logo
ENG



5 ივლისის ძალადობის ორგანიზატორები LGBTQ+ მანიფესტაციების კანონით აკრძალვას ითხოვენ

31 იან 202313:24
3 წუთის საკითხავი
clock 481
2023/01/31/s4k2hcxyxsv8lmw.jpg
Euronews Georgia

პრორუსული და ძალადობრივი ალტ-ინფოს ლიდერები და 5 ივლისის ძალადობის ორგანიზატორები LGBTQ+ მანიფესტაციების კანონით აკრძალვას ითხოვენ. საკანონმდებლო ინიციატივით მათ საქართველოს პარლამენტს უკვე მიმართეს. დოკუმენტის ავტორები არიან: ზურაბ მახარაძე, ირაკლი მორგოშია, შოთა მარტინენკო, კონსტანტინე მორგოშია და გიორგი ქარდავა.

განმარტებითი ბარათში ალტ-ინფოს ლიდერები მოითხოვენ, რომ აიკრძალოს შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება, თუ ის მიზნად ისახავს "სექსუალური ორიენტაციის დემონსტრირებას, პოპულარიზაციას ან პროპაგანდას".

მათი მტკიცებით, ეს უკავშირდება იმას, რომ "საჯარო სივრცეში სექსუალური ორიენტაციის საჯარო დემონსტრირებასთან დაკავშირებული ღონისძიებების ჩატარების მცდელობამ გამოიწვია საჯარო მღელვარება და მოსახლეობის მასობრივი პროტესტი, რამაც ნათლად აჩვენა, რომ ქართულ სოციუმში ამ კულტურული და ეთნიკური ღირებულებების სივრცეში მსგავსი ღონისძიებების ჩატარება წარმოადგენს იმ ზღვრის გადაკვეთას, რასაც სახელმწიფო და საზოგადოება საჯარო სივრცეში ქცევის ნორმებთან დაკავშირებით აწესებს".

ამასთან, 5 ივლისის ძალადობის ორგანიზატორები ითხოვენ, რომ ცვლილებები შევიდეს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსშიც - კერძოდ, განისაზღვროს, რომ შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ საქართველოს კანონის მე-9, მე-10¹, მე-11 და 11¹ მუხლებით გათვალისწინებული ნორმების დარღვევა გამოიწვევს 3 000 ლარით დაჯარიმებას ან 25 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას, ხოლო თუ დამრღვევი ორგანიზატორია, 5 000-ლარიან ჯარიმას ან 30 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას. 

განმარტებითი ბარათის თანახმად, კანონი უნდა ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს. 

***

2021 წლის 5 ივლისს რუსთაველის გამზირზე ღირსების მარში უნდა ჩატარებულიყო, თუმცა პრორუსულმა, მოძალადე, ჰომოფობიურმა ჯგუფებმა კონტრაქცია გამართეს, იძალადეს ჟურნალისტებზე, თავს დაესხნენ არასრულწლოვანებს, დაამტვრიეს ტექნიკა, დაშალეს პარლამენტის წინ გაშლილი საპროტესტო კარვები, შეიჭრნენ და დაარბიეს მოძრაობა სირცხვილიას და Tbilisi Pride-ის ოფისები. დახიეს ევროკავშირის დროშა და მათ ადგილას რკინის ჯვარი აღმართეს.

5 ივლისის ფიზიკური ანგარიშსწორებიდან რამდენიმე დღეში, 11 ივლისის დილას TV პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა საკუთარმა დედამ საწოლში გარდაცვლილი ნახა. ძალადობა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა წაახალისა. ადგილზე, სადაც მთელი დღის განმავლობაში ჟურნალისტებზე ძალადობდნენ, მცირე რაოდენობის პოლიციელი იყო მობილიზებული.

საქმის ფარგლებში 30-მდე ადამიანი დააკავეს, თუმცა, დაკავებულებს შორის არ ყოფილან ძალადობის ორგანიზატორები - ალტ-ინფოს ლიდერები.


close დახურვა