logo
ENG



იუსტიცია: თანახმა ვართ, პირობების დაკმაყოფილებით სააკაშვილის მკურნალობაში უცხოელები ჩაერთონ

16 მარ 202318:18
3 წუთის საკითხავი
clock 679
2023/03/16/wrnf8sbme98t64f.png

იუსტიციის სამინისტრო აცხადებს, რომ პენიტენციური სამსახური არაა წინააღმდეგი, მსჯავრდებული სააკაშვილს მკურნალობის პროცესში ის უცხოელი ექიმები ჩაერთონ, ვინც "დააკმაყოფილებენ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ წინაპირობებს".

სამინისტრო აცხადებს, რომ სააკაშვილის მკურნალობის პროცესში ოჯახის მიერ მოწვეული უცხოელი ექიმების ჩართვის შესაძლებლობა სააკაშვილს 2022 წლის 29 ნოემბერს შესთავაზეს.

„საზოგადოების ინფორმირების მიზნით იუსტიციის სამინისტრო განმარტავს, რომ მკურნალობის პროცესში უცხოელი ექიმების ჩართვის შესაძლებლობა მსჯავრდებულ სააკაშვილს სამინისტრომ 2022 წლის 29 ნოემბერს შესთავაზა. შეთავაზება გულისხმობს, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახური არ იქნება წინააღმდეგი, უშუალოდ მსჯავრდებულის ან მისი ოჯახის მიერ მოწვეულმა უცხოელმა ექიმმა, რომელიც დააკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ წინაპირობებს, მიიღოს მონაწილეობა მის მკურნალობაში თბილისში, კლინიკა ვივამედში, სადაც ამჟამად მსჯავრდებული სააკაშვილი იმყოფება” - აცხადებს იუსტიციის სამინისტრო.

***

ევროკავშირის 27-ვე წევრმა ქვეყანამ იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგაძეს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ოფიციალური დემარშით მიმართა.

EU-ს წევრმა ქვეყნებმა ყოფილი პრეზიდენტის მდგომარეობასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოხატეს.

ასევე 10 თებერვალს პოლონეთის პრემიერმინისტრმა მატეუშ მორავიეცკიმ განაცხადა, რომ პოლონეთი საქართველოს ხელისუფლებას სააკაშვილის პოლონეთში სამკურნალოდ გადაყვანას სთავაზობს. 

პოლონურმა გამოცემა Polskie Radio-მ 3 მარტს განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირის ქვეყნების დემარშზე პასუხად პოლონელი ექიმების მიერ მიხეილ სააკაშვილის გასინჯვას დათანხმდა.

პოლონეთის ხელისუფლების წარმომადგენელმა პეტრ მიულერმა 13 მარტს განაცხადა, რომ პოლონელი ექიმები მზად არიან საქართველოში გაემგზავრონ და მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს გამოკვლევები ჩაუტარონ, თუმცა, მისი თქმით, პოლონეთი საქართველოსგან ფორმალურ თანხმობას ჯერ კიდევ ელოდება.

 

close დახურვა