logo
ENG



საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსულ კანონზე შეშფოთებას გამოთქვამს

09 მარ 202303:15
3 წუთის საკითხავი
clock 539
2023/03/09/v7bu2yg4qlqw4mc.jpg

საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღების შესახებ შეშფოთებას გამოხატავს და აღნიშნავს, რომ ეს კანონპროექტი საქართველოს მოსახლეობის ევროპული პერსპექტივისადმი ფართო მხარდაჭერას ეწინააღმდეგება.

"საფრანგეთი კვლავ გამოთქვამს ღრმა შეშფოთებას უცხოელი აგენტების შესახებ ქართული კანონპროექტის გარშემო, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს მოსახლეობის ფართო მხარდაჭერას ქვეყნის ევროპული პერსპექტივისადმი", - აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ საფრანგეთი საქართველოს ევროპულ პერსპექტივას მხარს უჭერს და მზადაა, საქართველოს ამ გზაზე დაეხმაროს. ამასთან, უწყება საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, პატივი სცენ ადამიანის უფლებებს და ევროკავშირის ღირებულებებს, კერძოდ, მშვიდობიანი დემონსტრაციის უფლებას.

მათი თქმით, საქართველოს ევროპული პერსპექტივის რეალიზაციისთვის აუცილებელია ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულება ადამიანის უფლებების პატივისცემის კუთხით, განსაკუთრებით სასამართლოს სფეროში და მედიის თავისუფლების მიმართულებით.

ქართულმა ოცნებამ 7 მარტს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე 7 მარტს დილის 09:30 საათიდან შეიკრიბნენ მოქალაქეები, რომლებიც რუსული კანონის განხილვას აპროტესტებდნენ. აქტივისტები მას შემდეგ დაიშალნენ, რაც ცნობილი გახდა, რომ კანონს 9 მარტს განიხილავდნენ. თუმცა მამუკა მდინარაძის ინიციატივით, კანონი პლენარულ სხდომაზე ხუთშაბათის ნაცვლად გუშინვე განიხილეს.

განხილვის დაწყებისთანავე მოსახლეობა კვლავ პარლამენტთან შეიკრიბა. მას შემდეგ, რაც ოცნებამ, პირველი მოსმენით, რუსული კანონპროექტის მიღებას მხარი დაუჭირა ტერიტორიაზე ვითარება გამწვავდა.

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, მათ შორის სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ეზოში სპეცრაზმი იყო მობილიზებული. ასევე, მობილიზებული იყო წყლის ჭავლის მანქანა.

აქტივისტების რაოდენობის გაზრდის შემდეგ, პოლიციამ მათ წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზის გამოყენება დაიწყო, ასევე გაუშვა წყლის ჭავლი.

პროტესტის პარალელურად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ არაერთი განცხადება გაავრცელა და ირწმუნებოდა, რომ აქციაზე, სადაც მოქალაქეებს არბევდნენ, "პროპორციული ძალა გამოიყენეს".

ამ დროის მონაცემებით, ჯამში 76 მოქალაქეა დაკავებული, მათ შორის გირჩი - მეტი თავისუფლების ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე. ადვოკატის ცნობით, ჯაფარიძე ნაცემია და ხელკეტების რტყმისგან დაზიანებები აქვს თავზე.


close დახურვა