logo
ENG



გახარია რუსულ კანონზე: დაინახეს, რომ დიდი ალბათობით მივიღებთ სტატუსს, სპეციალურად აკეთებენ

02 მარ 202311:33
3 წუთის საკითხავი
clock 631

ყოფილი პრემიერმინისტრის, პარტია საქართველოსთვის ლიდერის გიორგი გახარიას თქმით, ქართული ოცნება რუსული კანონის მიღებას სპეციალურად გეგმავს, რადგან მიხვდა, რომ "საქართველო დიდი ალბათობით მიიღებდა კანდიდატის სტატუსს".

როგორც მან თქვა, დღეს ლატვიის საელჩოში იმყოფებოდა, სადაც დიპლომატებს შეხვდა და მათ შორის ამ თემაზე ისაუბრა.

"ამ კანონპროექტის მთავარი პრობლემა რაშია, იცით? როდესაც საქართველოს დღევანდელმა მთავრობამ დაინახა და მიხვდა, რომ გეოპოლიტიკური მიზეზებით საქართველო დიდი ალბათობით მიიღებს კანდიდატის სტატუსს, ახლა ამას აკეთებენ სპეციალურად, რომ ეს პროცესი ააფეთქონ. მე არ ვიცი, ამას რა უნდა დავარქვათ. ამას სხვა ახსნა არ აქვს.

წარმოგიდგენიათ, რა ხდება, როდესაც ერთი და იგივე სიბრტყეში აყენებენ ოკუპანტ ქვეყანას და სტრატეგიულ პარტნიორებს, რომლებიც წლების განმავლობაში, გარდა იმისა რომ საქართველოს ეხმარებიან, აღიარებენ ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას და და გვეხმარებიან ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში. ქართველი ხალხის 80% ხმას აძლევს ქვეყნის ევროპულ მომავალს და ვიღაცა, არ მინდა სახელები დავასახელო, ამ არჩევანს აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ"- თქვა გახარია.

 

***

ქართული ოცნებიდან ფორმალურად წასულმა დეპუტატებმა, რომლებიც საკუთარ თავს "ხალხის ძალას" უწოდებენ, დააინიციირეს კანონპროექტი, რომელიც საქართველოში "უცხოური გავლენის აგენტებს" გააჩენს. ეს კანონი შეეხება ყველას, ვინც ხელისუფლებას აკრიტიკებს. "უცხოური გავლენის აგენტებად" დარეგისტრირდებიან ორგანიზაციები და მედიასაშუალებები, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოური წყაროა.

ქართული ოცნება მხარს უჭერს კანონპროექტს. მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ მსგავსი კანონი აშშ-შიც მოქმედებს, ამავე არგუმენტს იყენებდა რუსეთიც. თუმცა ისინი მანიპულირებენ, როდესაც ამერიკული კანონის მოქმედების დეტალებზე არ საუბრობენ. ამერიკული კანონი სხვა სახელმწიფოების პოლიტიკური ლობიზმის გამოსავლენადაა მიმართული, განსხვავებით ქართული ოცნების რუსული კანონისგან.

მოგვიანებით "ხალხის ძალამ" დააინიცირა კანონპროექტის გაუარესებული ვარიანტი, რომელიც, მათი თქმით, FARA-ს "სიტყვა-სიტყვით თარგმანია". ნეტგაზეთის ინფორმაციით, კანონპროექტის მიხედვით, "უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 5 წლამდე, იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით.

ქართული ოცნების განცხადებით, უცხოური აგენტების შესახებ რუსული კანონის ორივე ვარიანტს პირველი მოსმენით დაუჭერენ მხარს, რის შემდეგაც ის ვენეციის კომისიაში გადაიგზავნება. ამასთან, მმართველი გუნდი კანონის მიღებას ივნისის ბოლომდე გეგმავს.


close დახურვა