logo
ENG



რუსეთი თავის რეგიონებზე დრონებით თავდასხმასა და დაბომბვაში უკრაინას ადანაშაულებს

02 ივნ 202314:20
3 წუთის საკითხავი
clock 509
2023/06/02/i3u0bfzk2600w3c.jpg
The Moscow Times

რუსეთის სხვადასხვა რეგიონის გუბერნატორი რუსეთის ტერიტორიაზე დრონებით თავდასხმასა და დაბომბვაზე საუბრობს და უკრაინას ადანაშაულებს.

სმოლენსკის გუბერნატორმა ვასილი ანოხინმა განაცხადა, რომ დღეს გამთენიისას ორი დრონი დაესხა თავს სმოლენსკში ნავთობისა და ენერგოობიექტებს. მისი თქმით, შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა ობიექტები "მნიშვნელოვნად დაზიანდა".

ანოხინის ცნობით, გამთენიისას ასევე ორი შორ მანძილზე მოქმედი დრონი ჩავარდა სოფლებში პერესნასა და დივასიში.

უკრაინის მოსაზღვრე ბრიანსკის რეგიონის გუბერნატორი ალექსანდრ ბოგომაზი რუსეთის რეგიონებზე თავდასხმებში უკრაინის შეიარაღებულ ძალებს პირდაპირ ადანაშაულებს.

„უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დაბომბეს სოფელი ნოვაია პოგოშჩი, სუზემსკის დასახლება. არავინ დაშავებულა. დაბომბვის შედეგად ორ სახლს გაუჩნდა ცეცხლი.“ - აცხადებს ბოგომაზი.

მისი თქმით, ასევე დაიბომბა ლომაკოვკა, სადაც ერთ საცხოვრებელ სახლს ხანძარი გაუჩნდა.

უკრაინის საზღვართან მდებარე ბელგოროდის რეგიონში გუშინ დრონებით თავდასხმაში გუბერნატორი ვიაჩესლავ გლადკოვი უკრაინას ადანაშაულებს.

მისი თქმით, რეგიონიდან 2500 ადამიანის თავშესაფარში ევაკუაცია მოხდა.

"რა თქმა უნდა, პირობები არაა მარტივი. არაა მარტივი იმ კუთხით, რომ უდიდეს სპორტულ ობიექტებზე ასობით საწოლია,  სადაც ზრდასრულებს და ბავშვებს, მოხუცები და ახალგაზრდებს სძინავთ." - განაცხადა გლადკოვმა.

გუშინ გლადკოვმა ტელეგრამით განაცხადა, რომ დღის განმავლობაში რეგიონზე ათობით თავდასხმა განხორციელდა, რის შედეგადაც გზები, სატრანსპორტო საშუალებები და კერძო საკუთრება დაზიანდა. გლადკოვის თქმით, თავდასხმების უდიდესი ნაწილი არტილერიითა და ნაღმმტყორცნებიდან მოხდა. გლადკოვის თქმით, არიან დაშავებულები, თუმცა არავინ დაღუპულა.

ბელგოროდზე თავდასხმები ბოლო დღეებში რუსი დისიდენტი მებრძოლების რეიდის შემდეგ გახშირდა. უკრაინის ხელისუფლება ამ თავდასხმებში პირდაპირ მონაწილეობას უარყოფს და აცხადებს, რომ მებრძოლები დამოუკიდებლად მოქმედებდნენ.

 

close დახურვა