logo
ENG



ცისკარიშვილი: ბიძინასთან გვაქვს საბრძოლველი, რა დროს ნიკა მელიას შევიწროებაზეა საუბარი

05 თებ 202323:31
3 წუთის საკითხავი
clock 687
2023/02/05/8wu8mpzjk2cnsg2.jpg

ნაციონალური მოძრაობის ახლადარჩეული გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი ამბობს, რომ დღევანდელი ყრილობის დღის წესრიგში პოლიტსაბჭოს შემადგენლობის დამტკიცება დაკონკრეტეული არ ყოფილა.

მან გადაცემა კვირის ფორმულაში თქვა, რომ დაკონკრეტებული არ ყოფილა, რადგან "ყრილობამ დააყენა ეს საკითხი დღის წესრიგში, კონკრეტულად პოლიტსაბჭოს ცვლილებას რაც შეეხება".

ცისკარიშვილი თანაგუნდელების მხრიდან კრიტიკაზე ამბობს, რომ არავინ შეუვიწროვებიათ და ახლა საჭიროა ერთიანობა, რადგან ბიძინა ივანიშვილია დასამარცხებელი.

"არაფერი შევიწროება არ არის. რა შევიწროება, კაცო? ჩვენ ერთიანად უნდა შევიკრათ და ბიძინა ივანიშვილთან გვაქვს საბრძოლველი, რა დროს ნიკა მელიას შევიწროებაზეა საუბარი, თუ ღმერთი გწამთ... ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი დღეს პირდაპირ მიაქანებს საქართველოს რუსეთის უკანა ეზოში და რკინის ფარდის აღმოსავლეთ მხარეს უნდა რომ ჩაგვკეტოს, ჩვენ ახლა უნდა ვისხდეთ და პოლიტსაბჭოში ვინ მოხვდა და ვინ ვერა, ეგ განვიხილოთ?" - თქვა ცისკარიშვილმა.

მან დაამატა: "ყრილობამ გადაწყვიტა, ყრილობა არის ზემდგომი ორგანო, ყრილობაზე მოხდა ინიცირება, მოხდა გადაწყვეტილება".

წამყვანების კითხვას, ხომ შესაძლებელი იყო, რომ სია და თანამდებობები დაბალანსებულიყო, ცისკარიშვილი პასუხობს, რომ ყრილობამ "თანამშრომლობისთვის სივრცე დატოვა".

"ძალიან ბევრმა ადამიანმა ჩათვალა, რომ ამ ეტაპზე გადატვირთვის ასე იქნება საჭირო, ოღონდ, ასევე, სივრცე დატოვა თანამშრომლობისთვის, რომ ათეულობით ადამიანი კიდევ დაემატოს პოლიტსაბჭოს, რა პრობლემაა? უნდა ნიკა მელიას? შემოვა. ნებისმიერ სხვას შეეძლება შემოსვლა", - განაცხადა ცისკარიშვილმა.

ის არ ეთანხმება პარტიის სხვა წევრების მოსაზრებას, რომ დღევანდელი ყრილობის შემდეგ პარტია და პარტიის ერთიანობა დასუსტდა.

5 თებერვალს პარტიაში ყრილობა გაიმართა, სადაც ნაციონალური მოძრაობის გენერალურ მდივნად პეტრე ცისკარიშვილი, პოლიტსაბჭოს თავმჯდომარედ კი ლევან ბეჟაშვილი აირჩიეს. დღევანდელ ყრილობაზე ლევან ხაბეიშვილი პარტიის თავმჯდომარედ დაამტკიცეს.

ყრილობას არ ესწრებოდა ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია. ყრილობის დასრულების შემდეგ მან დაწერა, რომ "ენმ-ში ფაქტობრივად გაუქმდა პოლიტსაბჭოს, პარტიის საკანონმდებლო ორგანოს არჩევითობა".

ყრილობაზე იმყოფებოდა ხატია დეკანოიძე, რომელმაც მოგვიანებით დაწერა, რომ იქ ყოფნის მიუხედავად, "პოსტ-ფაქტუმ გაიგო პოლიტსაბჭოს არჩევნების შესახებ".

სიიდან წაშლას ითხოვს ეკა ხერხეულიძე, ის ამბობს, რომ სიიდან ამოიღეს ადამიანები, რომლებმაც "საკუთარი მხრებით შეინარჩუნეს პარტია", ხოლო სიაში შეიყვანეს "2012 წელს დამარცხების შემდეგ პუდელით გაქცეული ხალხი და მისთანები".


close დახურვა