ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე ადასტურებს, რომ ლევან იოსელიანის ომბუდსმენობის კანდიდატობასთან დაკავშირებით "ლიდერების დონეზე" გარკვეული კონსულტაციები იყო.
როგორც მდინარაძე აღნიშნავს, უმრავლესობის წევრებთან ეს საკითხი ჯერ არ განხილულა და ამიტომ, ვერ იტყვის, უჭერს თუ არა ოცნება იოსელიანის კანდიდატურას მხარს, თუმცა ამბობს, რომ იოსელიანს, როგორც "პატიოსან, წესიერ და პროფესიონალ ადამიანს პატივს სცემს".
"მე შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ გარკვეული კონსულტაციები ლიდერების დონეზე მართლა იყო, უმრავლესობასთან ეს თემა არ გაგვილია. ჩვენ დავაფიქსირეთ კეთილგანწყობა. მე ძალიან დიდი ხანია ლევანს ვიცნობ, არის პროფესიონალი იურისტი, კარგი ადვოკატი იყო და არის უპატიოსნესი კაცი, მაგრამ ჩვენ არ გაგვლია ჯერ უმრავლესობასთან მისი თემა და ასე გადაჭრით საბოლოო პასუხის გაცემა შემოთავაზებაზე ბუნებრივია, დღეს არ შემიძლია. სავარაუდოდ, ამას შევძლებთ ორშაბათს უმრავლესობის სხდომის შემდეგ. შესაძლებელია, არ იყოს უმრავლესობაში ერთგვაროვანი დამოკიდებულება ამაზე, მითუმეტეს, რომ იყო აზრი, რომ პოლიტიკურად მიკერძოება იყო კანდიდატობის გამომრიცხველი გარემოება. პირადად მე შემიძლია დავაფიქსირო მის მიმართ პატივისცემა, როგორც პატიოსანი, წესიერი და პროფესიონალი ადამიანის მიმართ"- თქვა მდინარაძემ.
დღეს, 28 თებერვალს ალეკო ელისაშვილმა თქვა, რომ პარტია მოქალაქეების ომბუდსმენობის კანდიდატი ლევან იოსელიანი იქნება.
ელისაშვილის აზრით, იოსელიანს აქვს რესურსი, პარლამენტში 90 დეპუტატის მხარდაჭერა მიიღოს.
2022 წლის დეკემბერში მოქმედ სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას უფლებამოსილების ვადა ამოეწურა.
მმართველმა პარტიამ ომბუდსმენის კანდიდატურა არ წარადგინა.
სახალხო დამცველობის თანამდებობაზე ასარჩევად პარლამენტს 19-მა ადამიანმა მიმართა.
არასამთავრობო ორგანიზაციებმა ომბუდსმენის პოსტზე 3 პირის კანდიდატურას დაუჭირეს მხარი. ესენი არიან: ანა აბაშიძე, გიორგი ბურჯანაძე და ნაზი ჯანეზაშვილი. მათ მხარს უჭირედა ოპოზიციის ნაწილიც.
პარლამენტმა სახალხო დამცველის თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატებს კენჭი 22 დეკემბერს უყარა.
საკანონმდებლო ორგანომ ომბუდსმენის თანამდებობაზე ვერც ერთი წარდგენილი კანდიდატი ვერ აირჩია.
ომბუდსმენობის კანდიდატის არჩევას პარლამენტის 90 დეპუტატის ხმა სჭირდება.