logo
ENG



წითლიძე: ვინც ხმა მისცა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, აღარ წარმოადგენენ ენმ-ის ფრაქციას

17 მაი 202319:34
3 წუთის საკითხავი
clock 675
წითლიძე: ვინც ხმა მისცა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, აღარ წარმოადგენენ ენმ-ის ფრაქციას

ნაციონალური მოძრაობის წევრი, ანი წითლიძე წერს, რომ დეპუტატები, რომლებმაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევის დროს ქართული ოცნების კანდიდატებს დაუჭირა მხარი, მათ ფრაქციას აღარ წარმოადგენენ.

"ფრაქცია ამ გადაწყვეტილებაში იყო ერთიანი, წარმოუდგენელი იყო თანამშრომლობის გაგრძელება. ოთხი საათი მძიმე საუბარი გვქონდა მათთან.
ორი ვარიანტი იყო: ან თვითონ დაეტოვებინათ ფრაქცია ან ჩვენ უნდა მიგვეღო გადაწყვეტილება გარიცხვაზე.

პარტიის წევრები არც არასოდეს ყოფილან ეს ადამიანები. იმედი მაქვს ჩემი პარტია ოდესმე საპარლამენტო სიის წერას ისწავლის უკვე არაერთ მწარე გამოცდილებაზე, აწი მაინც. მე ბოდიში სიმართლისთვის", - წერს ის.

ცოტა ხნის წინ ამ საკითხზე განცხადება გააკეთა ნიკა მაჭუტაძემ და თქვა, რომ როსტომ და ნატო ჩხეიძეებთან ერთად ენმ-ის ფრაქციის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.

დღეს პარლამენტში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევის კენჭისყრის დროს ოპოზიციის ნაწილმა დარბაზი დატოვა, რის შემდეგაც ტექნიკური შესვენება გამოცხადდა. მანამდე მმართველმა გუნდმა 5 ვაკანტურ პოზიციაზე სამი ახალი წევრის არჩევა მოახერხა: ტრისტან ბენაშვილი (93 ხმა), გიორგი გზობავა (91 ხმა), ზურაბ გურასპაშვილი (93 ხმა).

სწორედ მხარდაჭერილი ხმების რაოდენობა გახდა რამდენიმე ოპოზიციონერი დეპუტატის უკმაყოფილების მიზეზი - 5-მა ოპოზიციონერმა დეპუტატმა ქართული ოცნების კანდიდატებს დაუჭირა მხარი. კენჭისყრა ფარული იყო, თუმცა მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეს დეპუტატები არიან: ნატო და როსტომ ჩხეიძეები, ბაჩუკი ქარდავა, ნიკა მაჭუტაძე და დილარ ხაბულიანი.

ოპოზიციის მიერ პლენარულ სხდომათა დარბაზის დატოვების შემდეგ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის დარჩენილ 2 ვაკანტურ თანამდებობაზე არავინ შეირჩა. კენჭისყრის მეორე ტურში ოთხი კანდიდატი გადავიდა: რუსუდან კვინიკაძე, გოგა კიკალაშვილი, ლევან ნემსაძე და ნინო ნიშნიანიძე.


close დახურვა