შაბათის ფორმულას ინფორმაციით, თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე და მისი მამა, დავით ბურჭულაძე არასრულწლოვნებს საქმეს ქუჩური მეთოდებით ურჩევენ. ყველაფერი მოზარდებს შორის სკოლაში მომხდარი კამათით დაიწყო. დაპირისპირებაში, მონაწილეობდა თავდაცვის მინისტრის შვილი, რომელსაც კლასელთან შელაპარაკება მოუვიდა. თავდაპირველად ბავშვების კონფლიქტში მამები ჩაერივნენ - ჯუანშერ ბურჭულაძე და ბიზნესმენი ლაშა იორდანიშვილი, ამის შემდეგ საქმეში მინისტრის მამა ჩაერთო.
ფიზიკური დაპირისპირება მოზარდებს შორის სკოლის წინ მდებარე კორპუსის ეზოში ხდებოდა. თვითმხილველები ჰყვებიან, რომ დაახლოებით 20 ბავშვთან ერთად ჩხუბში ჩართული სამი ზრდასრული დაინახეს - ორი ასაკოვანი და ერთი შედარებით ახალგაზრდა კაცი.
შაბათის ფორმულას წყაროს თქმით, მინისტრის მამას საქმის გასარჩევად თან შვილის დაცვის ორი წევრი ახლდა. ეზოში მოზარდების გაშველებას შეეცადნენ, მათთან საქმის გარჩევას კი კორპუსის უკან გაგრძელდა.
შაბათის ფორმულას ცნობით, დისციპლინარული სასჯელი მხოლოდ იმ მოსწავლეს დაუწესეს, ვისთანაც ბურჭულაძის შვილმა იჩხუბა - ის 3 დღით სკოლიდან გარიცხეს, თუმცა ბავშვის დაბრუნების შემდეგ, არასრულწლოვანთან ურთიერთობის გარკვევა საკუთარ თავზე ბაბუამ აიღო.
სასწავლებლის ადმინისტრაცია ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებს, თუმცა გვეუბნება, რომ ჩხუბის მონაწილე ორივე მხარე დასაჯეს. თავდაცვის მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე, შაბათის ფორმულას კითხვებს არ პასუხობს.