logo
ENG



ვიქტორ ჯაფარიძის ნათესავების კომპანია სახელმწიფო შესყიდვებში იმარჯვებს - TI

29 მარ 202318:23
3 წუთის საკითხავი
clock 651
2023/03/29/apb52da9c1inn4l.jpeg

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს (TI) ცნობით, ქართული ოცნებიდან ფორმალურად წასული და ე.წ. ხალხის ძალის დეპუტატის, ვიქტორ ჯაფარიძის ნათესავების კომპანია სახელმწიფო შესყიდვებში იმარჯვებს. კერძოდ, TI წერს, რომ ჯაფარიძის ცოლის ძმის, ალეკო ხვისტანის კომპანია შპს ელექტრო მონტაჟ სერვისი სახელმწიფო შესყიდვებს იღებს.

ორგანიზაციის ცნობით, ალეკო ხვისტანი მმართველი პარტიის შემწირველი და შპს ელექტრო მონტაჟ სერვისის დირექტორია, 50% წილს კი მისი მეუღლე მაია ჭელიძე ფლობს. TI-ის განცხადებით, შპს ელექტრო მონტაჟ სერვისმა 2011 წლიდან დღემდე ელექტრონული ტენდერებიდან და გამარტივებული შესყიდვებიდან 34 655 073 ლარის ხელშეკრულებები მიიღო.

მათი თქმით, აქედან 6 549 941 ლარის ღირებულების 6 ტენდერში კომპანიამ მას შემდეგ გაიმარჯვა, რაც ალეკო ხვისტანი კომპანიის წილის მფლობელი გახდა. TI-ს ინფორმაციით, შემდგომში მან ეს წილი მეუღლეს დაუთმო, თავად კი დირექტორი გახდა.

"შპს ელექტრო მონტაჟ სერვისი, კომპანიაში ვიქტორ ჯაფარიძის ნათესავების გამოჩენის შემდეგ, საიდუმლო შესყიდვებშიც მონაწილეობს. მართალია შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე არ არის განთავსებული არც საიდუმლო ტენდერის საბოლოო ღირებულება და არც ხელშეკრულება, თუმცა შპს ელექტრო მონტაჟ სერვისს მომსახურების ღირებულებად ჯამში 13 077 076 ლარი აქვს შეთავაზებული", - ნათქვამია TI-ის განცხადებაში.

TI აღნიშნავს, რომ შპს ელექტრო მონტაჟ სერვისი 2006 წელს რეგისტრირებული კომპანიაა, იგი უმთავრესად სამშენებლო და ელექტრიფიცირების საქმიანობას ეწევა. მათი განცხადებით, თავდაპირველად კომპანიის 100% წილის მფლობელი ლევან დადიანი იყო, დირექტორის პოზიციას კი ნუგზარ რობაქიძე იკავებდა.

"ვიქტორ ჯაფარიძის ცოლის ძმა, ალეკო ხვისტანი შპს ელექტრო მონტაჟ სერვისს 2015 წლის დეკემბერში დაუკავშირდა - იგი უსასყიდლოდ გახდა შპს-ს 30% წილის მფლობელი. 2016 წლის მარტში ალეკო ხვისტანმა კომპანიაში წილი 50%-მდე გაზარდა და ასევე დაიკავა დირექტორის პოზიციაც. 2021 წლის დეკემბერში ხვისტანმა საკუთარი 50% წილი მეუღლეს, მაია ჭელიძეს გადასცა. მაია ჭელიძე საქართველოს სამი მოწვევის პარლამენტის (1992-1995, 1995-1999 და 1999-2004) წევრის, ივერი ჭელიძის შვილია", - ამბობენ TI-ში.

ორგანიზაციის ცნობით, კომპანიაში ვიქტორ ჯაფარიძის ნათესავების გამოჩენის შემდეგ შპს ელექტრო მონტაჟ სერვისმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საიდუმლო შესყიდვებში დაიწყო მონაწილეობა. TI-ის ინფორმაციით, ვიქტორ ჯაფარიძის შვილი ოთარ ჯაფარიძე 2022 წლის მაისამდე სწორედ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი იყო, შემდეგ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატში დასაქმდა, ამჟამად კი კვლავ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მუშაობს.

"შპს ელექტრო მონტაჟ სერვისმა 2017 წელს თავდაცვის სამინისტროს ორ საიდუმლო შესყიდვაში (GEO170000070 და GEO170000381) გაიმარჯვა. შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე არ ჩანს ამ ორი ტენდერის ხელშეკრულების საბოლოო ღირებულება, თუმცა კომპანიის მიერ შეთავაზებული მომსახურების ფასი 2 017 789 ლარი იყო", - აღნიშნავენ ორგანიზაციაში.

მათივე განცხადებით, 2017-2019 წლებში შპს ელექტრო მონტაჟ სერვისმა მონაწილეობა მიიღო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 5 საიდუმლო შესყიდვაში, ხუთიდან სამ შემთხვევაში კომპანიას კონკურენტი არ ჰყოლია, ორჯერ კი კონკურენტთან შედარებით დაბალი თანხა შესთავაზა - TI-ის ცნობით, ჯამურად შეთავაზებული ფასების მოცულობამ 11 059 287 ლარი შეადგინა.

"აღსანიშნავია, რომ, თავდაცვის სამინისტროს ტენდერებისაგან განსხვავებით, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე ხუთივე ტენდერის სტატუსი შეჩერებულია ეტაპზე: "წინადადებების მიღება დასრულებულია" და აღარ იკითხება შემდგომი პროცედურები. შესაბამისად უცნობია, საბოლოოდ მიიღო თუ არა ხელშეკრულებები კომპანიამ, თუმცა სავარაუდოა, რომ ხუთივე შემთხვევაში სამუშაოები შპს ელექტრო მონტაჟ სერვისმა შეასრულა", - აღნიშნულია განცხადებაში.

TI-ის ცნობით, ალეკო ხვისტანმა 2014-2020 წლებში, ქართულ ოცნებას ჯამში 110 000 ლარი შესწირა, ხოლო ბონდო ომიანიძემ 2018 წელს პრეზიდენტობის კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს 60,000 ლარი, 2020 წელს კი ქართულ ოცნებას 60 000 ლარი შესწირა.

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს შეფასებით, შპს ელექტრო სერვის მონტაჟის ჩართულობა სახელმწიფო შესყიდვებში კითხვის ნიშნებს აჩენს. TI ანტიკორუფციულ სააგენტოს მოუწოდებს, შეისწავლოს შპს ელექტრო მონტაჟ სერვისის მონაწილეობა შესყიდვებში და დაადგინოს, შეიცავს თუ არა კორუფციის შესაძლო ნიშნებს.


close დახურვა