logo
ENG



ჯანელიძე რუსულ კანონზე: ოცნება უპირისპირდება პარტნიორებს, ქვეყნის საგარეო პოლიტიკას

27 თებ 202317:57
3 წუთის საკითხავი
 
2023/02/27/z0lmyfy7ek5zyma.png

საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე ეხმაურება რუსულ კანონპროექტს და აცხადებს, რომ "ქართული ოცნება ღიად უპირისპირდება ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორებს, ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციით გამყარებულ საგარეო პოლიტიკას და დემოკრატიულ კურსს".

"როგორც დღეს ქართულმა ოცნებამ განაცხადა, ის აპირებს დაჩქარებული წესით, პირველი მოსმენით, მიიღოს ორი კანონპროექტი, რომლებიც უკავშირდება ე.წ. უცხოელ აგენტებს. როგორც თვითონვე განმარტეს, ეს გულისხმობს პრინციპების დონეზე კანონპროექტის მიღებას/დაშვებას. ნებისმიერ კანონში, მთავარია მიზანი, თუ რას ემსახურება და რა კონტექსტში ხდება მისი მიღება/აღსრულება. თუ შევხედავთ მიზანს და კონტექსტს, ცალსახაა, რომ ქართული ოცნება ღიად უპირისპირდება ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორებს, ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციით გამყარებულ საგარეო პოლიტიკას და დემოკრატიულ კურსს" - აცხადებს ის.

ქართული ოცნებიდან ფორმალურად წასულმა დეპუტატებმა, რომლებიც საკუთარ თავს "ხალხის ძალას" უწოდებენ, დააინიციირეს კანონპროექტი, რომელიც საქართველოში "უცხოური გავლენის აგენტებს" გააჩენს. ეს კანონი შეეხება ყველას, ვინც ხელისუფლებას აკრიტიკებს. "უცხოური გავლენის აგენტებად" დარეგისტრირდებიან ორგანიზაციები და მედიასაშუალებები, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოური წყაროა.

მსგავსი კანონი მოქმედებს რუსეთში, რომელიც პუტინის ოპონენტების წინააღმდეგ გამოიყენება. რუსეთის მაგალითის გადმოღება და "უცხოური აგენტების" "გამოვლენა" სცადა უნგრეთმაც. ევროპულმა სასამართლომ განაცხადა, რომ კანონი ევროპულ პრინციპებთან შეუთავსებელია და საბოლოოდ უნგრეთმა კანონი გააუქმა.

ქართულ ოცნება მხარს უჭერს კანონპროექტს. მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ მსგავსი კანონი აშშ-შიც მოქმედებს, ამავე არგუმენტს იყენებდა რუსეთიც. თუმცა ისინი მანიპულირებენ, როდესაც ამერიკული კანონის მოქმედების დეტალებზე არ საუბრობენ. ამერიკული კანონი სხვა სახელმწიფოების პოლიტიკური ლობიზმის გამოსავლენადაა მიმართული, განსხვავებით ქართული ოცნების რუსული კანონისგან.

კრიტიკის შემდეგ "ხალხის ძალამ" დაარეგისტრირა ე.წ. ამერიკული ვარიანტი, რომელიც მათი თქმით, FARA-ს "სიტყვა-სიტყვით თარგმანია". ნეტგაზეთის ინფორმაციით, კანონპროექტის მიხედვით, "უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 5 წლამდე, იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით.

რუსულ კანონზე საქართველოში ამერიკის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა, რომ კანონპროექტის მიზანი სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზაციაა. ის გააკრიტიკა საქართველოში ევროკავშირის ელჩმაც და აღნიშნა, რომ კანონი ევროკავშირის 12 პრიორიტეტთან შეუთავსებელია. რუსულ კანონს გამოეხმაურა ევროკავშირის საგარეო უწყებაც და განაცხადა, რომ შეუთავსებელია ევროპულ ღირებულებებთან. 


close დახურვა