logo
ENG



"შერჩევითი სამართალი, ოპონენტთა პოლიტიკურად მოტივირებული დევნა" - საქართველო AI-ის ანგარიშში

28 მარ 202318:26
3 წუთის საკითხავი
clock 857

საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International-ი ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ ყოველწლიურ ანგარიშს აქვეყნებს, სადაც საქართველოში არსებულ მდგომარეობაზეცაა საუბარი.

ორგანიზაციის შეფასებით, საქართველოში კიდევ უფრო მეტად შეიზღუდა გამოხატვის თავისუფლება. ამასთან, დოკუმენტში ნათქვამია, რომ საქართველოში გრძელდება შერჩევითი სამართალი და ხელისუფლების ოპონენტთა მიმართ პოლიტიკურად მოტივირებული დევნა.

ამასთან, ორგანიზაციის შეფასებით, კრიტიკულად ანწყობილი ჟურნალისტების მიმართ ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან მზარდ აგრესიულ რიტორიკას და ცილისწამების საქმეებს გამოხატვის თავისუფლებაზე მსუსხავი ეფექტი ჰქონდა, ასეთივე გავლენა ჰქონდა ჟურნალისტების მიმართ ჩადენილი დანაშაულების გამოუძიებლობას.

კერძოდ, გამოხატვის თავისუფლების ქვეთავში საუბარია 2021 წლის 5 ივლისის მოძალადე ჯგუფებზე და აღნიშნულია, რომ ძალადობის ორგანიზატორები კვლავ დაუსჯელები არიან. 

სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის ქვეთავში მოყვანილია მიხეილ სააკაშვილის, ნიკა გვარამიას, მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის საქმეები. 

მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ანგარიშში ნათქვამია, რომ "მიუხედავად სამედიცინო ანგარიშებისა, რომლებიც მიუთითებენ მის "შესაძლო ლითონებით მოწამვლაზე" და "სიკვდილის საგრძნობლად გაზრდილ რისკზე", თბილისის საქალაქო სასამართლომ მას სამედიცინო ნიშნებით სასჯელის გადავადებაზე უარი უთხრა.

ანგარიშში წერია, რომ ქალები/გოგონები კვლავ განიცდიდნენ დისკრიმინაციას და ძალადობის მაღალ დონეს. 

"იანვრიდან სექტემბრამდე მედიაში გაშუქდა მკვლელობის 14 და ქალთა მიმართ მკვლელობის მცდელობის 23 შემთხვევა, რამაც გამოიწვია შეშფოთება, რომ ფემიციდი და გენდერული ნიშნით ძალადობის სხვა ფორმები გრძელდება", - აღნიშნულია ანგარიშში.

ადამიანის უფლებთა მდგომარეობის შესახებ ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ წამებისა და სხვა სახის არასათანადოდ მოპყრობის საქმეებზე ეფექტიანი გამოძიების არ ქონა გამოწვევად რჩება როგორც მთავრობის მიერ კონტროლირებად, ისე ოკუპირებულ ტერიტორიებზე.


close დახურვა