logo
ENG



ნაკაიძე: მდინარაძე, სუბარი, კობახიძე ცდილობენ ჩემი, მუსლიმი თემის დისკრედიტაციას, სახიფათოა

23 მარ 202316:33
3 წუთის საკითხავი
clock 799

ოპოზიციონერი დეპუტატი ტარიელ ნაკაიძე აცხადებს, რომ ბოლო დღეების განმავლობაში, ქართული ოცნების ლიდერები მისი და მუსლიმი თემის დისკრედიტაციას ცდილობენ. 

ნაკაიძის განცხადებით, მმართველი პარტიის წარმომადგენლების მხრიდან ეს დამოკიდებულება "ძალიან არასწორი და სახიფათოა".

"ქართველი ხალხის მიერ კუთხეში მიყენებული გაფარჩაკებული პარტიის ლიდერები სოზარ სუბარი, მდინარაძე და კობახიძე ორი დღეა ცდილობენ მაქსიმალური დისკრედიტაცია მოახდინონ ჩემი და იმ თემისა, რომლის წარმომადგენელიც ვარ პარლამენტში.

ვფიქრობ, ეს დამოკიდებულება არის სახიფათო და ძალიან არასწორი, არასწორი პოლიტიკური გათვლა, ეს არის მარგინალიზაციისა და დისკრედიტაციის ნიშნები"- ამბობს ნაკაიძე.

ოპოზიციონერი დეპუტატი ამბობს, რომ არავის მისცემს უფლებას, რეპუტაცია შეულახონ ეთნიკურ და რელიგიურ ჯგუფებს და მოუწოდებს მმართველი პარტიის წევრებს, "გონს მოეგონ და სწორად იმოქმედონ".

"დღეს მე ამ ბრიფინგით ვასრულებ ამ თემაზე საუბარს იმიტომ, რომ მე მათ არ მივცემ შანსს, რეპუტაცია შეულახონ საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ და რელიგიურ ჯგუფებს; არ მივცემ შანსს, ხმა ჩაეხშოს საქართველოში პარლამენტის წევრს, რომელიც ამ და ბევრი სხვა მიმართულებით იცავს უფლებებს. მე მათ ვაფრთხილებ - გონს მოეგონ და სწორად იმოქმედონ. ამ ყველაფერს აქვს ძალიან სერიოზული საფრთხის ნიშნებიც და შესაბამისად, კარგად უნდა დაფიქრდნენ ამ ყველაფერზე და შესაბამისად, კარგად გაიაზრონ, თუ ვის და რატომ ესხმიან თავს. ეს ქვეყანა არის მრავალფეროვანი, მრავალეთნიკური, მრავალრელიგიური და შესაბამისად, ჩვენ ამ ქვეყანაში უნდა ვიცხოვროთ ყველამ თანაბარი უფლებებით და მე მინდა ამის გარანტია მინდა ვიყო და ვიბრძოლო იმისათვის, რომ ეს მრავალფეროვნება გამტკიცდეს"- თქვა ნაკაიძემ.

ჟურნალისტმა მას ჰკითხა, ელოდება თუ არა სახალხო დამცველის გამოხმაურებას, რაზეც ნაკაიძემ უპასუხა: "ეს თემა არ არის მარტივი თემა, ყველა მიმართულებით, ისევე როგორც სახალხო დამცველმა და მე ვიცი, რომ სახალხო დამცველთან არსებულ რელიგიათა საბჭოს აქვს თავისი დამოკიდებულება და იტყვის ამაზე სიტყვას. აქ საქმე ეხება საქართველოში მცხოვრებ უმცირესობებს და მის რეპუტაციას საქმე და მის მარგინალიზაციის მცდელობებს. ჩვენ ამას არ დავუშვებთ".

22 მარტს ქართული ოცნებიდან ფორმალურად წასულმა დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ ტარიელ ნაკაიძეს მიკროფონი ჩაარტყა.

დაპირისპირება რეპლიკებმა გამოიწვია, კონკრეტულად კი ვიქტორ ჯაფარის გაღიზიანება სიტყვა აგენტმა გამოიწვია, რის შემდეგაც ის თავს დეპუტატ ნაკაიძეს დაესხა და სიტყვიერად სხვა ოპოზიციონერ კანონმდებლებს დაუპირისპირდა.

ქართული ოცნების თავმჯდომარე გუშინ პარლამენტში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა და ტარიელ ნაკაიძეს "მძიმე რეპუტაციის მქონე კაცი" უწოდა.

ამასთან, ნაკაიძის თქმით, სუბარმა მას "შპიონი და მოღალატე" უწოდა.

ფორმულას ჟურნალისტმა ირაკლი კობახიძეს სთხოვა განემარტა, რას ნიშნავს "მძიმე რეპუტაციის მქონე კაცი", რაზეც კობახიძემ უპასუხა: "არ მინდა და არ განვმარტავ".

აღსანიშნავია, რომ ამ განცხადებებზე შეფასება არ გაუკეთებია სახალხო დამცველს. ლევან იოსელიანმა ნაკაიძესთან დაკავშირებით შეკითხვას არ უპასუხა.


close დახურვა