logo
ENG



კობახიძე ფრანკლინის კლუბზე: უცხოური აგენტია, სტუდენტების, მოსწავლეების რეკრუტირებას ახდენს

14 მარ 202311:31
3 წუთის საკითხავი
clock 763

ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე "ფრანკლინის კლუბის" შესახებ საუბრობს, ამბობს, რომ კლუბი "უცხოური გავლენის აგენტია" და ის სტუდენტებისა და სკოლის მოსწავლეების "რეკრუტირებას" ახორციელებს.

"თავად ნაც.მოძრაობასთან, გირჩი- მეტი თავისუფლებასთან, სირცხვილიასთან და დროასთან ერთად, გასულ კვირაში გამოიკვეთა ფრანკლინის კლუბი აქტიურობა. ფრანკლინის კლუბი არის უცხოური გავლენის აგენტი, რომელიც ასეულობით ათასი ლარით ფინანსდება. მისი მხარდამჭერია ამერიკული ორგანიზაცია "Atlas network"-ი, რომელიც წარსულში არაძალადობრივ და ძალადობრივ პროტესტს აორგანიზებდა მსოფლიოს არა ერთ ქვეყანაში, ასევე აქტიურად მუშაობდა ბრექსიტზე ანუ ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გამოყოფაზე.

"ფრანკლინის კლუბი" პოლიტიკური აქტივიზმისთვის ახორციელებს როგორც სტუდენტების, ისე არასრულწლოვანი სკოლის მოსწავლეების რეკრუტირებას. სტუდენტების მობილიზაცია წარმოებს არსებითად ორი უნივერსიტეტის ბაზაზე. ესენია - კახა ბენდუქიძის მიერ თავის დროზე 1 ლარად მითვისებული "თავისუფალი უნივერსიტეტი" და გიული ალასანიას მიერ ასევე 1 ლარად მითვისებული "საქართველოს უნივერსიტეტი". აქტივობებისათვის "ფრანკლინის კლუბი" აქტიურად იყენებს "საქართველოს უნივერსიტეტის" ინფრასტრუქტურას."- ამბობს კობახიძე.

კობახიძის განცხადებით ფრანკლინის კლუბში " ოპოზიციის ექსტრემისტი ლიდერები" მსმენელებს "რევოლუციურ გეგმებზე დაუფარავად" ესაუბრებიან.

"კლუბის მრჩეველთა საბჭოს წევრები არიან ორივე ზემოაღნიშნული უნივერსიტეტის რექტორები, ვატო ლეჟავა და კონსტანტინე თოფურია, აგრეთვე სხვა რეაქციონერი ნაციონალები, როგორებიც არიან ლევან რამიშვილი, გია ნოდია და სხვები. „ფრანკლინის კლუბში“ ტრენინგებს ატარებენ ზურაბ ჯაფარიძე, გიორგი მშვენიერაძე, გიორგი მელაძე და ოპოზიციის სხვა ექსტრემისტი ლიდერები, რომლებიც მსმენელებს რევოლუციურ გეგმებზე დაუფარავად ესაუბრებიან."- თქვა კობახიძემ ბრიფინგზე.

კობახიძე ამბობს, რომ ფრანკლინის კლუბში ლიბერალური ფაშიზმის იდეებია "გატარებული" და ოცნებას უნდა ამ ბავშვების მშობლების "ინფორმირება."

"ჩვენ დღეს გვინდოდა ამ ბავშვების [ფრანკლინის კლუბის წევრების] ინფორმირება და მათი მშობლების ინფორმირებაც, როცა ჩვენ ვსაუბრობთ ლიბერალურ ფაშიზმზე, სწორედ ეს იდეოლოგია არის გატარებული ფრანკლინის კლუბში ზურაბ ჯაფარიძის და სხვა რეაქციონერი ნაციონალი პოლიტიკოსების მიერ... ჩვენ შესაბამისად გვინდა ამ ბავშვების მშობლების ყურადღება გავამახვილოთ ამასთან დაკავშირებით. ბავშვების ტვინის მოწამვლა ლიბერალური ფაშიზმის იდეოლოგიით არის, რა თქმა უნდა, მიუღებელი და ამას სათანადო ყურადღება უნდა მიექცეს."- თქვა კობახიძემ. 

კობახიძე ასევე აცხადებს, რომ აქციაზე "ექსტრემისტული აქტივობები" ხორციელდებოდა ჯინ შარპისა და პიტერ აკერმანის სახელმძღვანელოების მიხედვით. მისი თქმით წყლის ჭავლთან დროშიანი მომიტინგის დაპირისპირება და სპეცრაზმელებთან ყვავილების მიტანა ამ "სახელმძღვანელოებშია აღწერილი."

"გასულ კვირაში არსებითად სწორედ რადიკალური ოპოზიციის ექსტრემისტული ახალგაზრდული დაჯგუფებების მიერ იყო ორგანიზებული ძალადობრივი აქტები, რომლებიც სამართალდამცავი სტრუქტურების წინააღმდეგ განხორციელდა. ექსტრემისტული აქტივობები ძირითადად ხორციელდებოდა ჯინ შარპისა და პიტერ აკერმანის მიერ შემუშავებული სახელმძღვანელოების შესაბამისად. მათ შორის, სწორედ ამ სახელმძღვანელოებშია აღწერილი ისეთი სიმბოლური აქტები, როგორიცაა წყლის ჭავლთან დროშიანი მომიტინგის დაპირისპირება, სპეცრაზმელებთან ყვავილების მიტანა და ა.შ."- თქვა ქართული ოცნების თავმჯდომარემ.


close დახურვა