logo
ENG



დეპუტატები კორძაია და სამნიძე სახალხო დამცველად იოსელიანის კანდიდატურას მხარს უჭერენ

28 თებ 202317:32
3 წუთის საკითხავი
 
2023/02/28/2z6svckrqa9dxdg.jpg

პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატები თამარ კორძაია და ხათუნა სამნიძე სახალხო დამცველად ლევამ იოსელიანის კანდიდატურას მხარს უჭერენ. ამის შესახებ მათ პოსტები Facebook-ზე დაწერეს.

"ძალიან კარგი გადაწყვეტილება! ლევანი არის კვალიფიციური, გაწონასწორებული, პრინციპული და მიზანდასახული ადამიანი. წარმატებები!" - დაწერა კორძაიამ.

"ვისურვებდი, რომ ემოციები დაცხრეს, რაციონალურად შევაფასოთ პოლიტიკური კონტექსტი, დავაკვირდეთ აქამდე გამოვლილ პოლიტიკურ პროცესს და ასევე ლევანის განცხადებებს, რაც ის პარლამენტშია, შევაფასოთ 12 რეკომენდაციის შესრულების მდგომარეობა, და ამის შემდეგ შევაფასოთ ეს კონკრეტული საკითხი.

ჩემი ხმა ლევან იოსელიანის კანდიდატურას! და სანამ კომენტარს დამიწერთ (დრო არ მექნება საპასუხოდ, ბოდიში წინასწარ), ერთი განცხადება მაინც მოიყვანეთ, სადაც არ ჩანს, რომ ის პრინციპული იქნება ადამიანის უფლებების დაცვაში. ემოციების ყოველთვის მესმის, უბრალოდ ეგ პოლიტიკას არ უხდება და კონსენსუსს ხშირად ვნებს", - დაწერა სამნიძემ.

დღეს, 28 თებერვალს ალეკო ელისაშვილმა თქვა, რომ პარტია მოქალაქეების ომბუდსმენობის კანდიდატი ლევან იოსელიანი იქნება. დღესვე ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ ლევან იოსელიანის ომბუდსმენობის კანდიდატობასთან დაკავშირებით "ლიდერების დონეზე" გარკვეული კონსულტაციები იყო. მდინარაძემ დაამატა, რომ იოსელიანი პროფესიონალია და მას პატივს სცემს.

2022 წლის დეკემბერში მოქმედ სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას უფლებამოსილების ვადა ამოეწურა.

მმართველმა პარტიამ ომბუდსმენის კანდიდატურა არ წარადგინა. 

სახალხო დამცველობის თანამდებობაზე ასარჩევად პარლამენტს 19-მა ადამიანმა მიმართა.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა ომბუდსმენის პოსტზე 3 პირის კანდიდატურას დაუჭირეს მხარი. ესენი არიან: ანა აბაშიძე, გიორგი ბურჯანაძე და ნაზი ჯანეზაშვილი. მათ მხარს უჭირდა ოპოზიციის ნაწილიც. 

პარლამენტმა სახალხო დამცველის თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატებს კენჭი 22 დეკემბერს უყარა. საკანონმდებლო ორგანომ ომბუდსმენის თანამდებობაზე ვერც ერთი წარდგენილი კანდიდატი ვერ აირჩია.

ომბუდსმენობის კანდიდატის არჩევას პარლამენტის 90 დეპუტატის ხმა სჭირდება.


close დახურვა