logo
ENG



"შავი დღე შალვას" - დღეს, 19:00 საათზე POSTV-სთან აქცია გაიმართება

28 მარ 202312:15
3 წუთის საკითხავი
 
2023/03/28/9qtg8c3hwlzulvc.jpg

სამთავრობო პროპაგანდისტული POSTV-სთან დღეს, 28 მარტს, 19:00 საათზე საპროტესტო აქცია გაიმართება.

ორგანიზატორების განცხადება:

"შალვა რამიშვილი ქართული ოცნების მთავარი პროპაგანდისტი და გახრწნილი სისტემის თვალსაჩინო სახეა. ის სექსუალურად ავიწროვებს ქალებს, ავრცელებს რუსულ პროპაგანდას, ტირაჟირებს სიძულვილის ენას და მორალურ ტერორს უწყობს ყველას, ვინც მისი პროპაგანდის მანქანის წინააღმდეგ წავა.

დღეს, საღამოს 19:00 საათიდან, ვიკრიბებით პროპაგანდის მანქანის, პოსტივის ოფისის წინ, რათა ხმაურით გავაპროტესტოთ ამ ტელევიზიის და კონკრეტულად შალვა რამიშვილის მიერ ნასაზრდოები ძალადობა, სექსუალური შევიწროვება, ბინძური რუსული პროპაგანდა, მორალური ტერორი და ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვა. შავი დღე შალვას! სოლიდარობა ყველა დაზარალებულს!"

ჟურნალისტმა მაკო ჯაბუამ რამიშვილი სექსუალურ შევიწროებაში 21 მარტს ამხილა. ამის შემდეგ რამიშვილი სექსუალურ შევიწროებაში კიდევ რამდენიმე ქალმა ამხილა. მათი ისტორიები მსგავსია. როგორც ქალები ამბობენ, ისინი გასაუბრების დროს შეავიწროვეს. სექსუალური შევიწროების ბრალდებებს უარყოფს შალვა რამიშვილი.

ისტორიების მოყოლის შემდეგ ორგანიზებული თავდასხმა დაიწყო თათია სამხარაძის მიმართ. თათია სამხარაძე ერთ-ერთია, ვინც POSTV-ის ხელმძღვანელი, შალვა რამიშვილი სექსუალურ შევიწროებაში ამხილა. მან რამიშვილს ტელეკომპანია იმედში ყოფნის დროს, 2016 წელს უჩივლა. 2018 წლის 3 იანვარს შალვა რამიშვილს სექსუალური შევიწროების საქმეზე საქალაქო სასამართლომ მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 2 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. რამიშვილმა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა მოსამართლემ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. ორი ინსტანციის გადაწყვეტილება რამიშვილს უზენაეს სასამართლოში აღარ გაუსაჩივრებია. 

26 მარტს სამხარაძემ Facebook-ზე ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც ამბობს, რომ სამთავრობო პროპაგანდისტული POSTV იტყუება, თითქოს ის დიმა ჩიქოვანის სახლიდან ვერ გამოდის, რადგან ჩალურჯებები აქვს. სამხარაძემ ამის საპირისპიროდ ვიდეო სახლიდან ჩაწერა, რომელშიც ჩანს, რომ დაზიანებები არ აქვს.

  ვიდეო

112-ში პროპაგანდისტული ტელევიზიის POSTV-ის მიერ განხორციელებული ცრუ შეტყობინების გამო 24 მარტს გვიან ღამით ნაციონალური მოძრაობის წევრის დიმა ჩიქოვანის საცხოვრებელ სახლში პოლიცია მივიდა და საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა.

უწყებაში POSTV-ის პროპაგანდისტმა, ნათია ბერიძემ დარეკა და განაცხადა, რომ ჩიქოვანმა, სავარაუდოდ, თათია სამხარაძე გაიტაცა. პოლიციელებმა დანაშაული ვერ დაადგინეს - ენმ-ის გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა, რომ ეს იყო ცრუ დასმენა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, დიმა ჩიქოვანის მიმართ მოწყობილი შეგნებული პროვოკაცია.

მომხდარის შესახებ თათია სამხარაძემ განაცხადა, რომ საგამოძიებო უწყებები პოსტივისთან ერთად "ჰიბრიდულ სპეცოპერაციებს დგამენ და ცრუ დასმენით, თითქოს მე გატაცებული ვიყო სახლში უვარდებიან ოპოზიციური პარტიის წევრს, დიმიტრი ჩიქოვანს. აი ასე, პროვოკაციულად უდანაშაულო ადამინს აბრალებენ სისხლის სამართლის უმძიმეს დანაშაულს."

სამხარაძის თქმით, მისი უსაფრთხოება, როგორც ქალთა უფლებადამცველის, საქართველოში საფრთხეშია.


close დახურვა