logo
ENG



ხაბეიშვილი: სასწრაფოდ და უპირობოდ ჩაიკეტოს საზღვრები რუსეთის მოქალაქეებისთვის

24 ივნ 202314:53
3 წუთის საკითხავი
 
2023/06/24/k68k7or9rrdowth.png

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, რუსეთის მოქალაქეებისთვის საზღვარი სწრაფად და უპირობოდ ჩაკეტოს. მისი თქმით, უშიშროების საბჭოს შეკრებას არ აქვს აზრი, რადგან ეს არა საქართველოს მოქალაქეების ბედზე ზრუნვას, არამედ "პუტინის საამებლად შეკრებას" ნიშნავს.

"ჩვენ მათ არ მოვუწოდებთ არანაირი შეკრებისკენ, არანაირი უშიშროების საბჭო საქართველოში არ არსებობს, არსებობს პუტინის და ივანიშვილის უსაფრთხოების საბჭო და შესაბამისად, მათი რაიმე სახით შეკრება ნიშნავს არა ქვეყნის და საქართველოს მოქალაქეების ბედზე ზრუნვას, არამედ პუტინის საამებლად შეკრებას. რაღა მარგარეტა სიმონიანი და სალავიოვი შეკრებილა და რაღა დღევანდელი უშიშროების საბჭო.

ამიტომ, რამდენიმე უსწრაფესი ნაბიჯია გადასადგმელი, რაც სწრაფად უნდა გააკეთოს რუსულმა ხელისუფლებამ.

პირველი: სასწრაფოდ და უპირობოდ ჩაიკეტოს საზღვრები რუსეთის მოქალაქეებისთვის, სასწრაფოდ და უპირობოდ, იმიტომ, რომ ეს ჩვენი ქვეყნისთვის უსაფრთხოებისთვის არის მნიშვნელოვანი", - თქვა მან.

ხაბეიშვილმა, ასევე, ისაუბრა რუსეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებზე და თქვა, რომ მათი სურვილის არსებობის შემთხვევაში, ქვეყანაში უსაფრთხოდ უნდა დააბრუნონ.

"მეორე მნიშვნელოვანი საკითხი - ახლა აღარ ახსოვს რუს ირაკლი კობახიძეს და რუს ირაკლი ღარიბაშვილს მილიონობით ქართველი ცხოვრობს რუსეთშიო, რომ ამბობდნენ. ასი ათასობით ჩვენი მოქალაქე ნამდვილად ცხოვრობს და ამ ადამიანებს დახმარება სჭირდებათ. თუ მარტო შავი ფული და მოპარვას და პუტინის ინტერესებს რომ სჭირდება, მაშინ გახსენდებათ, რომ რუსეთში საქართველოს მოქალაქეები ცხოვრობენ?

ამასობაში, ამ ჩვენს მოქალაქეებს ამ სამოქალაქო ომის პირობებში, გაუგებრობა და უბედურება რომ ხდება პუტინის რუსეთში, დახმარება სჭირდებათ და უმნიშვნელოვანესია მოხდეს ამ ადამიანებისთვის სრული მომსახურების გაწევას, რაც გულისხმობს მათ ქვეყანაში უსაფრთხოდ დაბრუნებას, მათი სურვილის შემთხვევაში, ცხადია", - აღნიშნა ხაბეიშვილმა.

დღეს პარტია საქართველოსთვის ლიდერმა, გიორგი გახარიამ მთავრობას უსაფრთხოების საბჭოს მოწვევისკენ და რუსეთთან საზღვრების დროებით ჩაკეტვისკენ მოუწოდა. გახარიას თქმით, საფრთხე რეალურია და მშვიდობის შენარჩუნებისთვის დროულად მოქმედებაა საჭირო.

ამას გამოეხმაურა ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე და ინიციატივას "სისულელე" უწოდა. ამასთან, კობახიძე არ თქვა, აპირებს თუ არა მთავრობა რუსეთში განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით უსაფრთხოების საბჭოს მოწვევას და განაცხადა, რომ მიმდინარე მოვლენებს "უნდა დააკვირდნენ".

***

23 ივნისს საღამოს კერძო სამხედრო დაჯგუფება ვაგნერის ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ვაგნერის ბანაკებზე სარაკეტო თავდასხმაში დაადანაშაულა. ბიზნესმენის თქმით, ვაგნერის რიგებში ბევრი მსხვერპლია და საპასუხო ზომებზე გადაწყვეტილებაა მიიღეს.

მან განაცხადა, რომ "ბოროტება შეჩერდება" და ყველა მსურველს გაერთიანებისკენ მოუწოდა. მისივე მტკიცებით, მის განკარგულების ქვეშ 25 ათასი მებრძოლია და ეს არა სამხედრო გადატრიალება, "არამედ სამართლიანობის მარშია". 

ბევრმა მისი განცხადება, სწორედ სამხედრო გადატრიალების მცდელობად აღიქვა, ხოლო რუსეთის ეროვნულმა ანტიტერორისტულმა კომიტეტმა ევგენი პრიგოჟინის განცხადებების შემდეგ შეიარაღებული აჯანყების მოწოდების საქმეზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

პრიგოჟინის სიტყვების დამოუკიდებლად გადამოწმება შეუძლებელია. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბრალდებებს უარყოფს. უსაფრთხოების სამსახურმა შეიარაღებული აჯანყების მოწოდებაზე გამოძიება დაიწყო.

ევგენი პრიგოჟინსა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შორის ღია კონფლიქტი რამდენიმე თვეა გრძელდება. ბახმუტისთვის გამართული ბრძოლების ფონზე, პრიგოჟინმა არაერთხელ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც მკვეთრად აკრიტიკებდა რუსეთის თავდაცვის მინისტრს სერგეი შოიგუს და გენერალური შტაბის უფროსს ვალერი გერასიმოვს.

პრიგოჟინმა ისინი საბრძოლო მასალის ნაკლებობასა და "რუსული მიწის" დათმობაში ადანაშაულებდა.


close დახურვა