logo
ENG



ხოშტარია: თბილისის მერიამ რუსული ვაგონები, შემდეგ კი სანქცირებული კამაზები შეიძინა

03 მაი 202313:50
3 წუთის საკითხავი
clock 1139

დროას ლიდერის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, თბილისის მერიამ რუსული ვაგონები, ხოლო შემდეგ სანქცირებული "კამაზები" შეიძინა.

ხოშტარია ამბობს, რომ ეს "კამაზები" უკრაინის ომში გამოიყენება. მათი შესყიდვა "თბილისის მერიამ დაადასტურა".
 
"რუსეთში ამერიკის ყოფილ ელჩს, მაკფოლს ჩაბარდა სანქციების საერთაშორისო ჯგუფი, რომლებიც აქვეყნებენ მუდმივ ანალიზს და სამოქმედო გეგმებს. მათ დოკუმენტში პირდაპირ მოყვანილია კახა კალაძის უწყების, მერიის მიერ განხორციელებული შესყიდვა, იყიდეს რუსული ვაგონები. ეს შესყიდვა პირდაპირ არის შეფასებული, როგორც "რუსეთის მომავალი აგრესიის დაფინანსება", ანუ კალაძის უწყება პირდაპირ არის მოხსენიებული, როგორც რუსეთის აგრესიის დაფინანსების წყარო. ეს არის ჩვენი ქვეყნისთვის კატასტროფა. ამ დასკვნის შემდეგ, რომელსაც უნდა გამოეწვია მყისიერი რეაგირება, კალაძის უწყებამ შეიძინა კონკრეტულად სანქცირებული კამაზები, რომლებიც გამოიყენება უკრაინაში. მერიის სამსახურმა დაადასტურა, რომ დიახ, ეს იყო შესყიდული და ჩვენი შესყიდვების კანონი ამის შესაძლებლობას გვაძლევს. მორალური და პოლიტიკური მიზანშეწონილობის გარდა, მათ მინდა შევახსენო, რომ კანონი ითვალისწინებს, რომ შესყიდვის პროცედურა შეიძლება გაჩერდეს, თუ ეს გამომდინარეობს საქართველოს ინტერესებიდან. ეს პასუხი ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ინტერესებში არ შედის არ დააფინანსოს, რუსული სისხლიანი კამპანია, აგრესია, ომი უკრაინაში."- განაცხადა ელენე ხოშტარიამ. 

ელენე ხოშტარიას თქმით, კალაძე "ამ შემთხვევაში, საფრთხეს უქმნის ქვეყანას."

"ეს არის კიდევ ერთი ლუსტრაცია და პირდაპირი მინიშნება, რომ კალაძე ამ შემთხვევაში საფრთხეს უქმნის ჩვენს ქვეყანას. ამ შემთხვევაში, საშიშროებაა ქვეყნის სანქცირების. ამიტომ, ჩვენი ამოცანა არის, რომ ქვეყანამ აირიდოს თავიდან სანქციები და ეს სანქციები პერსონალური იყოს."- თქვა დროას ლიდერმა. 


close დახურვა