logo
ENG



"12-დან 3 შესრულდა სრულად" - როგორ აფასებს ევროკომისია 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესს

22 ივნ 202317:36
3 წუთის საკითხავი
 
2023/06/22/zbxxn68ehn9kge1.jpg

ევროკავშირში გაწევრიანების მსურველი ქვეყნების შესახებ ევროკომისიის შუალედური მოხსენების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე  სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ განაცხადა, რომ EU-ის 12 რეკომენდაციიდან საქართველომ სრულად 3 შეასრულა.

ოლივერ ვარჰეის თქმით, სრულად შესრულებული სამი რეკომენდაციაა - გენდერულ თანასწორობასთან, ქალთა ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებული რეკომენდაცია, სახალხო დამცველის დანიშვნა და საქართველოს სასამართლოების მიერ განხილვისას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების პრაქტიკული გათვალისწინება.

ევროკომისარის თქმით, საქართველოს ნაწილობრივი პროგრესი აქვს 7 სფეროში, ესენია: 

  • პოლიტიკური პოლარიზაციის დასრულება
  • სახელმწიფო ინსტიტუტების სრული ფუნქციონირების გარანტია და საარჩევნო ჩარჩოს დამატებით გაუმჯობესება
  • გამჭვირვალე სასამართლო რეფორმის სტრატეგიის მიღება, დანერგვა
  • ანტიკორუფციული სააგენტოს გაძლიერება
  • ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერება
  • მოწყვლადი ჯგუფების ადამიანის უფლებათა დაცვის გაძლიერება
  • გადაწყვეტილების მიღების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის უზრუნველყოფა

ოლივერ ვარჰეიმ პრესკონფერენციაზე დეტალურად განიხილა თითოეულ პუნქტზე მიღწეული პროგრესი და საჭირო ზომები.  

დეპოლარიზაციის შესახებ საუბრისას ოლვერ ვარჰეიმ ქვეყნის მიერ მიღწეული პროგრესის ნაწილად განიხილა პარლამენტარების ნაწილის მხრიდან ბოიკოტის დასრულება და სხვადასხვა პარტიის მხარდაჭერით რამდენიმე კანონის მიღება.

"იმისთვის რომ სრულად შესრულდეს ეს პრიორიტეტი საქართველოს სჭირდება, უზრუნველყოს პარლამენტის ეფექტური ზედამხედველობა და დაასრულოს უხეში რიტორიკის გამოყენება და პატივი სცეს წინა პოლიტიკურ შეთანხმებებს, განსაკუთრებით ევროკავშირის შუამავლობით მიღწეულს, რომელსაც ჰქვია - ევროკავშირის შუამავლობით მიღებული 19 აპრილის შეთანხმება" - განაცხადა ოლივერ ვარჰეიმ. 

ვარჰეის თქმით, საქართველოს დეოლიგარქიზაციის რეკომენდაციაზე შეზღუდული პროგრესი აქვს. 

"დეოლიგარქიზაციის კუთხით საქართველომ მიაღწია შეზღუდულ პროგრესს და ამ კუთხით ვენეციის კომისიამ თავის უახლეს რეკომენდაციაში ხელახლა განაცხადა, რომ კანონპროექტი არ უნდა იქნას მიღებული მისი ახლანდელი ფორმით და ამ კუთხით, მე მივესალმები გუშინ მიღებულ მმართველი პარტიის მიერ გუშინ და გუშინწინ გაკეთებულ განცხადებას, რომ ამ კანონპროექტს არ მიიღებენ. ახლა საქართველო უნდა კონცენტრირდეს იმ კანონის მიღებაზე, რომელშიც გაწერილი იქნება სისტემური მიდგომა ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად, მათ შორის იმ კანონების დანერგვით, რომლებიც შეეხება კონკურენციის პოლიტიკასა და პოლიტიკური პარტიების დაფინანსებას", - განაცხადა ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ.

რაც შეეხება ბოლო, მე-12 პუნქტს, ევროკომისარის თქმით, საქართველოს მედია პლურალიზმისა და მედია მფლობელების წინააღმდეგ სისხლის სამართლის წარმოების პროცედურების სტანდარტების კუთხით პროგრესი არ ჰქონია.

ოლივერ ვარჰეის თქმით, იმისთვის, რომ საქართველომ შეასრულოს ეს რეკომენდაცია მან უნდა შეცვალოს მაუწყებლობის შესახებ კანონი ევროპული საბჭოს კანონის შესაბამისად, ასევე უზრუნველყოს ჟურნალისტების უსაფრთხოება და ჟურნალისტებისა და მედია მფლობელების თავისუფლების დაცვის დონე გაზარდოს.


close დახურვა