logo
ENG



5 ივლისს პირველი არხის ოპერატორზე თავდამსხმელებს სააპელაციომ მსჯავრი დაუმძიმა

08 მაი 202316:18
3 წუთის საკითხავი
clock 1423
2023/05/08/zjh2fhrekjgrk66.jpg
Euronews Georgia

5 ივლისს ძალადობრივი და ჰომოფობიური დაჯგუფების წევრების მიერ პირველი არხის ოპერატორზე, ილია თვალიაშვილზე თავდამსხმელებს სააპელაციო სასამართლომ მსჯავრი დაუმძიმა.

მათ საქმეზე 1 წლითა 3 თვით პატიმრობა ჰქონდათ მისჯილი - სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით კი, 3-3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. გიორგი მაღრაძე სასამართლო დარბაზშივე დააკავეს, ხოლო გიორგი წარუაშვილი სხდომას არ ესწრებოდა, ამიტომ მის მიმართ ძებნა გამოცხადდა.

2021 წლის 5 ივლისს რუსთაველის გამზირზე ღირსების მარში უნდა ჩატარებულიყო, თუმცა პრორუსულმა, მოძალადე, ჰომოფობიურმა ჯგუფებმა კონტრაქცია გამართეს, იძალადეს ჟურნალისტებზე, თავს დაესხნენ არასრულწლოვანებს, დაამტვრიეს ტექნიკა, დაშალეს პარლამენტის წინ გაშლილი საპროტესტო კარვები, შეიჭრნენ და დაარბიეს მოძრაობა სირცხვილიას და Tbilisi Pride-ის ოფისები, დახიეს ევროკავშირის დროშა და მათ ადგილას რკინის ჯვარი აღმართეს.

5 ივლისის ფიზიკური ანგარიშსწორებიდან რამდენიმე დღეში, 11 ივლისის დილას TV პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა საკუთარმა დედამ საწოლში გარდაცვლილი ნახა. 

ძალადობა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა წაახალისა. 5 ივლისს, მაშინ, როცა ჟურნალისტებზე უკვე ძალადობდნენ, პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ვითარების შესაძლო გართულებაზე პასუხისმგებლობა დააკისრა არა ძალადობრივი აქციის წევრებს, არამედ ღირსების მარშის ორგანიზატორებს და მოუწოდა მათ, არ ჩაეტარებინათ მსვლელობა რუსთაველის გამზირზე. ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ დაგეგმილი "ღირსების მარში" მისთვის "მიზანშეუწონელი" და საფრთხის შემცველი იყო.

ადგილზე, სადაც მთელი დღის განმავლობაში ჟურნალისტებზე ძალადობდნენ, მცირე რაოდენობის პოლიციელი იყო მობილიზებული. საქმის ფარგლებში 30-მდე ადამიანი დააკავეს, თუმცა, დაკავებულებს შორის არ ყოფილან ძალადობის ორგანიზატორები - ალტ-ინფოს ლიდერები.


close დახურვა