
კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის მფლობელის ევგენი პრიგოჟინის თქმით, მაისის შუა რიცხვებისთვის ვაგნერის მებრძოლთა რიცხვი 30 000-ით გაიზრდება.
პრიგოჟინის ტელეგრამ არხზე გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, რუსეთში აქტიურად მიმდინარეობს სამხედროების ვაგნერში ჩარიცხვა.
„გვაქვს დღეები, როცა ვრიცხავთ დღეში 1 200-მდე ადამიანს. იმავდროულად ჩვენი საშუალო რიცხვი 500-დან 800-მდეა დღეში, როცა ახლა აქტიურია გაფართოება“ - განაცხადა პრიგოჟინმა.
ის ვარაუდობს, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ, ახალწვეულთა ეს რაოდენობა შესაძლოა, შემცირდეს, მაგრამ მაისის შუა რიცხვებისთვის, ვაგნერის მებრძოლთა რაოდენობა დანაყოფებში დაახლოებით 30 000-ით გაიზრდება.
გასულ კვირაში პრიგოჟინმა განაცხადა, რომ ვაგნერის გაწვევის ცენტრები რუსეთის 42 ქალაქში გაიხსნა.
ბრიტანეთის დაზვერვამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ვაგნერში ირიცხებოდნენ პატიმრები, ვისაც 6 თვე ბრძოლის სანაცვლოდ "შეწყალებას" ჰპირდებოდნენ. 2023 წლის თებერვლის დასაწყისში კი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ ვაგნერში აღარ ჩაირიცხებიან პატიმრები.
თებერვლის ბოლოს აშშ-მ განაცხადა, რომ ვაგნერმა უკრაინაში ბრძოლებში 30 000-მდე მეტი სამხედრო დაკარგა.