logo
ENG



ნორვეგიის საგარეო რუსულ კანონზე: უარყოფითად აისახება ნორვეგია-საქართველოს თანამშრომლობაზე

25 თებ 202315:15
3 წუთის საკითხავი
 
2023/02/25/wnf8xp4gytfddny.jpg

ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო Twitter-ზე საქართველოში რეგისტრირებულ რუსულ კანონპროექტს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ის ორი ქვეყნის თანამშრომლობაზე უარყოფითად აისახება.

"შეშფოთებულები ვართ კანონპროექტით, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს "უცხოურ აგენტებად" განსაზღვრავს, ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის მტკიცე ევროპულ მისწრაფებებს და ადამიანის უფლებების საერთაშორისო ვალდებულებებს. ეს უარყოფითად იმოქმედებს ნორვეგია-საქართველოს თანამშრომლობაზე. ნორვეგია კანონმდებლებს მოუწოდებს, საქართველოს დემოკრატიის ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედონ", - წერია განცხადებაში.

ქართული ოცნებიდან ფორმალურად წასულმა დეპუტატებმა, რომლებიც საკუთარ თავს "ხალხის ძალას" უწოდებენ, დააინიციირეს კანონპროექტი, რომელიც საქართველოში "უცხოური გავლენის აგენტებს" გააჩენს. ეს კანონი შეეხება ყველას, ვინც ხელისუფლებას აკრიტიკებს. "უცხოური გავლენის აგენტებად" დარეგისტრირდებიან ორგანიზაციები და მედიასაშუალებები, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოური წყაროა.

მსგავსი კანონი მოქმედებს რუსეთში, რომელიც პუტინის ოპონენტების წინააღმდეგ გამოიყენება. რუსეთის მაგალითის გადმოღება და "უცხოური აგენტების" "გამოვლენა" სცადა უნგრეთმაც. ევროპულმა სასამართლომ განაცხადა, რომ კანონი ევროპულ პრინციპებთან შეუთავსებელია და საბოლოოდ უნგრეთმა კანონი გააუქმა.

ქართულ ოცნება მხარს უჭერს კანონპროექტს. მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ მსგავსი კანონი აშშ-შიც მოქმედებს, ამავე არგუმენტს იყენებდა რუსეთიც. თუმცა ისინი მანიპულირებენ, როდესაც ამერიკული კანონის მოქმედების დეტალებზე არ საუბრობენ. ამერიკული კანონი სხვა სახელმწიფოების პოლიტიკური ლობიზმის გამოსავლენადაა მიმართული, განსხვავებით ქართული ოცნების რუსული კანონისგან.

რუსულ კანონზე საქართველოში ამერიკის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა, რომ კანონპროექტის მიზანი სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზაციაა. ის გააკრიტიკა საქართველოში ევროკავშირის ელჩმაც და აღნიშნა, რომ კანონი ევროკავშირის 12 პრიორიტეტთან შეუთავსებელია. რუსულ კანონს გამოეხმაურა ევროკავშირის საგარეო უწყებაც და განაცხადა, რომ ეს შემაშფოთებელია.


close დახურვა