რუსული გამოცემა RTVI-ს ინფორმაციით, Georgian Airways რუსეთის მოქალაქეებისთვის თბილისიდან ევროპაში ტრანზიტულ რეისებს ჩაუშვებს. როგორც გამოცემა ამბობს, ამის შესახებ ავიაკომპანიის ხელმძღვანელმა თამაზ გაიაშვილმა განუცხადა.
გეგმაშია ევროპის ხუთი ქალაქი: მილანი, პარიზი, ვენა, ლარნაკა, სალონიკი.
"დავიწყებთ 15 ივნისიდან. ვნახოთ, როგორ წავა ეს საქმე. მაგრამ ვფიქრობთ, რომ საკმარისი მოთხოვნა იქნება ამ მარშრუტებზე. თბილისიდან იქნება უფრო კომფორტული და სწრაფი, ვიდრე სხვა მიმართულებებზე", - უთხრა გაიაშვილმა RTVI-ს.
ავიაკომპანიის დამფუძნებელმა დასძინა, რომ Georgian Airways-ის პროგნოზით, რუსეთსა და საქართველოს შორის მგზავრთა ნაკადი თანდათან აღდგება.
„ბუნებრივია, ჩვენ შევინარჩუნებთ საჰაერო კომუნიკაციას რუსეთთან. საქართველოს მთავრობა ძალიან თბილად მიესალმა ამ გადაწყვეტილებას. ღმერთმა ქნას, რომ ის აღარასოდეს შეწყდეს", - დასძინა მან.
10 მაისს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. ამასთან, პუტინმა რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენის აკრძლვა მოუხსნა.
20 მაისს, ქართულმა ავიაკომპანიამ, Georgian Airways-მა მოსკოვის მიმართულებით პირველი რეისი შეასრულა. რუსული ავიაკომპანიის მიერ შესრულებულ პირველ ფრენას პროტესტი მოყვა - მოქალაქეებმა რუსეთთან ფრენები ჯერ აეროპორტთან, შემდეგ კი პარლამენტთან გააპროტესტეს.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ავიაკომპანია Georgian Airways ბოიკოტი გამოუცხადა - მან თქვა, რომ აირზენა "ფულისთვის ყველაფერზე მზად არის" და "უნდა, რომ ისარგებლოს ამ რეალობით", რომელიც მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილისთვის მიუღებელია. თავის მხრივ თამაზ გაიაშვილმა განაცხადა, რომ ზურაბიშვილს ავიაკომპანიის ბორტზე არ აუშვებენ.
რაც შეეხება თავად რუსულ კომპანიებს, ფრენის უფლება მიიღო კომპანია ავიაკომპანია Азимут-მა, რომელმაც 19 მაისს პირველი რეისი შეასრულა და კომპანია Red Wings-მა. ორივე კომპანია არის სანქცირებული უკრაინის მიერ. Red Wings, ასევე, ამერიკის შეერთებული შტატების შავ სიაშიც არის.