logo
ENG



ჯუანშერ ბურჭულაძე დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ ახალ საქმეს "არ გამორიცხავს"

17 აპრ 202312:15
3 წუთის საკითხავი
clock 672

თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ფორმულას დამფუძნებლის დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ ახალ საქმეს "არ გამორიცხავს".

როგორც მან ჟურნალისტებთან თქვა, წინა ხელისუფლებამ "ორგანიზებულად გაძარცვა სახელმწიფო" და არ გამორიცხა, "დამატებით იყოს კიდევ ისეთ საქმე, რომელიც ძარცვის შედეგადაა გამოწვეული".

"ჩვენ გვაქვს ასობით მილიონი, დღემდე ვერ გამოვასწორეთ ფინანსური ანგარიშგება ჩვენი უწყების, იგივე პერიოდის. რა თქმა უნდა, კეზერაშვილის პასუხისმგებლობაა. ამას მე ბიუჯეტის ქურდობას ვერ დავარქმევ, ეს არის ბიუჯეტის ორგანიზებული ყაჩაღობა. კიდევ ვიმეორებ, ასობით მილიონი არის დავალიანებად ჩამოკიდებული, ზოგი გამოწვეულია მათი არაკომპეტენტურობით, მათ შორის შეიძლება დამატებით იყოს კიდევ ისეთი საქმე, რომელიც არის ისევ ძარცვის შედეგად გამოწვეული. ჩვენ ვცდილობთ, რომ დოკუმენტები იმ საქმეებზე, შესყიდვებზე, რომლებზეც უბრალოდ არ არის, მოვიძიოთ ეს დოკუმენტები. თუმცა არ არის გამორიცხული, მათ შორის იყოს კიდევ ორგანიზებული დანაშაული. ეს არ არის ერთი პირის მიერ ჩადენილი დანაშაული, არ არის ქურდობა, ეს არის სახელმწიფოს ძარცვა ორგანიზებული ჯგუფის მიერ, რომელიც იმ შემთხვევაში იყო მთელი ხელისუფლება", - თქვა ბურჭულაძემ.

***

ფორმულას დამფუძნებლის საქმეზე სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა და დავით კეზერაშვილს თავდაცვის სამინისტროსთვის ზიანის ანაზღაურებისთვის 5 060 000 ევრო დააკისრა.

მოსამართლეთა კოლეგიამ დააკმაყოფილა ალექსანდრე ნინუას სააპელაციო საჩივარი. თავდაცვის სამინისტროს ალექსანდრე ნინუას სასარგებლოდ დაეკისრა 5 000 ლარის გადახდა, ნინუას მიერ სააპელაციო საჩივრისთვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ 2022 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტში ფორმულას დამფუძნებლის, დავით კეზერაშვილის საქმეც მოხვდა. ანგარიშში ვკითხულობთ, რომ თავდაცვის სამინისტროს სარჩელი კეზერაშვილის წინააღმდეგ შეეხება ერთ-ერთ კრიტიკულ ტელეკომპანიასაც, რადგან ფორმულა კეზერაშვილის ერთადერთ აქტივს წარმოადგენს.

2022 წლის 29 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლომ ფორმულას დამფუძნებელს, დავით კეზერაშვილსა და ალექსანდრე ნინუას თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ 5 060 000 ევროს ანაზღაურება დააკისრა. 

ამ გადაწყვეტილებით სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი.

დავით კეზერაშვილსა და ალექსანდრე ნინუას გენერალური პროკურატურა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და სახელმწიფოს დიდი ოდენობით ფულადი თანხების მითვისება/გაფლანგვას ედავებოდა. 

პროკურატურის მტკიცებით, საქმე ეხებოდა ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული კომპანია GIRWOOD BUSINESS CORP- ის სასარგებლოდ გარკვეული მომსახურების გაწევის მიზნით დიდი ოდენობით თანხის გადარიცხვას, თუმცა სამინისტროს ეს მომსახურება (წვრთნები) არ მიუღია. თუმცა, კეზერაშვილის ადვოკატებს აქვთ მტკიცებულებები, რომლებიც წვრთნების ჩატარებას ადასტურებს - ვიდეო მასალები და მოწმეთა ჩვენებები. 

უზენაესმა სასამართლომ დავით კეზერაშვილის საქმის განხილვა 2021 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე 2 დღით ადრე დაიწყო. ამას წინ უძღოდა ირაკლი ღარიბაშვილის მუქარა - "მე რაც წავედი, მერე გაამართლეთ თქვენ ის. ახლა მიხედავენ, როგორც ჩანს". - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა 25 ივნისს პარლამენტში დავით კეზერაშვილის შესახებ. 

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ მიყენებული ზიანის ანაზღაურებას მოითხოვა იმ საქმეზე, რომელზეც უზენაესმა სასამართლომ რამდენიმე კვირით ადრე გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა, კეზერაშვილს 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა და ამით შეცვალა წინა ორი ინსტანციის სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი.

მანამდე, ჯერ საქალაქო სასამართლომ, 2017 წელს კი სააპელაციო სასამართლომ დავით კეზერაშვილი აღნიშნულ საქმეზე გაამართლა. მაშინ შალვა თადუმაძე პროკურორი იყო. შემდეგ თადუმაძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლე გახდა და კეზერაშვილის მიმართ გამამართლებელი განაჩენი შეცვალა. 

საქმე შალვა თადუმაძემ ზეპირი მოსმენის გარეშე, არასამთავრობო სექტორის მიერ "კლანის წევრებად" დასახელებულ ორ მოსამართლესთან - ლევან თევზაძესთან და მერაბ გაბინაშვილთან ერთად განიხილა. 

არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, ფორმულას დამფუძნებლის, დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ წარმოებული დავა ფორმულაზე ზეგავლენის მოხდენას ისახავს მიზნად.


close დახურვა