logo
ENG



ბრეგაძე: ვერანაირად ვერ ვიქნებით პასუხისმგებელი პატიმრის თვითდაზიანებაზე

01 თებ 202320:26
3 წუთის საკითხავი
clock 471
ბრეგაძე: ვერანაირად ვერ ვიქნებით პასუხისმგებელი პატიმრის თვითდაზიანებაზე

იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, ვერ სამინისტრო, ვერც პენიტენციური სამსახური, სამედიცინო დაწესებულება თუ ცალკეული ექიმები "პატიმრის თვითდაზიანებაზე", მათ შორის მის მიერ სამედიცინო დანიშნულების შეუსრულებლობაზე პასუხისმგებლები ვერ იქნებიან. ამის შესახებ მან სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრა.

"ჩვენ პასუხისმგებელი შეიძლება ვიყოთ მხოლოდ ჩვენი მოვალეობის სათანადო შესრულებაზე, მაგრამ ვერ ვიქნებით ვერანაირად პასუხისმგებელი პატიმრის თვითდაზიანებაზე, რაც მის მიერ არაკალორიული საკვების შერჩევით მიღებასა და სამედიცინო დანიშნულების რეგულარულ არშესრულებაში გამოიხატება.

პატიმრის ჯანმრთელობის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ ყველას, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ პატიმარ მიხეილ სააკაშვილის თვითდაზიანების მხარდაჭერა, მოუწოდონ მისი ჯანმრთელობისთვის სასიკეთო სამედიცინო რეკომენდაციების შესრულება და შეწყვიტონ სასჯელის აღსრულების საკითხის პოლიტიზება", - ამბობს ბრეგაძე.

ბრეგაძემ ისაუბრა სააკაშვილის რეანიმაციაში გადაყვანის შესახებ გუშინ გავრცელებულ ინფორმაციაზე და თქვა, რომ ამის მიზანი "ემოციური ფონის ხელოვნურად გამძაფრება" იყო. მისი განცხადებით, სააკაშვილის რეანიმაციაში გადაყვანის "ობიექტური მიზეზი არ არსებობს".

მიხეილ სააკაშვილის რეანიმაციაში გადაყვანის შესახებ ინფორმაცია 31 იანვარს გიორგი ჩალაძემ გაავრცელა, რაც ვივა მედის დირექტორმა, ნინო ნადირაძემ უარყო.

მოგვიანებით, მიხეილ სააკაშვილი კლინიკაში მისმა ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ მოინახულა და კლინიკის დატოვების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რეანიმაციაში გადაყვანაზე შეთავაზება მიხეილ სააკაშვილმა ექიმებისგან მიიღო, რაზეც მესამე პრეზიდენტმა თანხმობა განაცხადა.

***

პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი დღევანდელ სასამართლო პროცესს დისტანციურად ჩაერთო. მან სასამართლოს სიტყვით ქართულ და უკრაინულ ენებზე მიმართა და თქვა, რომ "ერთადერთი, რასაც ითხოვს, ადეკვატური მკურნალობის საშუალების მიცემაა".

მიხეილ სააკაშვილმა სასამართლოზე სიტყვით გამოსვლისას საკუთარ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა და ფიზიკური მდგომარეობის საჩვენებლად მაისური აიწია. მან "არაეთიკური სურათის" ჩვენებისთვის ბოდიში მოიხადა. გამოჩნდა, რომ მიხეილ სააკაშვილს მკვეთრად აქვს წონაში დაკლებული, რაზეც მეტყველებდა გამოკვეთილი ნეკნები და მუცელი. გამოსვლის დროს ის საუბრობდა ნელა, შესვენებებით და პაუზების დროს ღრმად სუნთქავდა.


close დახურვა