logo
ENG



აშშ-ის თქმით, არ არსებობს ნიშნები, რომ რუსეთი ბირთვული იარაღის გამოყენებისთვის ემზადება

26 მარ 202312:04
3 წუთის საკითხავი
clock 667
2023/03/26/8e4qamw9zlanq4x.jpg
Maxim Shemetov / Reuters

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ცნობით, არ არსებობს ნიშნები, რომ რუსეთი ბირთვული იარაღის გამოყენებისთვის ემზადება. აშშ-ის განცხადებას Reuters ავრცელებს.

"ჩვენ ვნახეთ ცნობები რუსეთის განცხადების შესახებ და ამ სიტუაციის მონიტორინგს გავაგრძელებთ. ჩვენ ვერ ვხედავთ რაიმე მიზეზს, რომ შევცვალოთ ჩვენი ბირთვული პოზიციის სტრატეგია, ვერც იმას ვხედავთ, რომ რუსეთი ბირთვული იარაღის გამოსაყენებლად ემზადება. ჩვენ NATO-ს ალიანსის კოლექტიური თავდაცვის ერთგული ვრჩებით", - აღნიშნულია პენტაგონის განცხადებაში.

25 მარტს კრემლის პროპაგანდისტულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ოფიციალური მოსკოვი და მინსკი ბელარუსის ტერიტორიაზე ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსებაზე შეთანხმდნენ. მედიის ცნობით, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ 3 აპრილიდან ეკიპაჟების წვრთნას იწყებენ. მისი თქმით, ბელარუსის ტერიტორიაზე ტაქტიკური ბირთვული იარაღის სპეციალური საწყობის მშენებლობას პირველ ივლისს დაასრულებენ.

პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი უკვე დაეხმარა ბელარუსს თვითმფრინავების ხელახალ აღჭურვაში. გარდა ამისა, მინსკს გადაეცა სარაკეტო სისტემა ისკანდერი. მისი თქმით, ასეთი ნაბიჯის მიზეზი გახდა დიდი ბრიტანეთის განცხადება, რომ უკრაინას ტანკებისთვის გაღარიბებული ურანის შემცველ ჯავშანგამჭოლ ჭურვებს გადასცემდნენ.

გასულ კვირას ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანაბელ გოლდიმ განაცხადა, რომ ლონდონი, Challenger 2-ის ტანკების გარდა, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გადასცემს საბრძოლო მასალას, მათ შორის ჯავშანსატანკო ჭურვებს, რომლებიც გაღარიბებულ ურანს შეიცავს.


close დახურვა