არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და აღნიშნავენ, რომ დაუშვებელია კულტურული და სახელოვნებო სექტორის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა და მათი დისკრედიტაცია.
განცხადებაზე ხელმომწერი ორგანიზაციები სოლიდარობას უცხადებენ რეჟისორ სალომე ჯაშს, მის კოლეგებსა და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებს.
"შემოქმედებითი გამოხატვის თავისუფლება უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს დემოკრატიული, თავისუფალი და ინკლუზიური საზოგადოების მშენებლობაში. საგანგაშოა ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან კულტურული სექტორის წარმომადგენელთა დისკრედიტაცია და მათი შემოქმედებითი გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა", - აღნიშნავენ NGO-ები.
არასამთავრობო ორგანიზაციები კინოცენტრში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურებიან, ასევე ქართული ოცნების თავმჯდომარის მხრიდან სალომე ჯაშის ფილმის დისკრედიტაციის მცდელობას ეხმაურებიან და აღნიშავენ, რომ ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან მსგავსი რიტორიკა, კულტურის სექტორის შეზღუდვა და მათზე თავდასხმა პირველად არ ხდება.
"ბოლო წლების განმავლობაში, კულტურის სამინისტროს მხრიდან გახშირდა გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი თავდასხმები, "ქართული ფილმის" გამოძიებით დაშინება, სხვადასხვა თანამდებობებზე პოლიტიკასთან აფილირებული პირების დანიშვნა,თანამშრომლების მუდმივი გათავისუფლება პოლიტიკური გემოვნების საფუძველზე, სამხატვრო გალერეაში ჟურნალისტების შეშვებაზე უარის თქმა. გარდა ამისა, არც სალომე ჯაშის დოკუმენტური ფილმის ცენზურის შემთხვევაა პირველი, 2022 წელს, საქართველოს კინოაკადემიის მიერ ფილმის ჩვენება აიკრძალა.
საქართველოს ნაკისრი აქვს არაერთი საერთაშორისო ვალდებულება გამოხატვის თავისუფლების დასაცავად. შემოქმედებითი გამოხატვის თავისუფლება გამოხატვის თავისუფლების ნაწილია, რაც დაცულია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლით. "ხელოვანები დაცულნი უნდა იყვნენ ცენზურისგან და ნებისმიერი ფორმის ზეწოლისა და დაშინებისგან" აღნიშნავს ევროპის საბჭოს მანიფესტი - "ციფრული ეპოქის ხელოვნებისა და კულტურის გამოხატვის თავისუფლების შესახებ".
გამოხატვის თავისუფლებას საქართველოს კონსტიტუცია და "სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ" კანონიც იცავს, რომელიც პროგრესული, საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი სამართლებრივი აქტია, სახელმწიფო ვალდებულია აღასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები და საქართველოს კანონმდებლობა", - აღნიშნულია განცხადებაში.
არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას:
- უზრუნველყოს შემოქმედთათვის უსაფრთხო და ხელშემწყობი გარემო და დაიცვას შემოქმედებითი გამოხატვის თავისუფლება;
- დაუყოვნებლივ შეჩერდეს რეორგანიზაციის პროცესი კინოცენტრში, მანამ, სანამ არ შემუშავდება პროცედურული დოკუმენტი, რომელშიც აქტიურად იქნებიან ჩართული კინოცენტრის თანამშრომლები და სფეროს წარმომადგენლები;
- უზრუნველყოს კინოს სფეროში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისობა შემოქმედებით გამოხატვის თავისუფლების სტანდარტებთან. სფეროს წარმომადგენლებისთვის განსაკუთრებით პრობლემურია კინოცენტრის დირექტორის ერთპიროვნული წესით დანიშვნა. აღნიშნული რეგულაციის პირობებში კი შეუძლებელია უზრუნველყოფილ იქნეს კინოცენტრის დამოუკიდებლობა და მის საქმიანობაში ჩაურევლობის პრინციპი.
- შეწყდეს კონკრეტულ ხელოვანებსა თუ კულტურის სფეროს წარმომადგენლებზე ზეწოლა და მათი დისკრედიტაცია!
ხელმომწერი ორგანიზაციები: თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი; ადამიანის უფლებათა ცენტრი; უფლებები საქართველო; საფარი; წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური სამართლიანობის ცენტრი; მედიის ინსტიტუტი
(სია განახლდება)
***
11 ივნისს კინოცენტრის დირექტორის მოადგილემ ნინო კუხალაშვილმა განაცხადა, რომ კულტურის სამინისტრომ მისი შტატი გააუქმა და 12 ივლისიდან გათავისუფლებულია თანამდებობიდან.
მისი თქმით, წულუკიანმა რეორგანიზაცია დაიწყო, კინოცენტრის დებულებაში ცვლილებები შეიტანა, ხოლო დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად კობა ხუბუნაია დანიშნა - ის კულტურის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსიცაა.
კობა ხუბუნაიას ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ის 2021 წელს დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე იყო, მანამდე კი იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ აღსრულების ეროვნულ ბიუროში საფინანსო საკითხებში ეკონომიკური სამსახურის მრჩეველი იყო.
მოგვიანებით მან ფორმულასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ კინოცენტრის თანამშრომლებს ოფისმენეჯერად პროპაგანდისტული, სახელისუფლებო არხის POSTV-ის ჟურნალისტის, ბაჩო ოდიშარიას დანიშვნის ბრძანება დაუმალეს.
პროპაგანდისტული, სახელისუფლებო არხის POSTV-ის ჟურნალისტი, ბაჩო ოდიშარია, რომელიც მისივე თქმით, კინოცენტრში კინოწარმოების დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ დაინიშნა, ფორმულასთან ამბობს, რომ კინოცენტრში "რეორგანიზაციაში ჩაერთვება."