ბელგოროდის გუბერნატორის, ვიაჩესლავ გლადკოვის განცხადებით, შებეკინოს ინდუსტრიულ ზონაში ხანძარია. ინფორმაციას ადგილობრივი Telegram არხებიც ავრცელებენ.
"შებეკინო "გრადის" ტიპის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებით დაბომბეს, რამაც ხანძარი გამოიწვია. 40-ზე მეტი ჭურვი ინდუსტრიული ზონის ტერიტორიაზე მოხვდა, კიდევ 20 კი ქალაქის სხვადასხვა ნაწილებში. ინციდენტის შედეგად, არავინ დაშავებულა", - ამბობს ბელგოროდის გუბერნატორი.
ბელგოროდის ოლქში, ვითარება 21 მაისს, გვიან ღამით დაიძაბა. 20 მაისს, ოლქის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა განაცხადა, რომ სოფელ გოლოვჩინოში მდებარე ადმინისტრაციულ შენობაზე დრონით თავდასხმა განხორციელდა.
რუსული პროპაგანდისტული მედიები ავრცელებდნენ ცნობებს, რომ "უკრაინელი დივერსანტები" ცდილობენ ბელგოროდის ოლქში შეღწევას - მოგვიანებით, რუსულმა მხარემ განაცხადა, რომ მათი საკონტროლო გამშვები პუნქტი სახელწოდებით გრაივორონი, რომელიც ბელგოროდის ოლქში მდებარეობს, ალყაში მოაქციეს.
რაც შეეხება უკრაინულ მხარეს, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი ამბობს, რომ "უკრაინა პირდაპირ არ არის დაკავშირებული ბელგოროდის რეგიონში მიმდინარე მოვლენებთან".