logo
ENG



მიშა მშვილდაძეზე თავდასხმის საქმეს სპეციალური საგამოძიებო სამსახური გამოიძიებს

06 ივლ 202314:02
3 წუთის საკითხავი
clock 1533

ფორმულას ერთ-ერთ დამფუძნებელზე მიშა მშვილდაძეზე თავდასხმის საქმეს სპეციალური საგამოძიებო სამსახური გამოიძიებს.

უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ გენერალური პროკურორის დადგენილებით საქმე ამოღებულია შსს-ს წარმოებიდან და მათ გადაეცათ.

"მიხეილ მშვილდაძის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე დაწყებულ სისხლის სამართლის საქმეს, რომელზეც გამოძიება საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს სპეციალური საგამოძიებო სამსახური გამოიძიებს. სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქმეზე ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას ჩაატარებს"- ნათქვამია განცხადებაში.

დღეს, 6 ივლისს მიშა მშვილდაძის ადვოკატმა ედუარდ მარიკაშვილმა საჯაროდ მიმართა მშვილდაძეზე თავდასხმის საქმის გამოძიებაში ჩართულ უწყებებს და დაასახელა ყველა ის აუცილებელი ნაბიჯი, რომელიც დაუყოვნებლივ უნდა გადაიდგას.

ერთ-ერთი მოთხოვნა იყო ის, რომ თავდასხმის საქმე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს გამოეძიებინა. 

ფორმულას ერთ-ერთ დამფუძნებელზე, მიშა მშვილდაძეზე ორგანიზებული თავდასხმის ერთ-ერთი ფიგურანტი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებელი გიორგი მუმლაძეა.

ფორმულამ გაარკვია, რომ მუმლაძე დაბადებულია 1998 წელს, მუშაობდა შსს-ში, რამდენიმე თვეა რაც სუს-ის ქალაქის სამმართველოს გამომძიებლად გადაიყვანა  ლევან ახობაძემ, რომელიც 2022 წლიდან სუს-ის უფროსის მოადგილის თანამდებობას იკავებს.

ფორმულას ერთ-ერთ დამფუძნებელს, მიშა მშვილდაძეს 27 ივნისს უცნობი პირი თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა. შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

28 ივნისს სოციალურ ქსელში მოქალაქე ნიკოლოზ გუგეშაშვილმა დაწერა, რომ გუშინ 27 ივნისს ფორმულას ერთ-ერთ დამფუძნებელს მიშა მშვილდაძეს თავს ის დაესხა.

გუგეშაშვილის თქმით, თავდასხმის მიზეზი ისაა, რომ მშვილდაძე "ეკლესიას მოიხსენიებს კრიმინალად და იძახის, რომ ჯვარი არის ძალადობის სიმბოლო, აგინებს პატრიარქს, ქართველ ერს და იცავს მამათმავლებს"

ამავე დღეს მიშა მშვილდაძეზე თავდასხმის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავეს.

29 ივნისს, კი მიშა მშვილდაძეს მასზე თავდასხმიდან მესამე დღეს დაზარალებულის სტატუსი ოფიციალურად მიენიჭა. 

თავდასხმა მშვილდაძემ დეტალურად გადაცემაში პოლიტმეტრი გაიხსენა. 

ეს შემთხვევა ჰგავს ზურაბ ჯაფარიძეზე თავდასხმას, როცა ასევე სოციალურ ქსელში კონკრეტულმა ადამიანმა, სოსო მაისურაძემ მსგავსი შინაარსის და სტრუქტურის აღიარებითი პოსტი დაწერა და ოპოზიციონერზე თავდასხმა რელიგიისა და პატრიარქის დაცვის მოტივით გაამართლა. 

ზურაბ ჯაფარიძეზე თავდასხმის შესახებ ფორმულას წყარომ მიაწოდა ინფორმაცია, რომ თავდასხმა სუს-ის შიდა ქართლის სამმართველოში დაიგეგმა.

წყაროს ცნობით, სუს-ის მონაწილეობით შექმნილი სცენარის მიხედვით, შეირჩა პარტია გირჩი - მეტი თავისუფლების ლიდერზე თავდამსხმელი, რომელიც მომხდარზე პასუხისმგებლობას აიღებდა.


close დახურვა