რუსთავში მამინაცვლის მამა, რომელსაც 9 წლის ბავშვის ცემას ედავებოდნენ, მოსამართლემ პატიმრობიდან გაათავისუფლა.
კაცის ადვოკატი ფორმულასთან ამბობს, რომ ბავშვმა ცემა არ აღიარა.
"სასამართლომ ყოველგვარი აღკვეთის გარეშე დატოვა იმიტომ, რომ სამართლიანი მოსამართლეა და პროვოკაცია იყო ამ ადამიანის მიმართ მოწყობილი. ეგრევე გამოიკითხა ბავშვი, გამოიკითხა ფსიქოლოგის თანდასწრებით, თავისივე ადვოკატის თანდასწრებით და ბავშვმა ეს ცემა არ აღიარა", - ამბობს ნანა ჯახველიძე.
7 ივლისს რუსთავში 9 წლის ბავშვის ცემის ბრალდებით მამინაცვლის მამა დააკავეს.
5 ივლისს აქტივისტმა რუსკა მჭედლიძემ Facebook-ზე დაწერა, რომ ეზოში კაცმა ბავშვი "წიხლებით სცემა", კაცის ცოლი კი ბიჭს მოკვლით დაემუქრა. აქტივისტის თანახმად, ბავშვმა მეგობრებს დაუბარა, რომ თუ 10 წუთში უკან არ დაბრუნდებოდა, პოლიციაში დაერეკათ - მონათხრობის მიხედვით, ბავშვს პოლიციაში "დააწერინეს, რომ წაიქცა".
"9 წლის ბავშვი ეზოში წიხლებით სცემა მამინაცვლის მამამ ათობით ადამიანის და უამრავი ბავშვის თანდასწრებით, მოძალადის ცოლიც ემუქრებოდა მოკვლით, სახლში ძალით წაიყვანეს, ნაცემმა ბავშვმა თავის მეგობრებს უთხრა, 10 წუთში ეზოში თუ არ ჩამოვედი ესეიგი კიდევ მცემენ და პატრულში დარეკეთო. ერთ-ერთი ჩუმად ავიდა მესამე სართულზე, კარზე ყური მიადო და ტირილის ხმა რომ გაიგო დარეკა პოლიციაში, რუსთავის სამმართველოს პირველ განყოფილებაში ჩვენებაში ბავშვს დააწერინეს, რომ წაიქცა!
დედა, მოძალადე მამამთილს ხელს აფარებს და ბავშვს, ბავშვთა სახლში ჩაბარებით ემუქრება, ბავშვის მამა ციხეში ზის, თურმე მამინაცვალსაც უცემია ბევრჯერ და ბავშვს ეშინია, რომ მოკლავენ თუ რამეს იტყვის. გამანადგურა ამ ამბავმა, მეხვეწებოდა შენთან სახლში წამიყვანეო, ამათთან წასვლა არ მინდაო", - წერდა მჭედლიძე.