logo
ENG



უნგრეთში შესვლის შემთხვევაში პუტინს არ დააკავებენ - ორბანის ადმინისტრაცია

24 მარ 202301:03
3 წუთის საკითხავი
clock 575
2023/03/24/38w6qrgs2kflmht.jpg

უნგრეთის პრემიერის ვიქტორ ორბანის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის გერგელი გუიაშის თქმით, უნგრეთში შესვლის შემთხვევაში რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს არ დააკავებენ, რადგან ამის "სამართლებრივი საფუძვლები" არ არსებობს.

გუიაშის თქმით, უნგრული კანონის მიხედვით, მათ რუსეთის პრეზიდენტის დაკავების უფლება არ აქვთ.

„ჩვენ შეგვიძლია მივმართოთ უნგრულ კანონს და მასზე დაყრდნობით, ჩვენ არ შეგვიძლია რუსეთის პრეზიდენტის დაკავება... ვინაიდან უნგრეთში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წესდების პრომულგაცია [საჯაროდ გაცხადება] არ მომხდარა“ - განაცხადა გულიაშმა.

მისი აზრით, ამგვარი გადაწყვეტილებები არაა "იმედის მომცემი", ვინაიდან ისინი ხელს უწყობს არა მშვიდობას, არამედ "სიტუაციის დამატებით ესკალაციას".

უნგრეთმა რომის წესდებას, რომლის საფუძველზეს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო (ICC) შეიქმნა, ხელი 1999 წლის 15 იანვარს მოაწერა, მისი რატიფიკაცია კი უნგრეთში 2001 წელს მოხდა.

საჯარო გაცხადება (Promulgation) არის ფორმალური განცხადება იმის შესახებ, რომ ახალი ნორმატიული ან ადმინისტრაციული კანონი მისი საბოლოო დამტკიცების შემდეგ ამოქმედდა. მისი მიზანი, კანონის შესახებ საჯაროდ განცხადებით ამ კანონის ამოქმედებაა.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ 17 მარტს უკრაინიდან ასობით ბავშვის უკანონოდ დეპორტაციის ბრალდებით ვლადიმერ პუტინის დაპატიმრების ორდერი დასცა. სასამართლოს თქმით, არსებობს გონივრული საფუძვლები, იმისთვის რომ პუტინს ინდივიდუალური სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისროს.

პუტინი ერთადერთი მოქმედი პრეზიდენტია, რომლის დაკავების ორდერიც ICC-მ გასცა. ეს ორდერი გულისხმობს იმასაც, რომ თუ ის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წევრ რომელიმე ქვეყანაში იმოგზაურებს, შესაძლოა, დააკავონ და ჰააგას გადასცენ.

ICC-ის წევრი ქვეყნები არიან ისინი, სადაც რომის წესდება რატიფიცირებულია - ჯამში 123 ქვეყანა. მათ შორისაა უნგრეთიც და საქართველოც.

 

17 მარტს ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. გარდა ამისა, ორდერი გაიცა ბავშვთა საკითხების ომბუდსმენის მარია ლვოვა-ბელოვას დაკავებაზე. 

საერთაშორისო სასამართლო განმარტავს, რომ რომის წესდების რამდენიმე მუხლის დარღვევით პუტინი და ლვოვა-ბელოვა უკრაინელი ბავშვების უკანონო დეპორტაციაში არიან ეჭვმიტანილნი.

საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლეები დასძენენ, რომ მათ აქვთ საკმარისი საფუძველი იფიქრონ, რომ პუტინი პირადად არის პასუხისმგებელი ამ დანაშაულებზე როგორც უშუალო მონაწილე.

ომის დაწყების შემდეგ უკრაინა რუსეთს ბავშვების იძულებით დეპორტაციაში ადანაშუალებს, თუმცა მოსკოვი ყველა ბრალდებას უარყოფს. კიევის მონაცემებით, საუბარია 16 ათას ბავშვზე. 

მიუხედავად პუტინისა და ლვოვა-ბელოვას მიმართ გამოწერილი ორდერისა, ICC-ის სასამართლოს არ აქვს დაკავების უფლებამოსილება და იურისდიქციის განხორციელება მხოლოდ იმ ქვეყნებში შეუძლია, რომლებიც რომის სტატუტის ხელმომწერები არიან. რუსეთი ხელმომწერი სახელმწიფო არაა. 

ICC-ის გადაწყვეტილებას გამოეხმაურნენ რუსეთში. საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა აცხადებს, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებებს რუსეთისთვის "მნიშვნელობა არ აქვს.

ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ კი ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერთან დაკავშირებით განაცხადა, რომ "დაკავების ორდერი არ ნიშნავს სასამართლოს გადაწყვეტილებას".

"რაც შეეხება კონკრეტული პირების დამნაშავეებად ცნობას ეს არის შესაბამისი სასამართლო ინსტანციის საქმე და უნდა დაველოდოთ სასამართლოს გადაწყვეტილებას. დაკავების ორდერი არ ნიშნავს სასამართლოს გადაწყვეტილებას"- განაცხადა კობახიძემ.


close დახურვა