

უწყება აცხადებს, რომ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ 26 იანვარსბათუმში, მდებარე ერთ-ერთ კაფე-ბარში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს, ბრალდებულმა თანმხლებ ქალს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ძალადობიდან რამდენიმე საათში კი ქალი ერთ-ერთი სასტუმროს ნომრის აბაზანაში გარდაცვლილი იპოვეს.

პოლიციამ ბრალდებული 27 იანვარს დააკავა, მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) წარედგინა.

პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით ბათუმის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა.

ოჯახი, მას შემდეგ რაც გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო, გამოძიებას უნდობლობას უცხადებდა და ამბობდა, რომ ქალს ძალადობის კვალი აღენიშნებოდა. გარდაცვლილი გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ახალსოფელში გადაასვენეს.

 


close დახურვა