logo
ENG



ჩხეიძე: კინოცენტრში ასეთი ნაბიჯებით, ალბათ, კინო წავა თემებისკენ, რაც მოსწონს მინისტრს

14 ივნ 202315:26
3 წუთის საკითხავი
 

კინოცენტრის ყოფილი დირექტორი გაგა ჩხეიძე ფორმულასთან ინტერვიუში აცხადებს, რომ კინოცენტრში მიმდინარე პროცესებს, შესაძლოა, "გამოუსწორებელი ამბები მოჰყვეს" - საქართველომ დაკარგოს კარგი საავტორო კინო და სფერო მინისტრის გემოვნებას დაექვემდებაროს.

ჩხეიძის თქმით, მოვლენათა ამგვარი განვითარება კულტურის მინისტრის ცვლილებით, შემდეგ კი კინოცენტრის დირექტორად კარლო სიხარულიძის დანიშვნით დაიწყო, ვისაც გაგა ჩხეიძე "არაკომპეტენტურსა და არაპროფესიონალს" უწოდებს.

"თუ დავაკვირდებით იმ განვითარებას, რაც დაიწყო 2 წლის წინ მინისტრის მოსვლით, ყველაფერი ლოგიკურია, იმიტომ რომ, როცა სრულიად არაკომპეტენტური, არაპროფესიონალი ადამიანი ინიშნება  ხელმძღვანელის ადგილზე - მე ვგულისხმობ სიხარულიძის დანიშვნას შარშან - უკვე ამას შეიძლება მოჰყვეს გამოუსწორებელი ამბები და ამის მოწმე ვხდებით, ფაქტობრივად. ასეთი ნაბიჯებით, რომლებიც ახლა იდგმება კინოცენტრში, ჩვენ ალბათ, დავკარგავთ კარგ საავტორო კინოს, დავკარგავთ ექსპერიმენტულ მიმართულებას და ყველაფერი, ალბათ, უფრო კომერციისკენ წავა, წავა, რაღაც, წინასწარ მოფიქრებული ან განსაზღვრული თემებისკენ, რაც მოსწონს და ჯდება მინისტრის გემოვნებაში" - განაცხადა გაგა ჩხეიძემ.

1-ელ ივნისს ცნობილი გახდა, რომ გოეთეს ინსტიტუტმა გაგა ჩხეიძე გოეთეს მედლით დააჯილდოვა. ინსტიტუტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამი იყო ისიც, რომ ის კინოცენტრიდან უკრაინის მხარდაჭერის გამო მოხსნეს.

საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი გაგა ჩხეიძისთვის მედლის გადაცემას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ გადაისინჯება გადაწყვეტილება ჩხეიძის დირექტორობით ჩატარებული კინოფესტივალის დაფინანსების გაგრძელებაზე.

კინოცენტრი ამტკიცებს, რომ ჩხეიძე კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან არა უკრაინის მხარდაჭერის გამო, არამედ კულტურის შიდა აუდიტის დასკვნის გამო გაათავისუფლეს.

გაგა ჩხეიძე კინოცენტრიდან, რომელიც კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაშია, 2022 წლის 14 მარტს გაათავისუფლეს.

კინოცენტრის დირექტორის სამსახურიდან გათავისუფლების ოფიციალური მიზეზი აუდიტის დასკვნა გახდა. როგორც თავად ჩხეიძე აღნიშნავს, მას აღნიშნული დასკვნა არ უნახავს.

ყოფილმა დირექტორი ამბობს, რომ სამსახურიდან გათავისუფლების ერთ-ერთი მიზეზი უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებული პოლიტიკური განცხადებაა.

კინოცენტრის დირექტორის მოადგილემ ნინო კუხალაშვილმა 11 ივნისს განაცხადა, რომ კულტურის სამინისტრომ მისი შტატი გააუქმა და 12 ივლისიდან გათავისუფლებულია თანამდებობიდან.

მისი თქმით, წულუკიანმა რეორგანიზაცია დაიწყო, კინოცენტრის დებულებაში ცვლილებები შეიტანა, ხოლო დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად კობა ხუბუნაია დანიშნა - ის კულტურის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსიცაა.

კობა ხუბუნაიას ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ის 2021 წელს დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე იყო, მანამდე კი იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ აღსრულების ეროვნულ ბიუროში საფინანსო საკითხებში ეკონომიკური სამსახურის მრჩეველი იყო.  

კინოცენტრის დირექტორის ყოფილმა მოადგილემ ნინო კუხალაშვილმა ფორმულასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 9 ივნისს, კინოცენტრის თანამშრომლებს ოფისმენეჯერად პროპაგანდისტული, სახელისუფლებო არხის პოსTV-ის ჟურნალისტის, ბაჩო ოდიშარიას დანიშვნის ბრძანება დაუმალეს.

13 ივნისს თავად ბაჩო ოდიშარიამ განაცხადა, რომ კინოცენტრში კინოწარმოების დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ დაინიშნა. ოდიშარიამ ფორმულასთან ინტერვიუში თქვა, რომ კინოცენტრში "რეორგანიზაციაში ჩაერთვება."


close დახურვა