logo
ENG



მანჯგალაძე იოსელიანზე: ოცნების ასეთი მხარდაჭერა და ჟივილ-ხივილი რომ მქონოდა, შემრცხვებოდა

28 თებ 202314:48
3 წუთის საკითხავი
 
ვახო ქარელი/ფორმულა

სტრატეგია აღმაშენებლის ერთ-ერთი ლიდერი პაატა მანჯგალაძე ფიქრობს, რომ ლევან იოსელიანის ომბუდსმენობის კანდიდატად წარდგენა ხელისუფლებასთან შეთანხმებულია.

ფორმულას ეთერში საუბრისას მან თქვა, ამ თემასთან დაკავშირებით პარტია მოქალაქეებს სტრატეგია აღმაშენებელთან კონსულტაცია არ ჰქონია.

მანჯგალაძე ამბობს, რომ მას ლევან იოსელიანთან პერსონალურად პრობლემა არ აქვს, თუმცა მიიჩნევს, რომ სახალხო დამცველი დამოუკიდებელი არბიტრი უნდა იყოს და არა  - ოპოზიციის ან ხელისუფლების წარმომადგენელი.

შეკითხვაზე, დაუჭერს თუ არა მხარს მის კანდიდატურას, მანჯგალაძე ამბობს, რომ კონსენსუსის შემთხვევაში ის განხეთქილებას არ ჩამოაგდებს.

"ჩვენ ვიცოდით პოზიცია, რომ სახალხო დამცველი არ უნდა იყოს არც ოპოზიციიდან, არც ხელისუფლებიდან. სახალხო დამცველი უნდა იყოს მიუკერძოებელი არბიტრი ამ პროცესში და მე ცოტა მეუხერხულება ახლა. ლევან იოსელიანი, რომელიც ოპოზიციის მხარეს ზის მარცხნივ, გამოდის, რომ ხელისუფლებისთვის მისაღებია და ოპოზიცია არ არის, თუ რას გვეუბნებიან, ვერ მივხვდი...

მე არ მგონია, რომ ეს ქართულ ოცნებასთან შეთანხმების გარეშე სიურპრიზი იყო. ფორმატია გაუგებარი, ჩვენთან არავის უსაუბრია და ამ დროს გარიგებას იწყებ ხელისუფლებასთან, ცოტა უხერხულია. არ ვიცი თუ ვინმესთან იყო კონსულტაციები. თუ საერთო კონსენსუსი იქნება ოპოზიციას შორის, მე არ ვიქნები განხეთქილების ვაშლი, მაგრამ მე მეუხერხულება უბრალოდ. ჩემი კანდიდატურა რომ წარედგინა ქართულ ოცნებას და ასეთი მხარდაჭერა მქონოდა და ჟივილ-ხივილი, მე შემრცხვებოდა მაგალითად"- ამბობს მანჯგალაძე.

დღეს, 28 თებერვალს ალეკო ელისაშვილმა თქვა, რომ პარტია მოქალაქეების ომბუდსმენობის კანდიდატი ლევან იოსელიანი იქნება

ელისაშვილის აზრით, იოსელიანს აქვს რესურსი, პარლამენტში 90 დეპუტატის მხარდაჭერა მიიღოს.

2022 წლის დეკემბერში მოქმედ სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას უფლებამოსილების ვადა ამოეწურა.

მმართველმა პარტიამ ომბუდსმენის კანდიდატურა არ წარადგინა. 

სახალხო დამცველობის თანამდებობაზე ასარჩევად პარლამენტს 19-მა ადამიანმა მიმართა.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა ომბუდსმენის პოსტზე 3 პირის კანდიდატურას დაუჭირეს მხარი. ესენი არიან: ანა აბაშიძე, გიორგი ბურჯანაძე და ნაზი ჯანეზაშვილი. მათ მხარს უჭირედა ოპოზიციის ნაწილიც. 

პარლამენტმა სახალხო დამცველის თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატებს კენჭი 22 დეკემბერს უყარა.

საკანონმდებლო ორგანომ ომბუდსმენის თანამდებობაზე ვერც ერთი წარდგენილი კანდიდატი ვერ აირჩია.

ომბუდსმენობის კანდიდატის არჩევას პარლამენტის 90 დეპუტატის ხმა სჭირდება.


close დახურვა