logo
ENG



დროა: სოლიდარობა სამხარაძეს - მოძალადეებს არ ეგონოთ, რომ რომელიმე ქალს მარტო დავტოვებთ

27 მარ 202314:41
3 წუთის საკითხავი
clock 524
2023/03/27/g2k7opck1j3dd00.jpeg

პარტია დროა ტელეწამყვან თათია სამხარაძესა და ძალადობის წინააღმდეგ მებრძოლ ყველა ქალს სოლიდარობას უცხადებს და ამბობს, რომ "საქართველოში ქალებს, რომლებიც ბედავენ, მოძალადეების წინააღმდეგ ხმა ამოიღონ, სახელისუფლებო სისტემა ხშირად უპირისპირდება".

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ბოლო დღეებში ოცნების მთავარი პროპაგანდისტის, შალვა რამიშვილის დაცვის მიზნით, თათია სამხარაძის წინააღმდეგ პროპაგანდისტული მედიები, ე.წ. ექსპერტები, ტროლები და სახელმწიფო ინსტიტუტები ამოქმედდნენ.

"საქართველოში ქალებს, რომლებიც ბედავენ მოძალადეების წინააღმდეგ ხმა ამოიღონ, ხშირად უპირისპირდება სახელისუფლებო სისტემა. სისტემა, რომელიც ამ ქალების წინააღმდეგ მის ხელში არსებულ ყველა საშუალებას იყენებს - უქვეყნებს პირადი ცხოვრების ამსახველ უკანონოდ მოპოვებულ კადრებს, ცრუ და მანიპულაციური ინფორმაციის გასავრცელებლად ამუშავებს პროპაგანდისტულ მანქანას.

ბოლო დღეებში „ქართული ოცნების“ მთავარი პროპაგანდისტის შალვა რამიშვილის დაცვის მიზნით, თათია სამხარაძის წინააღმდეგ სამთავრობო პროპაგანდისტული მედიასაშუალებების გარდა, „ქართული ოცნების“ ე.წ. ექსპერტები, მხარდამჭერები, ტროლები და, რაც მთავარია, სახელმწიფო ინსტიტუტები ამოქმედდნენ.

ის, რომ შალვა რამიშვილი გამამტყუნებელი განაჩენისა და სექსუალური შევიწროების ათობით ისტორიის შემდეგ, ტელევიზიის ეთერში ზის, ზურგს „სუსი“ უმაგრებს და აქვს ბერკეტები უსამართლო ბრძოლაში ზიანი მიაყენოს ამ ქალებს, ჩვენ, დანარჩენ საზოგადოებას გვავალდებულებს, დავდგეთ ამ ქალების გვერდით. არცერთ მოძალადეს არ უნდა ეგონოს, რომ რომელიმე ქალს მარტო დავტოვებთ.

პარტია „დროას“ სოლიდარობა თათია სამხარაძეს და ყველა ქალს, რომელმაც გაბედა ძალადობის წინააღმდეგ გალაშქრება!", - წერია განცხადებაში.

გუშინ, 26 მარტს თათია სამხარაძემ Facebook-ზე ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც ამბობს, რომ სამთავრობო პროპაგანდისტული POSTV იტყუება, თითქოს ის დიმა ჩიქოვანის სახლიდან ვერ გამოდის, რადგან ჩალურჯებები აქვს. სამხარაძემ ამის საპირისპიროდ ვიდეო სახლიდან ჩაწერა, რომელშიც ჩანს, რომ დაზიანებები არ აქვს.

ვიდეო

112-ში პროპაგანდისტული ტელევიზიის POSTV-ის მიერ განხორციელებული ცრუ შეტყობინების გამო 24 მარტს გვიან ღამით ნაციონალური მოძრაობის წევრის დიმა ჩიქოვანის საცხოვრებელ სახლში პოლიცია მივიდა და საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა.

უწყებაში POSTV-ის პროპაგანდისტმა, ნათია ბერიძემ დარეკა და განაცხადა, რომ ჩიქოვანმა, სავარაუდოდ, თათია სამხარაძე გაიტაცა. პოლიციელებმა დანაშაული ვერ დაადგინეს - ენმ-ის გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა, რომ ეს იყო ცრუ დასმენა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, დიმა ჩიქოვანის მიმართ მოწყობილი შეგნებული პროვოკაცია.

მომხდარის შესახებ თათია სამხარაძემ განაცხადა, რომ საგამოძიებო უწყებები პოსტივისთან ერთად "ჰიბრიდულ სპეცოპერაციებს დგამენ და ცრუ დასმენით, თითქოს მე გატაცებული ვიყო სახლში უვარდებიან ოპოზიციური პარტიის წევრს, დიმიტრი ჩიქოვანს. აი ასე, პროვოკაციულად უდანაშაულო ადამინს აბრალებენ სისხლის სამართლის უმძიმეს დანაშაულს."

სამხარაძის თქმით, მისი უსაფრთხოება, როგორც ქალთა უფლებადამცველის, საქართველოში საფრთხეშია.

თათია სამხარაძე ერთ-ერთია, ვინც POSTV-ის ხელმძღვანელი, შალვა რამიშვილი სექსუალურ შევიწროებაში ამხილა. მან რამიშვილს ტელეკომპანია იმედში ყოფნის დროს, 2016 წელს უჩივლა. 2018 წლის 3 იანვარს შალვა რამიშვილს სექსუალური შევიწროების საქმეზე საქალაქო სასამართლომ მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 2 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. რამიშვილმა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა მოსამართლემ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. ორი ინსტანციის გადაწყვეტილება რამიშვილს უზენაეს სასამართლოში აღარ გაუსაჩივრებია.

ბოლო დღეების განმავლობაში რამიშვილი სექსუალურ შევიწროებაში კიდევ რამდენიმე ქალმა ამხილა. მათი ისტორიები მსგავსია. როგორც ქალები ამბობენ, ისინი გასაუბრების დროს შეავიწროვეს. სექსუალური შევიწროების ბრალდებებს უარყოფს შალვა რამიშვილი.


close დახურვა