საქართველოს ეროვნული მუზეუმის განცხადებით, კულტურის ცენტრ ATINATI’S-სთან გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, გამოფენის დასრულებამდე მხატვრებს საკუთარი ნამუშევრების გატანა არ შეუძლიათ.
განცხადებაში ნათქვამია, რომ გამოსავლის შეთავაზების მიზნით, მუზეუმმა მიიღო გადაწყვეტილება, გამოფენა "ავტოპორტრეტი სარკესთან" 12 მარტის ნაცვლად დასრულდეს 20 თებერვალს და გაიხსნას სხვა გამოფენა.
მუზეუმში აცხადებენ, რომ ამ დრომდე რვა მხატვარმა მოისურვა ექსპოზიციიდან თავიანთი ნამუშევრების ამოღება.
"დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა 4 თებერვლიდან 12 მარტამდე მასპინძლობს ექსპოზიციას „ავტოპორტრეტი სარკესთან“ (ორგანიზატორი კულტურის ცენტრი ATINATI’S; გამოფენის კურატორი ქეთევან შავგულიძე). გამოფენაზე წარმოდგენილია 41 მხატვრის ნამუშევრები. მხატვარ სანდრო სულაბერიძის მიერ საგამოფენო დარბაზში კედლის დაზიანებისა და თავისი ნახატის ჩამოხსნისა და შეუთანხმებლად გატანის ფაქტის შემდეგ, სოლიდარობის მიზნით, რვა მხატვარმა ასევე მოისურვა ექსპოზიციიდან თავიანთი ნამუშევრების ამოღება, რაც, კულტურის ცენტრ ATINATI’S-სა და ეროვნულ გალერეას შორის ხელმოწერილი ხელშეკრულების თანახმად, შეუძლებელია.
მიუხედავად ამისა, და მხატვრებისთვის გამოსავლის შეთავაზების მიზნით, საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა მიიღო გადაწყვეტილება, გამოფენა "ავტოპორტრეტი სარკესთან" დასრულდეს 20 თებერვალს, 12 მარტის ნაცვლად და გაიხსნას სხვა, მომდევნო გამოფენა. გვსურს, დისკომფორტისთვის ბოდიში მოვუხადოთ როგორც გამოფენის სხვა მონაწილეებს, ვისაც არ გამოუთქვამთ ნამუშევრის გატანის სურვილი, ისე - დამთვალიერებელს. ამავე დროს, მადლობას ვუხდით კულტურის ცენტრ ATINATI’S-ს საუკეთესო თანამშრომლობისათვის. უნდა აღინიშნოს, რომ ეროვნულმა გალერეამ, ქვეყნის ერთ-ერთმა პირველმა საგამოფენო სივრცემ, ზოგიერთ ნაკლებად ცნობილ მხატვარს პირველად მისცა შესაძლებლობა, წარმოეჩინა თავისი ხელოვნება, რაც მანამდე არ გახლდათ მუზეუმის საგამოფენო პოლიტიკა.
სწორედ მხატვრების მიმართ სახელმწიფოს ასეთი მხარდაჭერა ემსახურება ხელოვნების თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას. დასანანია, რომ ზოგიერთმა მხატვარმა ეს შესაძლებლობა პოლიტიკური მიზნებისათვის გამოიყენა"- ნათქვამია განცხადებაში.
***
4 თებერვალს ხელოვანმა სანდრო სულაბერიძემ კედელზე ნამუშევრის ნაცვლად დატოვა წარწერა: "ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია!".
მოგვიანებით გამოფენის კურატორი ქეთი შავგულიძე კედელზე გაკეთებული წარწერის გამო პოლიციაში გამოკითხეს. შავგულიძემ ფორმულასთან თქვა, რომ პოლიციაში კითხვები ჰქონდათ წარწერაზე, ასევე, მისი და სულაბერიძის ურთიერთობაზე.
5 თებერვალს განცხადება გაავრცელა შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმმა, რომელშიც წერია, რომ "გალერეის დაზიანების შედეგები აღმოფხვრილია".
სულაბერიძის წინააღმდეგ საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ა ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს ქურდობას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია - დანაშაული ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ექვსი თვიდან ერთ წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთით ერთიდან სამ წლამდე.
ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები ხელმოწერებს აგროვებენ და შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებენ, სანდრო სულაბერიძის წინააღმდეგ აღძრული საქმის კვალიფიკაცია შეცვალოს. ამის შესახებ განცხადება ხელოვნებათმცოდნე ხათუნა ხაბულიანმა გაავრცელა და აღნიშნა, რომ მხატვრის აქციას კრიმინალის ნიშნები არ ახასიათებდა.
11 თებერვალს საქართველოს პენცენტრმა დაგმო მხატვარ სანდრო სულაბერიძის წინააღმდეგ, ეროვნულ გალერეაში შესრულებული საპროტესტო ნამუშევრის გამო, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა. გარდა ამისა, პენცენტრი კულტურის მინისტრის თეა წულუკიანის თანამდებობიდან გდადგომას ითხოვს.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, "პენცენტრისთვის კატეგორიულად მიუღებელია კულტურის სამინისტროს მხრიდან ამ საკითხზე გავრცელებული სამარცხვინო განცხადება, რაც აჩენს გონივრულ ეჭვს, რომ მხატვრის მისამართით გატარებული ღონისძიებები შსს-სა და კულტურის სამინისტროს ერთობლივი ძალისხმევით განხორციელდა".
სულაბერიძის მხარდამჭერი აქცია გაიმართა 12 თებერვალს ეროვნულ გალერეასთან. მხატვრის წინააღმდეგ საქმის აღძვრა გააპროტესტა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.
სოლიდარობის ნიშნად ხელოვანების ნაწილმა გამოფენიდან საკუთარი ნამუშევრების გატანა მოითხოვეს.