საქართველოს 35-მდე მოქალაქე ამ დრომდე სუდანში იმყოფებდა და ცხელი წერტილიდან გაყვანას ცდილობს. საქართველოს ხელისუფლება განმარტავს, რომ დაპირისპირებული მხარეები დიპლომატიურ მისიებთან არ კონტაქტობენ.
დაპირისპირების ზონაში რჩებიან ორი ქართული ავიაკომპანიის "ჯეო სქაისა" და "მაი-ვეი ეარლაინსის" თანამშრომლები - მფრინავები, ეკიპაჟის წევრები და ინჟინრები. სუდანიდან მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ისინი ამ დროისთვის შედარებით უსაფრთხო ზონაში იმყოფებიან, თუმცა, უსაფრთხოების გარდა, პრობლემაა წყალი, საკვები და ელექტროენერგია. ნაწილს ორი დღის სამყოფი საკვები და წყალი მიაწოდეს, მეორე ნაწილი კი ისევ ელოდება პროდუქტს, რადგან მარაგი უკვე ეწურებათ. უსაფრთხო დერეფნის გახსნაზე კი ინფორმაცია ისევ არავის აქვს.
მაი-ვეი ეარლაინსი" წარმომადგენელი ამბობს, რომ თანამშრომლებს ორი დღის საკვები და სასმელი პროდუქტები მიაწოდეს. მისი თქმით, კომპანიის თანამშრომლების საცხოვრებელი ეპიცენტრიდან შორსაა, თუმცა საფრთხე მაინც არსებობს.
სუდანში უკვე რამდენიმე დღეა კონფლიქტი ღვივდება. ქვეყნის სამხედრო ხელმძღვანელობის შიგნით დაპირისპირება შეიარაღებულ კონფლიქტში გადაიზარდა. ერთმანეთს ორი ძალა ებრძვის - სუდანის რეგულარული არმია და გასამხედროებული დაჯგუფება "სწრაფი მხარდაჭერის ძალები". როგორც მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, ორივე მხარე იყენებს მძიმე ტექნიკას, ტანკებსა და არტილერია. ვრცელდება ინფორმაცია დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ.