logo
ENG



წილოსანი: ქალების უფლებების დაცვის მოტივით პოლიტიკურ ტალახს ვინც ზელს, პასუხის ღირსიც არაა

30 მარ 202310:30
3 წუთის საკითხავი
clock 667
წილოსანი: ქალების უფლებების დაცვის მოტივით პოლიტიკურ ტალახს ვინც ზელს, პასუხის ღირსიც არაა

ქართული ოცნების დეპუტატი, გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე ნინო წილოსანი პასუხს ოპოზიციონერ ქალებსა და ტელეწამყვანებს, რომლებიც წილოსანს და გენდერულ საბჭოს POSTV-ის ხელმძღვანელის, შალვა რამიშვილის წინააღმდეგ ქალების მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ.

წილოსანი Facebook-ის საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში საუბრობს რეფორმებზე, რომელიც ოცნებამ და მან გაატარეს და აცხადებს, რომ ეს რეფორმები ისტორიას დარჩება. მისივე თქმით, "ის ადამიანები, ქალების უფლებების დაცვის მოტივით პოლიტიკურ ტალახს რომ ზელენ, პასუხის ღირსებიც არ არიან".

"ბოლო დღეებში ბევრჯერ ვუხსენებივარ მე და გენდერული თანასწორობის საბჭო, თუ ოპოზიციონერ ქალებს, თუ ტელეწამყვანებს. განსაკუთრებულ ყურადღებას არ დავუთმობ მათი საქმიანობის დახასიათებას, ეს ანალიზი და შესაბამისი პოლიტიკური არჩევანის გაკეთება საზოგადოების საქმეა.

ერთს კი ვიტყვი, რაც დარჩება ისტორიას, არის ის რეფორმები, რაც ქალების ინტერესებისთვის გავატარეთ მე და ჩემმა პოლიტიკურმა გუნდმა. მხოლოდ ბოლო ორ წელში:

  • მივიღეთ ახალი გენდერული თანასწორობის კონცეფცია;
  • პირველად ისტორიაში მივიღეთ ქალების ეკონომიკური გაძლიერების კონცეფცია;
  • ძალადობის მხსვერპლთათვის მოვხსენით აქამდე არსებული სავალდებულო სტატუსი, რათა უფრო მარტივად მიიღონ სახელმწიფო სერვისები და დახმარება;
  • ქალებისა და გოგოების ტექნოლოგიებში ჩართვის გაზრდის ვალდებულებით შევუერთდით გაეროს თანასწორობის ფორუმს;
  • შემოვიღეთ ყველა საკანონმდებლო აქტში გენდერული გავლენის ანალიზის ვალდებულება - ყველა ინიციატორი ახლა უკვე იმსჯელებს მისი ინიციტივა რა გავლენას მოახდენს ქალებზე;
  • გავაძლიერეთ ადგილობრივი გენდერული საბჭოები და გავააქტიურეთ გენდერული ბიუჯეტების დამტკიცების პრაქტიკა;
  • შემოვიღეთ სოფლის მეურნეობაში სპეციალურად ქალებზე მორგებული პროგრამა;
  • გავახანგრძლივეთ კვოტების მოქმედების ვადები;
  • კერძო სექტორში დასაქმებულთათვის გავზარდეთ დეკრეტული შვებულების თანხა, აღარ ვამბობ საჯარო სექტორში დასაქმებულთათვის უკვე არსებულ დეკრეტულ შვებულებაზე;
  • პარლამეენტში გავხსენით მარო მაყაშვილის სახელობის ოთახი და დავაფუძნეთ გენდერული ჩემპიონებისთვის სპეციალური ჯილდო.
  • ჩატარებულია რამდენიმე საკვანძო თემატური მოკვლევა და მათ საფუძველზე გაცემული რეკომენდაციები, რომლებიც მიემართებოდა ქალების ფინანსურ რესურსებსა და ინფრასტრუქტურაზე ხელმისაწვდომობის ზრდას, პოლიტიკაში გენდერულ მეინსტრიმინგს და სხვა.
  • ამის გარდა, მიმდინარე რეჟიმში რამდენიმე ცალკე ჯგუფი მუშაობს შშმ ქალებისა და მარტოხელა მშობლის სტატუსის საკითხებზე, ალიმენტის და სხვა საკითხებზე, და მჯერა, რომ ამ თემებსაც მალე მივიყვანთ ბოლომდე.

იქამდე კი:

  • 2017 წელს მოვახდინეთ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ სტამბოლის კონვენციის რატიფიცირება. ცნობისთვის უკრაინამ მანამდე პოლიტიკური ნების არქონის გამო, მხოლოდ ომის დროს შეძლო ამავე კონვენციის რატიფიცირება.
  • 2019 წელს ირაკლი კობახიძის ლიდით მივიღეთ სექსუალური შევიწროვების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებები და 2020 წელს, ასევე ირაკლი კობახიძის მონდომებით, გენდერული კვოტები დავნერგეთ.

ეს ყველაფერი იმის შესახებ მე და გენდერული საბჭოს წევრებმა რა გავაკეთეთ. იმ ადამიანებს კი, ზემოთ ვინც ვახსენე, ქალების უფლებების დაცვის მოტივით პოლიტიკურ ტალახს რომ ზელენ, პასუხის ღირსადაც არ ვთვლი.

ამიტომ, ჩვენ საქმის კეთებას გავაგრძელებთ ქალების ინტერესებისა და შესაძლელობების დასაცავად.

პ.ს ამ ყველაფრისთვის მადლობა ყველა განვითარების პარტნიორს, ვინც თავდაუზოგავად გვეხმარებოდა ამ პოლიტიკური რეფორმების გატარებაში, გენდერული საბჭოს ყველა წევრს, ჩვენი საბჭოს სამდივნოს არაჩვეულებრივ თანამშრომლებს", - წერს წილოსანი.

 

ჟურნალისტმა მაკო ჯაბუამ პოს ტვ-ის ტელეწამყვანი და ქართული ოცნების პროპაგანდისტი შალვა რამიშვილი სექსუალურ შევიწროებაში 21 მარტს ამხილა. ამის შემდეგ რამიშვილი სექსუალურ შევიწროებაში კიდევ რამდენიმე ქალმა ამხილა. მათი ისტორიები მსგავსია. როგორც ქალები ამბობენ, ისინი გასაუბრების დროს შეავიწროვეს. სექსუალური შევიწროების ბრალდებებს უარყოფს შალვა რამიშვილი.

ისტორიების მოყოლის შემდეგ ორგანიზებული თავდასხმა დაიწყო თათია სამხარაძის მიმართ. თათია სამხარაძე ერთ-ერთია, ვინც POSTV-ის ხელმძღვანელი, შალვა რამიშვილი სექსუალურ შევიწროების ბრალდებით ტელეკომპანია იმედში ყოფნის დროს, 2016 წელს უჩივლა. 2018 წლის 3 იანვარს შალვა რამიშვილს სექსუალური შევიწროების საქმეზე საქალაქო სასამართლომ მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 2 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. რამიშვილმა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა მოსამართლემ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. ორი ინსტანციის გადაწყვეტილება რამიშვილს უზენაეს სასამართლოში აღარ გაუსაჩივრებია. 

112-ში პროპაგანდისტული ტელევიზიის POSTV-ის მიერ განხორციელებული ცრუ შეტყობინების გამო 24 მარტს გვიან ღამით ნაციონალური მოძრაობის წევრის დიმა ჩიქოვანის საცხოვრებელ სახლში პოლიცია მივიდა და საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა.

უწყებაში POSTV-ის პროპაგანდისტმა, ნათია ბერიძემ დარეკა და განაცხადა, რომ ჩიქოვანმა, სავარაუდოდ, თათია სამხარაძე გაიტაცა. პოლიციელებმა დანაშაული ვერ დაადგინეს - ენმ-ის გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა, რომ ეს იყო ცრუ დასმენა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, დიმა ჩიქოვანის მიმართ მოწყობილი შეგნებული პროვოკაცია.

მომხდარის შესახებ თათია სამხარაძემ განაცხადა, რომ საგამოძიებო უწყებები პოსტივისთან ერთად "ჰიბრიდულ სპეცოპერაციებს დგამენ და ცრუ დასმენით, თითქოს მე გატაცებული ვიყო სახლში უვარდებიან ოპოზიციური პარტიის წევრს, დიმიტრი ჩიქოვანს. აი ასე, პროვოკაციულად უდანაშაულო ადამინს აბრალებენ სისხლის სამართლის უმძიმეს დანაშაულს."

26 მარტს, POSTV-ის მხრიდან მორიგი თავდასხმის შემდეგ სამხარაძემ Facebook-ზე ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც ამბობს, რომ სამთავრობო პროპაგანდისტული POSTV იტყუება, თითქოს ის დიმა ჩიქოვანის სახლიდან ვერ გამოდის, რადგან ჩალურჯებები აქვს. სამხარაძემ ამის საპირისპიროდ ვიდეო სახლიდან ჩაწერა, რომელშიც ჩანს, რომ დაზიანებები არ აქვს.

თათია სამხარაძის თქმით, ის, როგორც ქალთა უფლებადამცველი საქართველოში, საფრთხეშია.


close დახურვა