logo
ENG



ძველი თბილისის პოლიციის სამმართველოში ირაკლი ნადირაძის გამოკითხვა მიმდინარეობს

10 მარ 202317:21
3 წუთის საკითხავი
clock 789

ძველი თბილისის პოლიციის სამმართველოში ნაციონალური მოძრაობის წევრის, ირაკლი ნადირაძის გამოკითხვა მიმდინარეობს.

ნადირაძე პოლიციელებს რუსული კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ინფორმაციას აწვდის, როდესაც როგორც თავად აცხადებს, თავს დაესხნენ და ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

როგორც ის ჰყვება, დაპირისპირებას წინ არ უძღოდა კამათი და თავდამსხმელი მისთვის უცნობი პიროვნება იყო.

ნადირაძის თქმით, თავდამსხმელს ბასრი საგანი ჰქონდა თან და არ გამორიცხავს, ის რომ მის წინააღმდეგ გამოყენებას გეგმავდა.

"გვიგზავნიდნენ სუს-ის აგენტ-პროვოკატორებს და იცით თქვენ, რომ ფაქტობრივად პირდაპირ ეთერში მოხდა ფიზიკური დაპირისპირება ჩემთან და ადამიანი რომელიც ფიზიკურად დამიპირისპირდა ეს ნივთი ჰქონდა თან. მსგავსი იაფფასიანი თუ ძალადობრივი და საშიში პროვოკაციებით ვერავის შეგვაშინებენ"- ამბობს ნადირაძე.

ოცნებამ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" რუსული კანონპროექტის გაწვევის შესახებ 9 მარტს, დილას განაცხადა. თავდაპირველად, ოცნება ამ კანონპროექტს მხარს უჭერდა და პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო. 

კანონპროექტის საწინააღმდეგო პროტესტი 7-8 მარტს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობდა. აქციები იყო ქუთაისში, ბათუმში და სხვა ქალაქებშიც. 

თბილისში პოლიციელებმა მშვიდობიანი აქცია წყლის ჭავლით, წიწაკის სპრეითა და ცრემლმდენი გაზით დაარბიეს. 

რამდენიმესაათიანი მცდელობების მიუხედავად ხალხი არ იშლებოდა, რის შემდეგაც პოლიციამ აქციის მონაწილეების დაკავება ძალისმიერი მეთოდებით დაიწყო. პოლიციელები მუშაობაში ხელს უშლიდნენ მედიის წარმომადგენლებს და ჟურნალისტებზე ძალადობის ფაქტებიც დაფიქსირდა. 

შსს-მ 2 დღეში აქციებზე ჯამში 133 ადამიანი დააკავეს, დღეს საღამოს კი შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა პირი, 133 ადამიანი გაათავისუფლეს.


close დახურვა