logo
ENG



სტოლტენბერგი: ქართველებმა ნათლად თქვეს, რომ სურთ დემოკრატიული კეთილდღეობა, ევროინტეგრაცია

21 მარ 202321:29
3 წუთის საკითხავი
clock 683
სტოლტენბერგი: ქართველებმა ნათლად თქვეს, რომ სურთ დემოკრატიული კეთილდღეობა, ევროინტეგრაცია

NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის თქმით, "ქართველმა ხალხმა მკაფიოდ თქვა, რომ სურთ ევროატლანტიკურ რეგიონში ინტეგრირება და დემოკრატიული კეთილდღეობა". ამის შესახებ მან ბრიფინგზე ისაუბრა.

სტოლტენბერგი მიესალმა საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებას, რუსული კანონპროექტის გაწვევასთან დაკავშირებით. მან მოუწოდა საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს, ერთად იმუშაონ აუცილებელ რეფორმებზე. 

"მივესალმები საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებას, ჩაეგდოთ თუ უკან გაეწვიათ კანონპროექტი უცხოური აგენტებისა თუ გავლენის შესახებ, რადგან ის შეუთავსებელია ევროატლანტიკურ ღირებულებებთან და ფუნდამენტური თავისუფლების დაცვასთან. ასე რომ, მე მივესალმები ამ ინიციატივის უკან გაწვევას და პარლამენტის მიერ მხარის არ დაჭერას. მოვუწოდებ საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს, რომ იმუშაონ ერთად აუცილებელ რეფორმებზე და, რა თქმა უნდა, NATO-ც მუშაობს საქართველოსთან ამ რეფორმების განსახორციელებლად, დემოკრატიული ინსტიტუტების გასაძლიერებლად, უსაფრთხოების სამსახურებზე დემოკრატიული კონტროლის გასაძლიერებლად და კორუფციის დასამარცხებლად. ქართველმა ხალხმა მკაფიოდ თქვა, რომ მათ სურთ საქართველოს დემოკრატიული კეთილდღეობა, ევროატლანტიკურ რეგიონში ინტეგრირება. NATO განაგრძობს ამ მისწრაფებებში პარტნიორობას", - თქვა სტოლტენბერგნა. 

მასშტაბური გამოსვლებისა და პროტესტის შედეგად, ქართულმა ოცნებამ რუსული კანონპროექტი მეორე მოსმენით ჩააგდო

ოცნებამ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" რუსული კანონპროექტის გაწვევის შესახებ 9 მარტს, დილას განაცხადა. თავდაპირველად, ოცნება ამ კანონპროექტს მხარს უჭერდა და პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო. 

კანონპროექტის საწინააღმდეგო პროტესტი 7-8 მარტს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობდა. აქციები იყო ქუთაისში, ბათუმში და სხვა ქალაქებშიც. 

თბილისში პოლიციელებმა მშვიდობიანი აქცია წყლის ჭავლით, წიწაკის სპრეითა და ცრემლმდენი გაზით დაარბიეს. 

რამდენიმესაათიანი მცდელობების მიუხედავად ხალხი არ იშლებოდა, რის შემდეგაც პოლიციამ აქციის მონაწილეების დაკავება ძალისმიერი მეთოდებით დაიწყო. პოლიციელები მუშაობაში ხელს უშლიდნენ მედიის წარმომადგენლებს და ჟურნალისტებზე ძალადობის ფაქტებიც დაფიქსირდა. 

შსს-მ 2 დღეში აქციებზე ჯამში 133 ადამიანი დააკავეს, დღეს საღამოს კი შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა პირი, 133 ადამიანი გაათავისუფლეს.


close დახურვა