logo
ENG



ლავროვის ოჯახის სტუმრების ნაწილმა სოფელ სანიორეში გადაინაცვლა - ფორმულამ ფოტო/ვიდეო მოიპოვა

20 მაი 202322:40
3 წუთის საკითხავი
 
2023/05/20/p6z3a933nj3pkef.jpg
ფოტო: ფორმულა

ფორმულამ მოიპოვა ფოტო და ვიდეო მასალა, რომელშიც ჩანან ყვარელში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის ოჯახის წევრის ქორწილისთვის ჩამოსული რუსეთის მოქალაქეები.

ფორმულას ინფორმაციით, სტუმრების ნაწილმა სოფელ სანიორეში გადაინაცვლა. ამასთან, უცნობია, არის თუ არა სტუმრებს შორის თავად სერგეი ლავროვის შვილი, ეკატერინა ვინოკუროვა.

 

თუმცა ფორმულას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თავად რესტორანი უარყოფს.

აღსანიშნავია, რომ დღეს, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში საგანგებო ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ "შინაგან საქმეთა მინისტრისგან მიიღო პირობა, რომ ოჯახი წასულია, ქორწილი აღარ ჩატარდება".

დღეს ყვარლის ტბასთან აქციაზე პოლიციამ ადმინისტრაციული წესით 16 ადამიანი დააკავა. მოგვიანებით დააკავეს მოძრაობა დროას ლიდერი ელენე ხოშტარიაც

დილიდან ყვარლის ტბის მიმდებარედ დიდი რაოდენობით პოლიცია იყო მობილიზებული. როგორც ცნობილია, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის სიძის ძმა, მიკა ვინო, იგივე მოშე ვინოკუროვი ყვარელში ქორწილს იხდის. გავრცელებული ინფორმაციით, ქორწილისთვის ჩამოვიდნენ ლავროვის შვილი ეკატერინა ვინოკუროვა და მისი ქმარი, ბიზნესმენი ალექსანდრ ვინოკუროვი. ორივე მათგანი დასავლეთის სანქციების ქვეშაა.

დღეს ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ნიკა მელიამ განაცხადა, რომ სასტუმროს ადმინისტრაციამ იქ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვი ოჯახის წევრების ყოფნა დაუდასტურა. მელია ყვარლის ტბის მიმდებარედ გუშინ გვიან ღამით ჩავიდა, მას იქ პოლიციელები დახვდნენ მობილიზებულები და სასტუმროში შესვლის საშუალება არ მისცეს.

სწორედ აღნიშნულის გასაპროტესტებლად ჩავიდნენ ყვარელში მოქალაქეები და აქტივისტები. 

ნაციონალური მოძრაობის განცხადებით, ყვარელში საპროტესტო აქციის დროს მათი წევრები დააკავეს, კერძოდ, დაკავებულთა შორის არიან: პარტიის ერთ-ერთი ლიდერი და სამდივნოს წევრი, დიმიტრი ჩიქოვანი; საგარეჯოს საკრებულოს წევრი, დავით დიღმელაშვილი; გურჯაანის საკრებულოს წევრი, რამაზ ქერეჭაშვილი; ყვარლის საკრებულოს წევრი, ნიკა ღონიაშვილი; თბილისის საკრებულოს წევრი, ირაკლი ეძგვერაძე. ასევე, დააკავეს ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერი ტიტე გედენიძე და პარტიის წევრები გიორგი და ალიკა მირაქოვები, ბექა პაპაშვილი, ლაშა ხუსკივაძე და ნიკა ნარსია. 


close დახურვა